9 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ "ივენთ ჰოლში" 2012 წლის შედეგები შეაჯამა და საუკეთესონი დაასახელა
9 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ "ივენთ ჰოლში" 2012 წლის შედეგები შეაჯამა და საუკეთესონი დაასახელა.

წარმოდგენილი იყო ხუთი ნომინაცია - საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, გუნდი, ფედერაცია, მწვრთნელი და შარშანდელი სეზონის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი.

ბოლოდან დავიწყებთ და თავშივე გეტყვით, რომ 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი დაასახელეს, მისი პირადი მწვრთნელი ნიკოლოზ ბიბილაშვილი კი საუკეთესო დამრიგებლად აღიარეს.

ფედერაციებს შორის რაგბი გამოარჩიეს, გუნდებს შორის კი ასეთივე პატივი 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ერგო.

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად სამბოში 20-წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ამირან იანვარაშვილი დაასახელეს.

ცერემონიალზე შესავალი სიტყვით სამინისტრო წარსდგა, რომლის სახელითაც გასული სეზონი მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ მიმოიხილა.

"ვსარგებლობ შემთხვევით და შარშანდელი სეზონის წარმატებულ სპორტსმენებს ვულოცავ მიღწევებს.

აგრეთვე, დიდი მადლობა მათ მწვრთნელებს და აღვნიშნავ ფედერაციების მეტ-ნაკლებად გამართულ მუშაობას, რამაც განაპირობა მიღწევებიც და წარუმატებლობებიც.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საქართველოში ჩატარდა მთელი რიგი საერთაშორისო შეჯიბრებები, რაც საამაყოა ქვეყნისთვის და ეს სამომავლოდაც პრიორიტეტი იქნება.

ამით სპორტში ჩაბმის პროპაგანდას გავუწევთ ჩვენს ახალგაზრდებს, საამისოდ მეტ მოტივაციას გავუჩენთ მათ. ქვეყნისთვის პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებათა შორის დავასახელებ ჭადრაკში გამართულ ქალთა ძლიერ ტურნირს, აგრეთვე - ბლიცსა და სწრაფ ჭადრაკში.

საქართველოში გაჩნდა პლაჟის ხელბურთი და ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატსაც ვუმასპინძლეთ. გაიმართა წყალბურთელთა საერთაშორისო შეჯიბრება და სხვა" - აღნიშნა თევზაძემ და ისიც დაამატა, რომ არ ეხება ოლიმპიადას, რადგან ეს ყველამ ისედაც იცის; თუმცა იქვე დაამატა, რომ მედალოსნებს ულოცავს იქ მიღწეულ შედეგებს.

სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შარშან გარდაცვლილ სპორტსმენთა ხსოვნას, თუმცა ვინმე არ გამოგვრჩესო და საერთო სახელით სამი გარდაცვლილი ლეგენდა დაასახელეს:

"ოქროს თაობის" ფეხბურთელი რამაზ შენგელია, ოლიმპიური ჩემპიონი ფარიკაობაში ვლადიმერ აფციაური და ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში არჩილ ჩოხელი.

ამის შემდეგ დაიწყო ცალკეული ნომინაციების დასახელება. საუკეთესო ახალგაზრდის ტიტულის მოპოვებაში იანვარაშვილს კონკურენციას 20 წლამდე ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონი ლევან მატიაშვილი და NBA-ს კლუბ "ბრუკლინის" წევრი თორნიკე შენგელია უწევდნენ.

იანვარაშვილს სპორტული რადიო "ჯაკოს" სახელით ცნობილი კომენტატორის - კოტე მახარაძის სახელობის პრიზი ჯამლეტ ხუხაშვილმა გადასცა და იხუმრა, იანვარაშვილს იანვარში ვაჯილდოვებთო.

მისი თქმით, კონკრეტულად ამ ნომინაციას იმიტომ აჯილდოვებენ ამ თასით, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, ვინ იყო კოტე მახარაძე.

გუნდის ნომინაციაში, 17 წლამდე ფეხბურთელებთან ერთად, კალათბურთელთა და მორაგბეთა ეროვნული ნაკრებებიც იყვნენ წარდგენილნი, გამარჯვება კი ფეხურთელებს ერგოთ.

აქვე კიდევ ერთხელ გავიხსენოთ იმ დაუვიწყარი თამაშების შემოქმედნი, რომლებიც 9 იანვარს სრული შემადგენლობით ავიდნენ სცენაზე: ალექსანდრე ძაძამია, ნიკა შერმადინი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ნიკა ჭანტურია (კაპიტანი), გიგა სამხარაძე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი გოროზია, გიორგი პაპუნაშვილი, ივანე წილოსანი, ნიკოლოზ ახვლედიანი, დავით დარციმელია, მათე ცინცაძე, დავით ჯიქია, ალექსანდრე მზევაშვილი, გიორგი გაბაძე და არჩილ მესხი.

მწვრთნელთა ნომინაციაში ლაურეატთა სამეულში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აწ უკვე ექსთავკაცი ზაზა თურმანიძე და 17 წლამდე ფეხბურთელთა დამრიგებელი ვასილ მაისურაძე შედიოდნენ, ხოლო ფედერაციებს შორის მორაგბეებს კონკურენციას კალათბურთელები და ფეხბურთელები უწევდნენ.

ყოველი ნომინაციის დაჯილდოებას თან კინოეკრანზე მათი სპორტული პაექრობების ამსახველი სლაიდები ერთვოდა, რომელთა მეშვეობითაც ქომაგთ კიდევ ერთხელ ისიამოვნეს შარშანდელი სპორტული სეზონის საუკეთესო კადრებით.

ბოლო ნომინაციის, ანუ წლის საუკეთესო სპორტსმენის დასახელების პატივი წილად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს ხვდა წილად, რომელმაც ამ საპატიო მისიის შესრულებამდე საზოგადოებას ჯერ მრჩეველთა საბჭო წარუდგინა, რომელშიც ქართული სპორტის თანავარსკვლავედი შედის: ნონა გაფრინდაშვილი, ვიქტორ სანეევი, ლევან თედიაშვილი, რომან რურუა, მზია ჯუღელი, ქეთევან ლოსაბერიძე, გურამ მინაშვილი, ვლადიმერ ბარქაია, თემურ ბენდიაშვილი, ჯემალ ცერცვაძე, გურამ საღარაძე, როსტომ აბაშიძე, გურამ პაპიტაშვილი, ჯუმბერ ლეჟავა, ჯანო ბაგრატიონი და ალექსანდრე მეტრეველი.

ყიფიანმა დამსწრეთ ორი სასიამოვნო ამბავიც ამცნო - წლეულს ქართული სპორტი აუცილებლად დაიბრუნებს სპორტის აკადემიას, ოღონდ უკვე სპორტის უნივერსიტეტის სახელით; ხოლო გაზაფხულზე, მარტ-აპრილში, სანეევი პრაქტიკულადაც დაეხმარება ქართულ სპორტს.

თურმე მას ამ დღეებში ისევ შეეხმიანნენ და ისიც სიხარულით დათანხმდა თანამშრომლობაზე, ხოლო სპორტის უნივერსიტეტის აღდგენაზე უკვე მთავრობაც თანახმაა და კონკრეტული ნაბიჯებიც იდგმება - მიმდინარეობს პარამეტრების შეჯერება. ორივე ინფორმაციას დარბაზი ტაშით შეხვდა.

დასასრულს, ვიდრე ლაშა შავდათუაშვილი ლევან ყიფიანთან ერთად ტორტს გაჭრიდა, მედიისთვისაც მოიცალა და შემდეგი გვითხრა:

"სასიხარულოა, როცა ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად გასახელებენ და რჩეულთა შორის გამოგარჩევენ. ამასთან, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ისევ ვაგრძელებ სპორტს და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემს ქვეყანას კიდევ არაერთი წარმატება მოვუტანო, კიდევ არაერთხელ გავახარო ქომაგი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

palavani
მოჭიდავეებს არაფერი გაგვიკეთებია???
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" გალიდერების შანსი დაკარგა
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს