"კოლხეთმაც" და "სამტრედიამაც" დაამტკიცეს, რომ ჯიგრიანი თამაში უფულოდაც შეუძლიათ
შაბათს საამტრედიაში ორი ისეთი კლუბი გაეჯიბრა ერთმანეთს, რომელთაც მძიმე ფინანსური პრობლემები აწუხებთ, თუმცა ამის მიუხედავად, "კოლხეთმაც" და "სამტრედიამაც" დაამტკიცეს, რომ უფულოდაც შეუძლიათ ჯიგრიანი თამაში და ეს მათ მიერ ჩატარებულმა პირველმა წრემაც გამოაჩინა. ამიტომაც იყო, "ეროსი მანჯგალაძეზე" დაძაბულ და საინტერესო თამაშს რომ ელოდნენ. ასეც მოხდა, ელიტლიგაში წელს დაბრუნებულმა გუნდებმა ისეთი თამაში გააჩაღეს, მოწყენის საშუალება ქომაგებისთვის არ მიუციათ. რაც ყველაზე დასაფასებელია, მოედანზე მყოფთაგან ვერც ერთს შეამჩნევდი, მხოლოდ ერთი თვის ხელფასი იმ დღეს რომ დაურიგეს (ეს ფული რომ არა, "კოლხეთი" სამტრედიაში დუბლშემადგენლობით ჩავიდოდა, ძირითადი გუნდის გამგზავრება მხოლოდ 13 საათზე გადაწყდა)...

პირველივე წუთებიდან ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა და მეორე წუთზე ანგარიში უკვე 1:0 იყო. კოლხთა მე-9 ნომერმა მას შემდეგ გაიტანა, რაც საჯარიმოდან ბურთის ამოტანა სამტრედიელმა მცველებმა ზედიზედ ორჯერ ვერ მოახერხეს და საჯარიმოში მყოფმა სიჭინავამ ძაგანიას შორეულ დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა - 1:0.

სამიოდ წუთში უკვე "კოლხეთი" მეკარე შენგელიამ აშკარა გოლისგან იხსნა; მე-13 წუთზე პავლიაშვილმა ჩააწოდა საჯარიმოში და კვერენჩხილაძის თავური ცოტათი ასცდა სტუმართა კარს; ორიოდ წუთში ტყემალაძემ კარგი დრიბლინგი განახორციელა, თუმცა მისი დარტყმული შენგელიას იოლი ნადავლი გახდა.

ამის შემდეგ ხიფათს ძირითადად სტუმრები ქმნიდნენ და შეტევაში უფრო რომ ეაქტიურათ, შესვენებაზე მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით გავიდოდნენ. ისედაც, თითქოს კოლხებს მატჩის მიმდინარეობა ცუდს არაფერს უქადდა, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა დაცვაზე გადაიტანეს ყურადღება. ამის საშუალებას თითქოს მათ ანგარიშიც აძლევდათ, მაგრამ "კოლხეთს" მშვიდად ყოფნის "ფუფუნება" მასპინძლებმა მეორე ტაიმში უკვე აღარ მისცეს. ვითარების შესაბამისად, "სამტრედია" უტევდა, თუმცა "კოლხეთი" მწვავე კონტრშეტევებით ვეღარ გამოირჩეოდა. იყო პერიოდი, როცა ორივე გუნდმა დაკარგა ცენტრი და ყველაფერი რომელიმე მათგანის შეცდომაზე უფრო იყო დამოკიდებული.

ეს შეცდომა კი ფოთელთა დაცვამ დაუშვა, როცა ბაკარანაძემ კვერენჩხილაძეს გადააწოდა, იმერელთა ფორვარდმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი შენგელიას (წინ იყო გამოსული) კარში - 1:1.

ეს 65-ე წუთზე მოხდა, თუმცა მანამდეც შეეძლოთ სამტრედიელებს გატანა - ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ქებაძემ შორიდან გაისროლა და ბურთი; ათ წუთში იმერლებმა 2-ჯერ მოითხოვეს პენალტი, მაგრამ ირაკლი ურუშაძემ მათ მოთხოვნას ყური არ უგდო. აქვე გეტყვით, რომ არბიტრი მანამდეც და შემდეგაც მოექცა ყურადღების ცენტრში - პირველად ეს წინა ტაიმის შუაში მოხდა, როცა სიმულაცია-შედავების გამო ზედიზედ გააფრთხილა კოლხები: ციცხვაია და ჯიქია. ამას სტუმართა მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა - მათ მიაჩნდათ, რომ სიმულაციას ადგილი არ ჰქონია და კოლხთა წინახაზელებს მასპინძლები ორივეჯერ დარღვევით ეთამაშნენ. პირველივე ტაიმში ჯიქია ერთ-ერთ მასპინძელს ეუხეშა, თუმცა არბიტრმა ის აშკარად დაინდო.

გოლიდან სადღაც ხუთ წუთში სამტრედიელები უკვე მესამედ ითხოვდნენ 11-მეტრიანს, როცა შეცვლაზე შესული კაკალაძე ურტყამდა (ისევ ხელით თამაშის დაფიქსირებას ითხოვდნენ), მაგრამ იქვე თორნიკე შალიკაშვილმა კარისკენ ისეთი დაატყა, მატჩის მთავარ ინტრიგად დარჩა - გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი? რაც ჩვენ დავინახეთ, ის იყო, რომ შენგელიას ნახტომმა კოლხებს ვერ უშველა, ხარიხიდან ბურთი კარის ხაზის მიდამოებში სტუმართა მეკარის უკან დაეცა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მეკარე ხაზიდან ცოტათი წინ იყო. ამის მიუხედავად, იმის მტკიცებაც არ შეგვიძლია, რომ ბურთმა კარის ხაზი არ გადაკვეთა. ამას ყველაზე უკეთ ლაინსმენი დაინახავდა, მან კი მასპინძელთათვის არასასურველი გადაწყვეტილება მიიღო და ჩათვალა, რომ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.

ამის შემდეგ გუნდებმა თითოჯერ შეაწუხეს ერთმანეთი, თუმცა მანამდე ისიც იყო, რომ კოლხმა მცველებმა ორი ურთულესი დარტყმა თავის თავზე აიღეს და საკუთარი მეკარე აშკარა ხიფათს ზედიზედ ააცილეს.

ერთი საინტერესო მომენტიც, რომელიც ჩვენთვის და, სხვათა შორის, სტუმრებისთვისაც გაუგებარი გახდა, ისევ მსაჯის გადაწყვეტილება გახლდათ: მე-80 წუთზე ბესიკ შეროზიამ თამაშში, ტრადიციულად, გულუას ჩართვა განიზრახა, თან ამით მცირე დროსაც მოიგებდა. როგორც ხდება ხოლმე, სიჭინავამ გასვლისას არ იჩქარა, მან მსაჯის მოწოდების შემდეგაც არ აუჩქარა და ურუშაძისგან ერთდროულად ყვითელ-წითელი ბარათების "კომპლექტი" მიიღო. არადა, გოლის ავტორი გაფრთხილებული არ ყოფილა. შესაძლოა, წამებში მსაჯის გამოლანძღვაც მოასწრო, თორემ სხვანაირად გაუგებარია, როგორ მიიღო ერთი ყვითელი ბარათის შემდეგ უმალ წითელიც...

ამის კითხვა თავად არბიტრისთვის გვსურდა, მაგრამ ურუშაძე და კომპანია ადგილობრივმა ფანებმა თითქმის 40 წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად, ალყაში (სამსაჯოში) მოაქციეს. ქომაგებმა ორივე შესასვლელიდან სცადეს მათთან შეღწევა, მაგრამ ვერ მოახერხეს და ამაში ლომის წვლილი მასპინძელთა პრეზიდენტ ზაზა ადეიშვილს მიუძღვის - მან ძლივს შეძლო ქომაგების დაშოშმინება მოსალოდნელი დისკვალიფიკაციის საფრთხის შეხსენებით. არადა, სამტრედიელმა ქომაგებმა თამაზ ლაცაბიძის სამტრედიული ცემაც გაიხსენეს და მთელი 40 წუთი იქადნებოდნენ, ამათ ჭკუა უნდა ვასწავლოთო. რამდენიმე ქომაგმა მატჩის დირექტორ ვახტანგ ქორიძესთან შეღწევა მოახერხა და საკმაოდ არაკორექტულადაც ესაუბრა, მაგრამ ბოლოს ბოდიშიც მოუხადეს, ოღონდ, ფედერაციაში დააბარეს - რას გვერჩიან ეს მსაჯები, თუ ჩვენი გაგდება გინდათ, ეგეც გვითხარითო...

ჰო, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ "კოლხეთის" პრეზიდენტ თემურ ბარქაიას შაბათს დაბადების დღე ჰქონდა, რასაც "ლელო" გულწრფელად ულოცავს. ნამატჩევს გვითხრა, მოგება კი მინდოდა, მაგრამ ფრეზეც ყაბულს ვარო. თავის მხრივ კი, იუბილარმა პრეზიდენტმა შაბათსვე თავის ფეხბურთელებს ასე ნანატრი ერთი თვის ხელფასი დაურიგა. ეს ფული რომ არა, "კოლხეთი" სამტრედიაში დუბლშემადგენლობით ჩამოვიდოდა (13 საათზე გადაწყდა ძირითადი გუნდის გამგზავრება) და ზემონახსენები ინტრიგაც აღარ იქნებოდა.

16.10. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 1 500 მაყურებელი

სამტრედია 1

კოლხეთი 1

0:1 სიჭინავა (2), 1:1 კვერენჩხილაძე (65. ბაკარანძის პასით)

სამტრედია კოლხეთი

4-4-2 4-5-1

ძაგანია გ. შენგელია

გოგია ჭითანავა

თ. შალიკაშვილი მახვილაძე

ბაკურაძე ინწკირველი

კუპრეიშვილი გველესიანი

ქებაძე ჯოჯუა

ტყემალაძე სიჭინავა

ჩომახიძე სილაგავა

პავლიაშვილი გვალია

ბაკარანაძე რ. ჯიქია

კვერენჩხილაძე ციცხვაია

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. სანაია ბ. შეროზია

სამტრედია

46. პავლიაშვილი - კაკალაძე

77. კვერენჩხილაძე - კირკიტაძე

80. თ. შალიკაშვილი - კირთაძე

სათადარიგოები: ჯინჭარაძე, ჩხიკვაძე, ფურთუხია, ი. შალიკაშვილი

კოლხეთი

63. სილაგავა - თედიაშვილი

83. ჯიქია - ცხვიტარია

სათადარიგოები: სტურუა, ლემონჯავა, წიქარიშვილი, გულუა, ექონია

გაფრთხილება: ციცხვაია (26), ჯიქია (27), შენგელია (40), ინწკირველი (62), ბაკარანაძე (69), სიჭინავა (80), გვალია (85)

გაძევება: სიჭინავა (80)

არბიტრი: ი. ურუშაძე

თომა ჩალაძე

სამტრედიიდან

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!