საქართველოს ნაკრების თითქმის არცერთ ფეხბურთელს, თავის კლუბში იმავე პოზიციაზე არ უთამაშია
გასულ უქმეებზე 9 ქართული გოლი გავიდა, მაგრამ ერთიც არა საუკეთესო საფეხბურთო ლიგებში. ყველაზე მაღალი რეიტინგი, სადაც ჩვენებურებმა თავი გამოიჩინეს, კვიპროსის ჩემპიონატს აქვს. თვალში საცემი კიდევ ერთი მომენტია - თითქმის არც ერთ ჩვენებურს, ვინც ნაკრებში ითამაშა, კლუბშიც იმავე პოზიციაზე არ უთამაშია, ზოგმა მოედნის ცენტრიდან დაცვის ცენტრში გადაინაცვლა, ზოგმა ფლანგზე ან გამთამაშებლად, ზოგმაც კი... სკამზე...

ზურაბ ხიზანიშვილმა შეუცვლელად ითამაშა "რედინგში", რომელმაც შინ "სუონსისთან" 0:1 დათმო. ქართველი სანაკრებო ბატალიების შემდეგ ისევ დაცვის ცენტრს დაუბრუნდა. თამაშის ბოლოს ერთი კარგი შანსი ზურას მოწადინებით შეიქმნა, როცა მან იან ჰარტის კუთხური შორეული ძელიდან საჯარიმოში შემოაბრუნა, საჭირო იყო ფეხის ერთი მოქნევა და ანგარიში გათანაბრდებოდა, მაგრამ მასპინძელთაგან ეს ვერავინ შეძლო. "რედინგი" 16 ქულით მე-10 ადგილზეა ჩემპიონშიპში.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე ეროვნულ გუნდში ბოლო ორ მატჩში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ კლუბში მას კვლავ არ ათამაშებენ. "ჯენოა" "რომას" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. გუნდის სამკაციანი დაცვის ტაქტიკაში ქართველის ადგილი არ გამოიძებნა, ის სათადარიგო იყო. "ჯენოა" 8 ქულით მეათეა სერია ა-ში. ახალ სეზონში კალაძემ 4 სანაკრებო და 1 საკლუბო მატჩში მიიღო მონაწილეობა. ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "სიენას" დღეს უმასპინძლებს.

გერმანიაში ლევან ყენიას "შალკეს" ცუდად მისდის საქმეები, გუნდი 5 ქულით გასავარდნ ზონაშია. კიდევ უფრო ცუდად საქმეები თავად ქართველ ლეგიონერს აქვს, რომელიც კვლავ ვერ ვარჯიშობს. ბოლო ტურში "შალკე" "შტუტგარტს" დაუზავდა - 2:2.

ლევან კობიაშვილის "ჰერტა" 20 ქულით II ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერია, ბერლინელებმა სტუმრად "ფრანკფურტი" დაამარცხეს - 1:0. კობიაშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხიზანიშვილის არ იყოს, მანაც სანაკრებო მატჩისგან განსხვავებულ პოზიციაზე - მარცხენა მცველად. ჩვენებური 98-ჯერ შეეხო ბურთს, 62 პასი გააკეთა, აქედან 53 ზუსტი (85%). "შპორტალმა" 4 ბალი დაუწერა ჩვენებურს.

ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" შინ 0:2 დამარცხდა "ბოხუმთან". ქართველი კაპიტანი 82-ე წუთზე შეცვალეს. იაშვილი 55-ჯერ შეეხო ბურთს, 41 პასიდან 31 ზუსტი გააკეთა (76%), კარში კი სამჯერ დაარტყა. არც მას უთამაშია იმ პოზიციაზე, სადაც ნაკრებში - II ბუნდესლიგაში ის გამთამაშებლის პოზიციაზე იყო. "შპორტალმა" ჩვენებურს 4,5 ბალი დაუწერა. მათე ღვინიანიძე ტრავმირებულია, ამიტომ "მიუნხენის" დაპირისპირება "ობერჰაუზენთან" (0:0) უმისოდ წარიმართა.

მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" "როდას" ესტუმრა და 1:4 შერცხვა. რაც გურამ კაშია ჰოლანდიურ კლუბში თამაშობს, "ვიტესს" გოლი არ ჰქონდა გაშვებული და ერთბაშად 4 გაუშვა. ქართველმა კვლავ დაცვის მარჯვენა ფრთაზე ითამაშა. "ვიტესი" 8 ქულით მე-15 ადგილზეა.

შოთა არველაძის "ქაისერისპორი" აგრძელებს ტრიუმფალურ სვლას, გუნდი 14 ქულით მეორეა ჩემპიონატში. არადა "სივასპორთან" მატჩი მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო, მე-20 წუთზე გოლი გაუშვეს, მაგრამ შემდეგ ოთხჯერ გაუტანეს - 4:1. ალექსანდრე ამისულაშვილმა 90 წუთი ითამაშა. თურქულმა გაზეთმა "ჰაბერალემიმ" ქართველი მცველის გარჯა 7 ბალით შეაფასა. 2:1 ანგარიში ამისულაშვილი თავური პასის შემდეგ გახდა.

რუსეთში მორიგი ტური მოსკოვის "სპარტაკისა" და "ალანიის" მატჩით დაიწყო. როცა ანგარიში 3:0 გახდა მოსკოველთა სასარგებლოდ კარპინმა მოედანზე ჯანო ანანიძეს უხმო (64-ე წთ). "ჩემპიონატმა" 5,5 ბალი დაუწერა ქართველს, რომელსაც რუსულ პრემიერლიგაში სექტემბრის შემდეგ თამაში არ ღირსებია.

შაბათს "რუბინმა" ქართველთა გარეშე სძლია "როსტოვს" - 2:1. თუკი ლაშა სალუქვაძე სათადარიგოთა სკამზე მაინც იჯდა, დავით კვირკველია განაცხადშიც ვერ მოხვდა.

საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა ნუკრი რევიშვილმა ერთბაშად 4 გოლი გაუშვა, "ანჟი" მოსკოვის "დინამოსთან" საგარეო მატჩში განადგურდა - 0:4. რევიშვილმა ძალიან დაბალი შეფასება მიიღო "ჩემპიონატისგან" - 4,5. ოთარ ხიზანეიშვილი და გიორგი ილურიძე "ანჟის" განაცხადში არ ყოფილან.

ლევან გვაზავას "ტერეკი" შინ სეზონში პირველად დამარცხდა, გროზნოში ცსკა-მ 3:0 იმარჯვა. გვაზავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის 73-ე წუთზე შეცვალეს. "ლოკომოტივისა" და ნალჩიკის "სპარტაკის" მატჩში, მასპინძელთა სასტარტოში ვერ ვიხილეთ მალხაზ ასათიანი. სტუმრებში გოგიტა გოგუა განაცხადში არ ყოფილა, ხოლო დავით სირაძემ სასტარტოში დაიწყო, ის 71-ე წუთზე შეცვალეს. "ლოკომოტივმა" 1:0 მოიგო.

უკრაინაში ვასილ გიგიაძის "ტავრია" შინ 2:2 დაუზავდა გიორგი გაბედავას "ილიჩივეცს". აქეთ-იქით ქართველი ფორვარდები სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. განსაკუთრებით დასანანი 21 წლის გაბედავას უთამაშებლობაა, მას ამ სეზონში სულ 12 წუთი აქვს ნათამაშები. სანდრო გურულის "კარპატი" კიევში "დინამოს" ეომა და მინიმალური სხვაობით წააგო - 0:1. ქართველი ნახევარმცველი 50-ე წუთზე შეცვალეს. "კრივბასისა" და ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მატჩში გოლი არ გასულა - 0:0. მასპინძელთა რიგებში 87-ე წუთზე გამოჩნდა ბექა გოცირიძე, ხოლო სტუმრებში 67-ე წუთზე შეცვალეს დიმიტრი ტატანაშვილი. მან ერთხელ დაარტყა მასპინძელთა კარში სახიფათოდ, მაგრამ მცველებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს.

ხუანდე რამოსის "დნიპრო" შინ "ზარიას" დაუზავდა - 1:1. დამაფიქრებელია, რომ ესპანელმა თავკაცმა უჩა ლობჟანიძე პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. მე-18 წუთზე მან უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

საბერძნეთში გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "პანიონიოსი". ქართველმა 90 წუთი ითამაშა (მარჯვენა

მცველის პოზიციაზე). ისრაელში ლადო დვალიშვილს თავი არ გამოუჩენია, "მაქაბიმ" კი სტუმრად 2:1 დაამარცხა "ბნეი სახინი". "მაქაბი" 6 თამაშიდან 14 ქულით მე-2 ადგილზეა.

რუმინეთში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" 1:0 მოუგო სტუმრად "უნირეას". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. უნგრეთში "დიორი ეტო" შინ 0:1 დამარცხდა "ლომბარდ პაპასთან". რატი ალექსიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი განუგრავა 62-ე წუთზე გამოვიდა. ვახტანგ ფანცხავას "ვაშაშმა" 3:0 დაამარცხა "სოლნოკი". ქართველი ფორვარდი 64-ე წუთზე გამოჩნდა, 77-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო.

თუკი შედარებით უკეთეს ლიგებში ქართული გოლი არ გასულა, აზერბაიჯანში ერთბაშად 4 გოლი გაიტანეს ჩვენმა თანამემამულეებმა. თავი ბაჩანა ცხადაძემ, გიორგი ადამიამ, ნუგზარ კვირტიამ და გიორგი ჭედიამ გამოიჩინეს. სომხეთში გოლი გიორგი კრასოვსკიმ გაიტანა. კვიპროსზე გამარჯვებისა შეაგდო ლევან ქებაძემ, ფინურ იკონენლიგაში თავი გიორგი ტუღუშმა გამოიჩინა. მოლდოვაში დავით გამეზარდაშვილმა სულაც დუბლი შეასრულა. უკეთეს ლიგებში ქართველების დიდ ნაწილს სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვთ, "აქ" კი ყოჩაღობენ, ნუთუ ჩვენი დონეც ეს არის?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო