გზა მეოთხე ლიგიდან ფინეთის ბომბარდირობამდე - ბევრი გულისტკენისა და შრომით მიღწეული აღიარების ამბავი
ფინეთის ვიცე-ჩემპიონობა, ქვეყნის საუკეთესო თავდამსხმელობა და ფინური ვეიკაუსლიგის საუკეთესო ბომბარდირობა - ასეთია ირაკლი სირბილაძის მონაგარი 2012 წელს.

"ინტერ ტურკუს" 30 წლის ქართველი თავდამსხმელისთვის ეს წელიწადი მართლაც განსაკუთრებული გამოდგა - ფინეთშიც ბევრს მიაღწია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.

ყოველივე ამას კი წინ დიდი შრომა და ბევრი იმედგაცრუება უძღოდა, თუმცა თავისი შრომისმოყვარეობითა და მტკიცე ხასიათით ირაკლიმ ყველა დაბრკოლების გადალახვა შეძლო. დანარჩენს კი მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

- 12 ნოემბერს ფინეთის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოებაა და გალა-წარმოდგენაზე კუთვნილ პრიზს მივიღებ. ეს სათქმელად არის ადვილი, თორემ სანამ აქამდე მოვიდოდი, უამრავი ბარიერი გადავლახე.

ბევრჯერ მქონია ძალიან მძიმე მომენტები, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი შრომითა და მონდომებით დავიმსახურე ყველა უსიამოვნების უკან მოტოვება.

ფინეთში 2009 წელს, აქ მოთამაშე ჩემი მეგობრების დახმარებით ჩამოვედი და თამაში რანგით მეოთხე ლიგაში დავიწყე. არც მენეჯერი მყოლია და არც გავლენიანი დამხმარე.

სწორედ ამიტომ დამჭირდა საკმაო დრო იმისთვის, რომ ფინეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ამდენი წვალება ღმერთმა დამიფასა.

იყვნენ აქ ქართველები, რომლებსაც შეეძლოთ, მეორე ლიგის გუნდში სინჯებზე მივეყვანე, მაგრამ ისინი ზურგს უკან იძახდნენ, ეგ რა ფეხბურთელია, მეორე ლიგაშიც ვერ ითამაშებსო. ხოლო როცა რაღაცას მივაღწიე, აქეთ მიკავშირდებოდნენ და მენეჯერობას მთავაზობდნენ.

სამწუხაროდ, ქართველებისთვის მსგავსი საქციელი დამახასიათებელია.

საბედნიეროდ, იყო ისეთი ხალხიც, ვინც ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. შემთხვევით ვისარგებლებ და ამისთვის დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს ყოფილ მწვრთნელებს - ზაურ სვანაძეს, ნოდარ აკობიას, თემურ ჩხაიძეს, სერგო გაბელაიას, ვაჟა ტოგონიძეს და ფიზმომზადების მწვრთნელ ავთანდილ ბერიძეს.

- ალბათ, ფიქრობ, რომ გასული სეზონი საუკეთესო იყო შენს კარიერაში.

- ნამდვილად ასეა. გული დამწყდა, ფინეთის ჩემპიონი რომ ვერ გავხდი, მაგრამ ინდივიდუალური პრიზების მოპოვებით ძალიან გახარებული ვარ.

საკმაოდ ძლიერი ლიგაა და როცა აქ 17 გოლით საუკეთესო ბომბარდირი ხდები და საუკეთესო თავდამსხმელის პრიზს გაძლევენ, ცოტას არ ნიშნავს. ასე რომ, კარგი სეზონი მქონდა. თუმცა კიდევ უფრო მეტის მიღწევა მინდა. წლოვანებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია, ოპტიმალურ ფორმაში იყო და სხვებს აჯობო.

გასულ სეზონთან ერთად კი ტკბილად მაგონდება თბილისის "ლოკომოტივში" გატარებული პერიოდი, სადაც საქართველოს თასი მოვიგეთ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ შენი სტილის ფორვარდისთვის სწორედ ფინეთის სტილის ჩემპიონატში თამაშია ზედგამოჭრილი...

- ბევრი იმასაც მიიჩნევს, რომ მე ფეხბურთელი საერთოდ არ ვარ (იცინის). ისეთი შეგრძნება მაქვს, იტალიის ჩემპიონატში რომ გავიტანო, ხალხი სერია A-ზეც იტყვის, ეგ რა ლიგააო. სინამდვილეში კი გოლის გატანა ყველგან რთულია.

აქ აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება, თუმცა ბურთიც საკმაოდ კარგად იციან. ფინეთის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა, თუმცა, რასაკვირველია, უკეთესი ლიგებიც არსებობს და არ მინდა, მხოლოდ სკანდინავიაში წარმატებით დავკმაყოფილდე.

მიმაჩნია, რომ ფინეთში უკვე მაქსიმუმს მივაღწიე და თუ საშუალება მომეცა, შევეცდები, უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადავიდე. თუმცა "ინტერთან" ერთწლიანი კონტრაქტი კიდევ მაქვს დარჩენილი.

- უახლოესი გეგმები როგორი გაქვს?

- 12 ნოემბერს დაჯილდოებაა, რის შემდეგაც თბილისში ჩამოვალ და ავთო ბერიძესთან ფიზიკურ კონდიციებზე ვარჯიშს შევუდგები. სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა, ფინეთის ჩემპიონატის მოთხოვნებს რომ ვაკმაყოფილებ. სხვაგვარად იქაურ დატვირთვებს ვერ გავუძლებდი.

- ფინეთში ცხოვრებას როგორ შეეგუე?

- ტურკუ ფინეთის სიდიდით მეორე ქალაქია. ძალიან ლამაზია, ხალხიც მეგობრული და სტუმართმოყვარეა. თანაგუნდელებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველანაირი პირობა მაქვს იმისთვის, რომ ოჯახთან ერთად ტურკუში თავი კომფორტულად ვიგრძნო. ჯერ საკუთარი ოჯახი არ მყავს, მაგრამ უკვე დროა. ოჯახის შექმნას მხოლოდ ქართველ გოგონასთან ვაპირებ.

- "ინტერს" ევროთასებზე წარმატების ამბიცია თუ აქვს?

- მხოლოდ ფინეთის ჩემპიონატში შედეგიანი თამაშით არ ვკმაყოფილდებით და გვინდა, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ვიბრძოლოთ. მიმდინარე ევროთასებს უკვე გამოვეთიშეთ, მაგრამ ურიგოდ ნამდვილად არ გამოვსულვართ, რაზეც თუნდაც ჰოლანდიურ "ტვენტესთან" სტუმრად მიღწეული 1:1-იც მეტყველებს.

- საქართველოს ჩემპიონატისთვის თვალის დევნებას თუ ახერხებ?

- შეძლებისდაგვარად ვახერხებ და მიხარია, რომ რამდენიმე კლუბს ძლიერი პატრონი გამოუჩნდა. ეს, რასაკვირველია, ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ფინური და ქართული სავარჯიშო პირობები და ინფრასტრუქტურა რომ შევადაროთ ერთმანეთს, კატასტროფულ სხვაობას დავინახავთ. სანამ ფეხბურთელს ყოფითი პრობლემები ექნება და არ ივარჯიშებს ხარისხიან მოედანზე, მას მაღალ შედეგს ვერ მოსთხოვ. სასიამოვნოა, რომ ამ მხრივ საქართველოში საქმე ნელი ტემპით, მაგრამ მაინც წინ მიდის.

- შენი მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

- არ არის გამორიცხული, ფინეთში საცხოვრებლად დავრჩე, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა - სამუდამოდ. მინდა, ჩემი ბიზნესი მქონდეს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ფეხბურთში დავრჩე. ალბათ, სამწვრთნელო ლიცენზიასაც ავიღებ, რომელიც შეიძლება, გამომადგეს კიდეც...

- ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გქონდა, თუმცა მოედანზე დიდი დრო არ გაგიტარებია...

- ჩემთვის ნაკრებში გამოძახება ნებისმიერ შემთხვევაში დიდი პატივია. ასეთი შანსი პირველად თემურ ქეცბაიამ მომცა, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.

ეს ჩემთვის უკვე ცალსახად დადებითი მოვლენაა. მწვრთნელის გადასაწყვეტია, რომელ მატჩში რომელი ფეხბურთელები ათამაშოს.

მთავარია, ნაკრებმა შედეგი აჩვენოს და მე ნებისმიერ როლს შევეგუები, რომელსაც მწვრთნელი დამაკისრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა