არტემიო ფრანკი ობსტრუქციის მოლოდინში
სერია A-ს მიმდინარე სეზონის დაწყებიდან უკვე შვიდი ტურია გასული, ფლორენციის "ფიორენტინას" კი მხოლოდ ხუთი ქულა აქვს. "ვიოლა" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ტოსკანური კლუბის მესვეურებს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდად არ უაქტიურიათ, თანაც ტრავმის გამო სტევან იოვეტიჩის სახით, შეტევის ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდათ - გამომდინარე აქედან, სავარაუდოც იყო, რომ "ფიორენტინას" გაუჭირდებოდა, მაგრამ ასეთი კატასტროფული სტარტი მაინც ძნელად წარმოსადგენი გახლდათ. აი რას წერს "კორიერე დელო სპორტი":

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ იგრძნობა პოტენციალი - გუნდს თითქოს არ შესწევს იმის ძალა, რომ შეტევაში უფრო კრეატიული იყოს, დაცვაში კი სტაბილური. კლუბის მესვეურებმა ზაფხულში იპასიურეს, რაც ძვირად უჯდებათ და დღევანდელი გადასახედიდან, ძნელი სათქმელია, როგორ უნდა გამოსწორდეს ასეთი მძიმე მდგომარეობა. ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ქულების ასაღებად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ასეთი თამაშით არაფერი გამოვა. ალბერტო ჯილარდინო საშინელ მდგომარეობაშია - ის ერთადერთი ფორვარდია სერია A-ში, ვისთანაც ბურთი უბრალოდ არ მიდის".

მთავარი სასაუბრო თემა მაინც სინიშა მიხაილოვიჩი და მისი ფლორენციული მომავალია. ჟურნალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოსავალი მის გათავისუფლებაში და ახალი მწვრთნელის მოყვანაშია - ამ მოსაზრებას არ იზიარებს კლუბის სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო:

"არა მგონია, რომ მთავარი პრობლემა მწვრთნელში იყოს, რადგან არ შეიძლება რომ გუნდი ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანის გამო აგებდეს. ვერც იმას ვიტყვი, რომ შემადგენლობა არ გვყავს - შესაძლოა გრანდებთან ვერ მივდივართ, მაგრამ არც ისეთი ცუდი კონტიგენტი გვყავს, რომ ბოლო ადგილზე ვიყოთ. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემებია, რასაც გადაჭრა სჭირდება. ეს გარკვეულწილად მწვრთნელის მოვალეობაც არის, მაგრამ მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელებმა უნდა იპოვნონ ძალა და ეს ურთულესი პერიოდი დაძლიონ".

მართალია, კორვინო მიხაილოვიჩის პასუხისმგებლობაზე მოზომილად საუბრობს, მაგრამ თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ სერბ სპეციალისტს კიდევ ერთ შანსს მისცემენ და თუ ისიც ვერ გამოიყენა, გაათავისუფლებენ კიდეც. მომდევნო ტურში "ვიოლა" "ბარის" მიიღებს და ვნახოთ, რა მოხდება ამ მართლაც საინტერესო პაექრობაში. თავად სინიშა კი იხტიბარს არ იტეხს:

"რა თქმა უნდა, იოლია ყველაფერი ერთ ადამიანს დააბრალო და ჯოხი მასზე გადატეხო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ასე არ ხდება, რაც მახარებს. კლუბის მესვეურები ნდობას მიცხადებენ და იმედია, ამ რთული ვითარებიდან გამოვძვრებით. თუმცა, თუ პოსტის დატოვება მომიწევს, ამისგან ტრაგედიას არ შევქმნი და ბოლომდე "ფიორენტინას" გულშემატკივარი დავრჩები. რატომ ვერ ვთამაშობთ? - კარგი კითხვაა, რომელზეც ცალსახა პასუხის გაცემა წარმოუდგენელია. რგოლებს შორის კავშირი არის და თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად ინდომებს, მაგრამ გოლები მაინც ჩვენს კარში გადის. იღბალიც უნდა ვახსენოთ, რომელმაც არა და არ გაგვიღიმა. ხუთი ქულა ძალიან ცოტაა, მესმის და ვითარება აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ".

მიხაილოვიჩს ბოლო შანსზე და "ბარისთან" პაექრობაზე დაეკითხნენ: "პირადად ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მომდევნმო ტურში ბოლო შანსი მეძლევა. თუმცა, ეს ფეხბურთია და როდესაც შედეგები არ გაქვს, ყველაფრის მოლოდინში უნდა იყო. ამიტომ, ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. საწვრთნელ პროცესზე ვარ კონცენტრირებული და დიდი იმედი მაქვს, რომ "ბარისთან" სამ ქულას ჩავიწერთ აქტივში".

იმედიან კომენტარებს აკეთებენ ფეხბურთელებიც, თუმცა გულშემატკივრებს მათი სულ უფრო და უფრო ნაკლებად სჯერათ. საერთოდ, ფლორენციელი ტიფოზები არ გამოირჩევიან აგრესიულობით, მაგრამ ამბობენ, რომ თუ "ვიოლას" "ბარისთანაც" ხელი მოეცარა, "არტემიო ფრანკის" მრავლისმნახველი სტადიონი ობსტრუქციის მომსწრე გახდება. დიახ, სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ "ვიოლას" ტიფოზებს მოთმინების ფიალა აევსოთ და კიდევ ერთ მარცხს სტადიონსა თუ ფლორენციის ქუჩებში შეიძლება მასობრივი არეულობა მოჰყვეს. მოკლედ, წინ საინტერესო მატჩი გველის, რომელიც შესაძლოა მიხაილოვიჩისთვის ბოლო აღმოჩნდეს "ფიორენტინას" სათავეში.

და რადგან საქმე ასე სერიოზულად არის, ბუნებრივია, პრესაში სინიშას შესაძლო შემცვლელებზეც მსჯელობენ. გუშინაც გაცნობეთ, რომ "გაძეტას" ვერსიით, სერბის მემკვიდრე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი დუნგა იქნება. ამბობენ, კორვინო უკვე შეხვდა სამხრეთამერიკელს და გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიესო. მართალია, დუნგა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელსაც იტალიურ პრესაში მიხაილოვიჩის შემცვლელად განიხილავენ, ლეონარდოა. "მილანის" ექს-თავკაცი უსაქმოდ გახლავთ და თუ შეთავაზება ექნება, წესით დიდი სიამოვნებით უნდა დათანხმდეს. მისი კომენტარი სწორედ ამაზე მეტყველებს:

"ჯერჯერობით, არავითარი შეთავაზება არ მიმიღია და ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან "ფიორენტინას" ჰყავს მთავარი მწვრთნელი, რომელიც მუშაობას აგრძელებს. მიხაილოვიჩს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ შესანიშნავი სპეციალისტია. ისე კი, ფეხბურთში დაბრუნების დიდი სურვილი მაქვს და ადრე თუ გვიან, ამას აუცილებლად გავაკეთებ. "ფიორენტინა"? - ეს გუნდი ყოველთვის მესიმპათიურებოდა თავისი ბრწყინვალე გულშემატკივრებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა