ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

ფეხბურთი

ძალიან მომენატრა

სიონს მადლობა, მაგრამ...

უკვე ვწერდით რომ ბოლნისის "სიონის" სპორტულ დირექტორად დანიშნულმა

ლადო ბურდულმა, ციხიდან ახლახან გათავისუფლებულ გიორგი

დემეტრაძეს ბოლნისური კლუბის სელექციონერობა შესთავაზა.

"კლუბიდან ნებართვა მივიღე, გიორგის შევხვდი და მართლაც შევთავაზე "სიონში" სელექციონერად მუშაობა. მიმაჩნია, რომ ასეთი პიროვნება და პროფესიონალი ნებისმიერ კლუბს სჭირდება და მოთამაშეთა შერჩევაში არ შეცდება. გიორგიმ მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა, რადგან უცხოეთიდანაც აქვს შემოთავაზებები. მალე ყველაფერს გაარკვევს და მისი პასუხიც გვეცოდინება" - თქვა ლადო ბურდულმა "ლელოსთან" საუბრისას.

გიორგი დემეტრაძესთან ინტერვიუში დავინტერესდით, რა გეგმები აქვს, რომელ უცხოურ კლუბში იწვევენ, აპირებს თუ არა გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ორგანიზებას და ასე შემდეგ...

- ლადო ბურდულმა "სიონში" მუშაობა განთავისუფლებისთანავე შემოგთავაზა. მაგრამ შენი პასუხი უცნობია.

- რა თქმა უნდა, ამ მიწვევისთვის "სიონისა" და პირადად ბურდულის მადლობელი ვარ. მაგრამ უცხოეთიდან რაღაც ვარიანტები შემომთავაზეს და ამის გამო "სიონში" მუშაობაზე უარი ვთქვი.

- თანამშრომლობას კიდევ რომელ კლუბში გთავაზობენ და რა პოსტზე?

- რუსეთსა და უკრაინაში არის ვარიანტები, მაგრამ ჯერ გაურკვევლობაში ვარ. ახალი გათავისუფლებული ჯერ კიდევ ვისვენებ. მოსაფიქრებლად დრო კიდევ მჭირდება, მომავალში რა გზას დავადგე და სად ვიმუშაო.

- დაინტერესებულ კლუბებს არ გვეტყვი?

- დაკონკრეტება ჯერ არ შემიძლია, რადგან ზოგადი წინადადება იყო. მართლაც არ ვიცი, თანამშრომლობა რომელ კლუბებს სურთ და რა როლში წარმომიდგენენ. ეს ყველაფერი დეტალურად უნდა განვიხილო. ფაქტია, რომ კარიერა დავასრულე და მომავალ საქმიანობაზე დაფიქრება მჭირდება, რა შემიძლია და მირჩევნია.

- ბევრი მიიჩნევს, რომ კახა კალაძე, რომელიც ციხეში ყოფნის დროს გეხმარებოდა, ახლაც არ დაგტოვებს უყურადღებოდ. რამდენად მართალია, თითქოს, კალაძე "სამტრედიისთვის" სპონსორებს ეძებს, სადაც ერთ-ერთ ხელმძღვანელად შენ მოიაზრები?

- კახა რომ მეც და ჩემს ოჯახსაც ყველანაირად გვეხმარებოდა, ეს ცნობილია ამბავია. ამას ვერასოდეს დავივიწყებ. მაგრამ ჯერ ჩემს საფეხბურთო მომავალზე არ გვილაპარაკია.

- კარიერა კი დაასრულე, მაგრამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრის ჩატარებას არ აპირებ?

- მე იმ დონის ვარსკვლავი არ ვყოფილვარ, ასეთი თამაშის ჩატარების სურვილი რომ გამიჩნდეს.

- თავმდაბლობა კარგია, მაგრამ სამი ქვეყნის (საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის) ჩემპიონატის სუკეთესო ბომბარდირობა პატარა ამბავი მართლაც არ არის.. ასე იმიტომ ხომ არ ლაპარაკობ, რომ მატჩის ორგანიზებას დიდი თანხა სჭირდება?

- ფული არაფერ შუაშია. ბომბარდირობა მართლაც კარგია, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემგან ასეთი შეხვედრის ჩატარება უხერხული იქნება. კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში კი სიამოვნებით ვითამაშებდი. კაცმა ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ გაიმარჯვა, ანუ ორგზის ევროპის საკლუბო ჩემპიონია. ისეთ დონეზე ითამაშა და ისეთი ტიტულები მოიპოვა, დაფასებას ნამდვილად იმსახურებს.

- კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი როდის გაიმართება?

- ეს ჯერ ზუსტად არც ვიცი; ასეთი მატჩის ორგანიზებას დიდი დრო სჭირდება. მოთამაშეების ჩამოყვანა პრობლემა არ არის, კახას ყველა დიდი პატივს სცემს, მაგრამ ჩამოსვლის დრო არის შესათანხმებელი.

- როგორც ვიცით, კალაძეს "მილანის" ჩამოყვანა სურდა.

- მე რაც ვიცი, ასეა გადაწყვეტილი, იტალიელებს ველოდებით. ყველაზე დიდ წარმატებებს სწორედ "მილანში" მიაღწია და ამ გუნდის მოწვევა ლოგიკურიც იქნება.

- თავისუფლებაზეც ვარჯიშობ, თუ ჯერ კიდევ ისვენებ?

- არა, ვისვენებ. თავისუფლება კარგი რამ არის და მინდა ამოვისუნთქო. ვარჯიშს ორშაბათიდან განვაახლებ. თუმცა, ფეხბურთი ძალიან მომენატრა და მინდა ხშირად ვითამაშო.

- სხვათა შორის, უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ჰყავთ ვეტერანთა მუდმივმოქმედი ნაკრები, რომლის წევრებიც სისტემატურად ვარჯიშობენ და საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობენ.

- ვეტერანთა ნაკრები საქართველოშიც არის. მაგრამ კარგი იქნება, გუნდი უცხოეთში ხშირად თუ ივლის და ტურნირებში ითამაშებს. ახლა ვკითხულობდი, რომ რუსეთში ლეგენდების ტრადიციული ტურნირი იწყება, სადაც რუსეთი, უკრაინა, პორტუგალია, გერმანია, ჰოლანდია და იტალია ითამაშებენ. ჩვენც ბევრი ვარსკვლავი გვყავს, რომლებსაც საზღვარგარეთ ძალიან აფასებენ და მგონია, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრგან სიამოვნებით მიიწვევდნენ - იგივე რუსეთში, უკრაინაში, ბევრგან. ამ ნაკრების თამაშებს საქართველოშიც თუ ჩავატარებთ, ვეტერანებსაც გავულამაზებთ ცხოვრებას და ქართველ გულშემატკივარსაც.

- ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს თუ ადევნებ?

- ვიცი, რაც ხდება და რა მდგომარეობაშიც ვართ. მაგრამ ჯერ ბევრი რამ უნდა გავარკვიო და ამ თემაზე მერე ვილაპარაკოთ.

მერაბ მამულაშვილი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად