"ჰაინეკენის თასის" გათამაშების მეოთხედფინალში გასული რვა გუნდიდან ორი ირლანდიურია, სამი ფრანგული და ამდენივე ინგლისური
"ჰაინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მეოთხედფინალში გასული რვა გუნდიდან ორი ირლანდიურია, სამი ფრანგული და ამდენივე ინგლისური. მოწინავეთა შორის ვერ მოხვდნენ უელსური, შოტლანდიური და იტალიური კლუბები.

ცხადია, ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა გარკვეული ტენდენციის მაჩვენებელია. შარშან ამავე ეტაპზე უელსური და შოტლანდიური კლუბებიც თამაშობდნენ. მეტიც, მაშინ "ედინბურგმა", რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი მაიკ ბრედლი წვრთნის, კლუბის ისტორიაში პირველად ნახევარფინალში გააღწია.

წლეულს ასევე პირველად გავიდა პლეი ოფში ფრანგული "მონპელიეც", რომელშიც სამი ქართველი მორაგბე: მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი და გიორგი ჟღენტი თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში გასული სამი ფრანგული გუნდიდან სამივეში ჩვენებურები ასპარეზობენ და გუნდის წარმატებაში თავიანთი წვლილი შეაქვთ. სამივე მათგანმა პლეი ოფამდე გზა სრულიად განსხვავებულად განვლო.

"კლერმონმა", სადაც დავით ზირაქაშვილი და ვიქტორ კოლელიშვილი ირჯება, ექვსი თამაშიდან ექვსივეში გაიმარჯვა და ჯგუფური ტურნირი დამაჯერებლად მოიგო.

არადა ჯგუფი, რომელშიც "ვულკანები" წილისყრის შედეგად მოხვდნენ, ყველაზე ძლიერად ითვლებოდა. ფრანგული კლუბის მეტოქეები "ჰაინეკენის თასის" ამჟამინდელი მფლობელი ირლანდიური "ლენსტერი", უელსური "ჰლანეჰლი" და ინგლისური "ექსეტერი" იყვნენ.

კლერმონელებმა ყველა მეტოქეს ერთი ამოსუნთქვით "გადაუარეს" და ტურნირის პირველი ეტაპი საუკეთესო მაჩვენებლებით დაასრულეს.

მათი მეტოქე მეოთხედფინალში ასევე ფრანგული "მონპელიე" იქნება, რომელმაც E ჯგუფში ბოლომდე იბრძოლა და, როგორც საუკეთესო მეორე ადგილის მფლობელი, პლეი ოფში გავიდა.

"კლერმონი" მონპელიელებს შინ მიიღებს და, რადგან საკუთარ კედლებში "ვულკანები", ფაქტობრივად, უძლეველნი არიან, გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს.

მოდით, ნუ ვიჩქარებთ. მეოთხედფინალი, რომელიც ერთი მატჩისგან შედგება, აპრილის პირველ დეკადაშია დანიშნული და იქამდე ყველაფერი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "კლერმონი" წლევანდელი გათამაშების ფავორიტია. ყოველ შემთხვევაში, ფინალში გასვლა ახალზელანდიელი თავკაცის, ვერნ კოტერის სამწყსოს არ უნდა გაუჭირდეს. მით უფრო, რომ "მონპელიესთან" გამარჯვების შემთხვევაში, "ვულკანები" ნახევარფინალში ისევ შინ ითამაშებენ. მეტოქე აქ ინგლისურ "ჰარლიქვინზსა" და ირლანდიურ "მანსტერს" შორის გამარჯვებული იქნება.

ცხადია, იოლი არც ერთი მეტოქის დამარცხებაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ჰარლიქვინზი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც "კლერმონის" მსგავსად, ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლო. თუმცა ფრანგულ კლუბს უფრო მეტად გაუმართლა, რადგან ფინალამდე სულ შინ უწევს თამაში.

ამ თვალსაზრისით, "კლერმონთან" ერთად პრივილეგირებულ მდგომარეობაშია A ჯგუფის გამარჯვებული ინგლისური "სარასენზი", რომელიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია. ეს კლუბი მეოთხედფინალში შინ ირლანდიურ "ალსტერს" დაუპირისპირდება, რომელიც წლეულს შესანიშნავ ფორმაშია და "კელტთა ლიგაში" დამაჯერებლად ლიდერობს.

ირლანდიელებმა "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფურ ტურნირშიც შესანიშნავად იასპარეზეს, ექვსი თამაშიდან ხუთი მოიგეს და D ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.

"სარასენზი" საკუთარ მოედანზე "ალსტერის" დამარცხების შემდეგ ფრანგულ "ტულონსა" და ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს" შორის გამარჯვებულს ისევ შინ დაუხვდება და, ცხადია, "კლერმონის" მსგავსად, ყველაზე მეტი შანსი აქვს, ფინალში გააღწიოს.

თავის მხრივ, დიდი ამბიციები აქვთ ტულონელებსაც. ამ კლუბის მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა გუნდში საპენსიო ასაკის ყველა ვარსკვლავს მოუყარა თავი და საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად, ევროთასებზე ტრიუმფალურად ასპარეზობაც დაუსახავს მიზნად.

ერთი სიტყვით, ფინალი 18 მაისს დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" გაიმართება და იქ გაირკვევა, რომელი ქვეყნის საკლუბო რაგბია უკეთესი.

1/4-ფინალი

ჰარლიქვინზი-მანსტერი

კლერმონი-მონპელიე

ტულონი-ლესტერ ტაიგერსზი

სარასენზი-ალსტერი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა