"დორტმუნდის" თავკაცი მეორე წრის დაწყებას მოუთმენლად ელის

გერმანიის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრე მესამე ადგილზე დაამთავრა და ლიდერ "ბაიერნს" 12 ქულით ჩამორჩა.

ვერ ვიტყვით, რომ დორტმუნდელებმა შარშანდელთან შედარებით რეგრესი განიცადეს - უბრალოდ, მოწოდების სიმაღლეზე ძველებურად ვეღარ იდგნენ და თანაც, ახლა "ბაიერნი" თამაშობს გამაოგნებლად კარგად. თუმცა, "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა და ექსპერტების საკმაოდ დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის მოგება შეუძლია - "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა შორის თვით სერ ალექს ფერგიუსონმა და ჟოზე მოურინიომაც კი დაასახელეს.

დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი, რომელიც "კიკერმა" გერმანული ფეხბურთის 2012 წლის პერსონად აღიარა, მეორე წრის დაწყებას მოუთმენლად ელის. გთავაზობთ ინტერვიუს 45 წლის სპეციალისტთან, რომელზეც უკვე "რეალის" ფანებიც ოცნებობენ და რომელიც გუშინ გაზეთმა "ბილდმა" გამოაქვეყნა.

- ჰერ კლოპ, რატომ ჩაიქნიეთ ხელი გერმანიის ჩემპიონობაზე?

- რომ მეთქვა, 12-ქულიანი ისე ჟღერს, თითქოს ძალიან ბევრია, მაგრამ სინამდვილეში არცისე ბევრია-მეთქი, დარწმუნებული ვარ, მკითხავდით, ხომ არ გააფრინეთო და მართალიც იქნებოდით. პირველი წრის შემდეგ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ცხადია, სეზონის მეორე ნახევარში "ბაიერნისთვის" გაჩემპიონებაში ხელის შეშლა მხოლოდ თვითონ "ბაიერნს" შეუძლია. მე კი არა მგონია, რომ ეს "მოახერხონ".

- რატომ გამორიცხავთ იმას, რომ "ბაიერნს" მეორე წრეში კრიზისი დაეწყოს?

- იმიტომ, რომ მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას, დაძაბულია, კონცენტრირებული და საქმეს არ უჩანს ისეთი პირი, რომ მიუნხენელები მოდუნდებიან. სხვათა შორის, მათი ასეთი მონდომება და კონცენტრაცია სწორედ ჩვენი დამსახურებაა. დორტმუნდის "ბორუსიამ" ორი სეზონი ისე ჩაატარა, რომ "ბაიერნი" აიძულა, ახალ სიმაღლეზე ასულიყო. ვფიქრობ, ბავარიელებმა ამისათვის მადლობა უნდა გადავიხადონ.

- მაგრამ თუ მაინც ისე მოხდა, რომ რეკორდმაისტერს კრიზისი დაეწყო, "დორტმუნდი" რეკორდმაისტერის უმთავრესი კონკურენტი იქნება?

- ჩვენ უდიდესი ამბიციები გვაქვს და გვინდა, რომ მეორე წრეში მაქსიმალურად ბევრი ქულა ავიღოთ, მაგრამ ფაქტია, "ბაიერნს" 12 ქულით ჩამოვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენელთა მდევრები კი არა, დამკვირვებლები უფრო ვართ.

- პირველი წრის ყველაზე სენსაციური გუნდი ფრანკფურტის "აინტრახტი" იყო. რომელ კლუბს უწინასწარმეტყველებთ სერიოზულ პროგრესს სეზონის მეორე ნახევარში?

- ჩემს გუნდს! ჩვენ ისე უნდა მოვუმატოთ, რომ ყველა გაოცდეს. ეს აუცილებელიცაა. ბუნდესლიგის მეორე წრის დაწყებას დორტმუნდში ყველანი მოუთმენლად ველით. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაცაა. გერმანიის თასის მოგებაც გვინდა და სულაც არაა ცუდი ის, რომ მეოთხედფინალში "ბაიერნს" ვხვდებით - ვისაც გერმანიაში ტიტულის მოგება უნდა, "ბაიერნი" უნდა დაამარცხოს. ეს ხომ დაუწერელი კანონია. შესაბამისად, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ - რეკორდმაისტერი კიდევ ერთხელ უნდა დავამარცხოთ.

- "რეალის" გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩატარდა და სამეფო გუნდის ფანების უმეტესობას თქვენი კანდიდატურა მოსწონს...

- ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ "რეალთან" ძალიან კარგად ვითამაშეთ. როგორც ჩანს, მადრიდის პუბლიკას "დორტმუნდის" ფეხბურთი ძალიან მოეწონა. ან, შესაძლოა, "რეალის" ფანებს უბრალოდ გერმანელი სპეციალისტი სურთ. საქმე ისაა, რომ მე "რეალისთვის" არ მცალია.

- ნური შაჰინის "დორტმუნდში" დაბრუნებაზე რა აზრის ხართ?

- ყველამ იცის, რომ შაჰინი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი შეგირდი იყო. საიდუმლო არც ისაა, რომ ნურისთან კავშირი მისი "დორტმუნდიდან" წასვლის შემდეგაც მქონდა.

- იქნებ შაჰინს სწორედ თქვენ სჭირდებით იმისათვის, რომ საუკეთესო ფორმაში იყოს?

- ამას ასე არ ვიტყოდი. ნური შაჰინი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც "რეალში" თავის დამკვიდრება შეეძლო, მაგრამ მადრიდში ტრავმიანი წავიდა და ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. მერე "ლივერპულში" გაანათხოვრეს და არ ვიცი, როგორი თვალით უყურებდა მას მერსისაიდელთა მწვრთნელი ბრენდან როჯერსი. მე შაჰინს გამთამაშებლად არ ვათამაშებდი...

- ივან პერიშიჩი "ვოლფსბურგში" გადავიდა და ამბობს, კლოპს ჩემთვის არასდროს უთქვამს, რატომ არ მათამაშებდაო...

- მე ძალიან კარგი გუნდი მყავს, სადაც შესანიშნვაი ფეხბურთელები თამაშობენ და გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ზოგიერთი მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ვერ ითამაშებს. პერიშიჩს უდიდესი პოტენციალი აქვს, რომელიც, სამწუხაროდ, "დორტმუნდში" ვერ გამოავლინა, მაგრამ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო. ჩვენი ბრალიც იყო და ამის აღიარება არ მიჭირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იუგენ კლოპი: აი, ნახავთ...

"კიკერის" წლის პერსონა დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელი გახდა

ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
40 წლის ასაკში ბუნდესლიგაში - "შალკეს" ჯეკოს შენარჩუნება სურს
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
ლუის ენრიკე: ბარკოლაზე შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი არ შემიძლია გითხრათ
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო