იტალიელი ჟურნალისტის თქმით, "კანტუ" სანიკიძემ დაანგრია
იტალიის ჩემპიონატის პირველი ტური ქართველი კალათბურთელებისთვის მეტად საინტერესო და დრამატული გამოდგა. სერია A-ს გახსნის მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს ვიქტორ სანიკიძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა. წინასწარ გეტყვით: ჩვენი მოლოდინი გამართლდა - ორივე გუნდს ჩვენიანი გაუძღვა. რომ არა ბოლო პერიოდის დასაწყისში მანუჩარის დასასვენებლად მოედნიდან გასვლა, შეიძლება "კანტუს" თამაში არც წაეგო... რომ არა ვიქტორის აფეთქება, "ვირტუსი" ნამდვილად ვერ გაიმარჯვებდა.

ზოგადიდან კონკრეტულზე გადავიდეთ. მართალია, კვანძი მეოთხე პერიოდში გაიხსნა, მაგრამ ორიოდე სიტყვით წინა სამ მეოთხედსაც უნდა შევეხოთ. ერთ-ერთ იტალიურ საიტზე ეწერა - "ვირტუსმა" მწვრთნელ, ლარდო ლინოს ხრიკებით მოიგოო. აი, რას გულისხმობდა ავტორი: ბატონმა ლარდომ პირველ ტაიმში სანიკიძე და პეტრი კოპონენი ზედმეტად არ დატვირთა, რადგან იცოდა, რომ ვირტუსელთაგან მატჩის ბედის გადაწყვეტა ყველაზე უკეთ სწორედ მათ შეეძლოთ. მართლაც, ქართველიცა და ფინელიც ბოლო წუთებს ენერგიით სავსენი შეხვდნენ. თავის მხრივ, იგივეს ფიქრობდა "კანტუს" თავკაცი ანდრეა ტრინჩიერი მარკოიშვილთან მიმართებაში. მას კარგად ახსოვდა, რომ შარშან მეოთხედფინალიდან "ვირტუსი" სწორედ მანუმ გამოაგდებინა. ასე და ამგვარად, მატჩის პირველ წუთებს ორივე ქართველმა სათადარიგოთა სკამიდან მიადევნა თვალი. ვიქტორი მოედანზე მე-7 წუთზე შევიდა, მანუჩარი - მეექვსეზე. პირველი ქართული ქულა მე-15 წუთზე გაფორმდა - მანუჩარმა ორქულიანი გამოიყენა. მან პირველი ტაიმი 4 ქულით დაასრულა.

25-ე წუთამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. მესამე პერიოდში, როცა მარკოიშვილი მოედანზე დაბრუნდა, ტაბლოზე მისი გუნდის სასარგებლოდ 35:34 ეწერა. ქართველმა უკანახაზელმა მისიანების თამაშშიახალი ენერგია შეიტანა და "კანტუ" 19:2 გაიქცა (54:38). ამ სპურტისას მანუჩარმა 6 ქულა ჩააგდო, ხოლო "ვირტუსის" ორად-ორი ქულა სანიკიძის ორი ჯარიმის შედეგი იყო. მესამე პარიოდის ბოლო წამებზე ვირტუსელმა პოეტამ ერთი საჯარიმო გამოიყენა და მასპინძლები მეოთხე პერიოდს 15-ქულიანი ჩამორჩენით შეხვდნენ.

ბოლო რაუნდის მესამე წუთისთვის ტრინჩიერიმ მანუჩარის დასვენება გადაწყვიტა და სათადარიგოთა შორის დააბრუნა. 35 წუთისთვის "კანტუ" 9 ქულის სხვაობით იგებდა, როცა სანიკიძემ ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ სამიანი და ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა - 51:55. მისმა თამაშმა მასპინძლებს გამარჯვების იმედი დაუბრუნა, ხოლო "კანტუს" მწვრთნელი იძულებული გახდა, მოედანზე მარკოიშვილი გაეყვანა. სირენამდე 3 წუთით ადრე კემპმა ანგარიში გაათანაბრა - 57:57. ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაჩაღდა... ერთი მხრიდან ვიქტორი აგდებდა, მეორე მხრიდან - მარკოიშვილი. საინტერესო სანახავია ბოლო წამების ქრონოლოგია:

37-ე წუთი

სანიკიძე 2ქ (59:59)

38-ე წუთი

გრინი 1+1 (59:61)

ამოროსო 2ქ (61:61, პასი სანიკიძე)

მარკოიშვილი 1ქ (61:62)

გრინი 1+1 (61:64)

39-ე წუთი

სანიკიძე შეტევითი მოხსნა

სანიკიძე 1+1 (63:64)

მარკოიშვილი 2ქ (63:66)

წუთშესვენება (ბოლონია)

პოეტა 1+1 (65:66)

სანიკიძე დაცვითი მოხსნა

სანიკიძე შეტევითი მოხსნა

კოპონენი 3 ქ (68:66)

საინტერესო დეტალი: კოპონენს სამქულიანი რომ არ ჩაეგდო, გამარჯვება "კანტუს" დარჩებოდა და მატჩის გმირი 66-ე ქულის ჩამგდები მარკოიშვილი გახდებოდა. კოპონენის სამიანმა კი შეხვედრის საუკეთესოდ ვიქტორის აღიარება გამოიწვია, პეტრის სწორედ სანიკიძის შეტევითი მოხსნის წყალობით მიეცა შორეული ტყორცნის საშუალება.

იტალიურ მიმოხილვებში ხაზგასმულია არა ვიქტორის საბოლოო მონაგარი, არამედ მისი მეოთხე პერიოდის სტატისტიკა: 9 ქულა (ასპროცენტიანი სიზუსტე), 7 მოხსნა. ჩვენ სანიკიძის სრულ მონაგარს შემოგთავაზებთ - 22 წუთი, 11 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 9 მოხსნა, 1 პასი.

ახლა მარკოიშვილის მონაგარს გავეცნოთ: 24 წუთი, 13 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 პასი.

გამოცემა "ბასკეტნეტში" მატჩის მონაწილე ყველა კალათბურთელია შეფასებული. სანიკიძეს 7 ბალი უწერია (მის თანაგუნდელ კემპს 7.5): "მეოთხე პერიოდში ლარდო ლინომ ჯარედ ჰოუმანს ვიქტორ სანიკიძე ამჯობინა. შესაბამისად, "ვირტუსი" უფრო მობილური გახდა. სანიკიძის კარგი თამაში მასპინძელთა გამარჯვებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა."

იმავე საიტზე მანუჩარის გარჯა 6.5 ბალითაა შეფასებული: "მარკოიშვილი გადამწყვეტ მომენტში თანაგუნდელებს კარგად დაეხმარა, ბევრი იშრომა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში..."

გაზეთ "ოლრაუნდის" ჟურნალისტ ანდრეა ჩეზარის მატჩის საუკეთესო კალათბურთელის გამორჩევა გაუჭირდა, თუმცა არჩევანი ვიქტორ სანიკიძეზე შეაჩერა: "ბოლონიელებს კემპი და პოეტა რომ არ ჰყოლოდათ, პირველივე ტაიმში წააგებდნენ, თუმცა საუკეთესო უდავოდ სანიკიძე იყო, რომელმაც მეოთხე ტაიმში "კანტუ" დაანგრია: 9 ქულა, 7 მოხსნა (რომელთაგან 4 შეტევითი იყო) მოაგროვა, გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ფარიდან ბურთი სწორედ სანიკიძემ მოხსნა და კოპონენს გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდებინა."

იტალიის მეორე ლიგაში ნიკა მეტრეველის "რიმინიმ" სტუმრად "ფორლი" დაამარცხა - 65:53.

ქართველმა ახალგაზრდამ 15 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს