საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ტექნიკური დეპარტამენტის მდივანმა ჭიდაობის ფედერაციას მხარდაჭერა აღუთქვა
ამ საახალწლო დღეებში თბილისში სტუმრად იმყოფება ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ერთ-ერთი გავლენიანი და ჩვენთვის არცთუ კარგად გასახსენებელი პიროვნება, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ტექნიკური დეპარტამენტის მდივანი, სომხური წარმოშობის საბერძნეთის მოქალაქე სტეფან კაზარიანი.

ის თბილისში ათენიდან კერძო ვიზიტით, არაოფიციალურად ჩამოვიდა ჩვენი ცნობილი ვეტერანის - მერაბ ღუდუშაურისა და სხვა მეგობრების მოსანახულებლად.

თვითონვე თქვა, დასვენების დღეებს ყველა მისთვის ახლობელ ადამიანებთან ატარებსო, ჩვენებმა კი ისარგებლეს შემთხვევით და რადგან წლეულს მარტში ევროპის ჩემპიონატსაც ვმასპინძლობთ, ეს სტუმრობა იმ ტურნირს დაუკავშირეს. 4 იანვარს ამ საკითხზე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა.

შეხვედრა ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ გახსნა, რომელმაც დამსწრეთ ახალი წელი და პატრიარქის დაბადების დღე მიულოცა.

საახალწლო თუ პატრიარქისადმი მილოცვას მოგვიანებით სტუმარიც შეუერთდა, რომელმაც კათოლიკოსთან დაკავშირებით საინტერესო ფრაზაც განაცხადა - ის ჩვენი პატრიარქიცაა, რადგან საერთო სახელმწიფო გვაქვსო!

კაზარიანმა ლამის ყველა ახლობელი გაიხსენა და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა აქაურ მეგობრებზე, ქართულ საჭიდაო სკოლაზე, მის მიღწევებზე, თბილისის საერთაშირისო ტურნირზე და მერე ერთგვარი სინანულითაც აღნიშნა შედეგების გაუარესების შესახებ.

არადა, კაცმა რომ თქვას, ჩვენი ბევრი მოჭიდავის წაგება პირადად მის სახელს უკავშირდება. თუმცა კურტანიძემ სტუმარი მოიხსენია, როგორც დიდი გავლენის კაცი FILA-ში, რომელსაც ბევრის გაკეთება შეუძლია და მისი სტუმრობა ზემდგომებთან კარგი ურთიერთობების დამყარების ერთ-ერთ გზად მიიჩნია.

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით განმარტება კურტანიძემ გააკეთა, რომელმაც გაგვაცნო შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში ფედერაციისა და სამინისტროს მონაწილეობით გამართული შეხვედრა, სადაც მთავრობამ მოისმინა მზადების შესახებ ანგარიში და იმსჯელა ამ საპასუხისმგებლო შეჯიბრების ღირსეულად ჩატარების შესახებ.

ითქვა, რომ საამისოდ სამთავრობო კომისია იქმნება, ხოლო ეს საკითხი მთავრობის ზრუნვის საგანია. ეგზომ მაღალი რანგის შეჯიბრების მასპინძლობაში ფედერაციასთან და სპორტის სამინისტროსთან ერთად კულტურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებიც იქნებიან ჩართული.

კაზარიანმა ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას არჩევა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, მერე კი მასპინძლებს ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ზოგადი მითითებები მისცა გახსნა-დახურვისა თუ დაჯილდოების ცერემონიალების თაობაზე და მათ FILA-ს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა მათი დიდი გამოცდილებით.

კურტანიძემ აღნიშნა, რომ ასეთი რანგის შეჯიბრება ქვეყნის პრესტიჟია და მის ჩასატარებლად ყველამ უნდა იზრუნოს, თავად კი მზადყოფნა გამოთქვა იმ გუნდთან ერთად საქმიანობისა, რომელიც ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატისა თუ ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპირველობის ორგანიზებაზე მუშაობდა.

ძიუდოისტთა თუ ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპირველობების ჩატარებისას ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად უმაღლესი რანგის სასტუმროების დეფიციტი იქცა, სადაც უნდა განთავსდნენ ოფიციალური პირები - FILA-ს დიდმოხელეები, ტურნირის დელეგატები, სტუმრად ჩამოსული სხვა ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელები, ყველასგან განცალკევებით, იზოლირებულად უნდა იცხოვრონ მსაჯებმა, ასევე ცალკე უნდა დაბინავდნენ სპორტული გუნდები... თან აქ ერთბაშად სამი ტურნირი ტარდება პარალელურად - "თავისუფალ" და ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავე ვაჟებისა და ქალებისა, ეს კი სხვა სახეობებთან, თუნდაც იმავე ძიუდოსთან შედარებით მონაწილეთა რაოდენობას ზრდის.

ძიუდოს ევროპირველობისას დაბინავების პრობლემა როგორღაც გადაიჭრა, მოჭიდავეთა ნაწილი კი დუშეთში გადაისროლეს. წესით, ამ სიშორეზე მონაწილეთა განთავსება დაუშვებელია, მაგრამ FILA-ს როგორღაც თვალი დაახუჭინეს.

მაშინ მთავარ პრობლემას უმაღლესი რანგის სასტუმროთა ნაკლებობა ქმნიდა, თორემ ფალავნების დაბინავება შედარებით დაბალი რანგისებშიც შეიძლება. კურტანიძის თქმით, ამჟამად ეს პრობლემა არ იქნება, რადგან ოფიციალური სტუმრების სავარაუდო რაოდენობას "ჰოლიდაინი ინ" და "რედისონი" დააკმაყოფილებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია