დღეს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 1.2 მილიონ ევროდ არის შეფასებული

წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი ებრალ ლიგაში, ჰაიფას "მაქაბიში" ასპარეზობს და უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს... თანაც არა მარტო ისრაელში, კარგი თამაშით ჩემპიონთა ლიგაზეც ბევრს დაამახსოვრა თავი. ლადო გასული ზამთრისა და ზაფხულის სატრანსფერო პაუზისას არაერთი წამყვანი კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა. მათ შორის ისეთი კლუბებიც იყვნენ, როგორებიცაა იტალიური "პარმა" და "ლაციო", ასევე ბელგიური "ანდერლეხტი". მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კი სატრანსფერო სპეკულაციების მიხედვით, დვალიშვილის გვარი ინგლისურ "ვესტ ჰემსა" და შოთა არველაძის "ქაისერისფორსაც" დაუკავშირეს.

ჩვენი ინფორმაციით, "პარმას" ვარიანტი რეალურად განიხილებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში იტალიელებმა ებრაელების მიერ ქართველის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა არარეალურად მიიჩნიეს და გარიგებაც არ შედგა. მას მერე ჩვენებურის სატრანსფერო ფასი გაიზარდა და დღეს დვალიშვილი 1.2 მილიონ ევროდ არის შეფასებული. როგორც გავიგეთ, დონეცკის "მეტალურგი" მზად არის ლადო დვალიშვილის სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს და ჩვენი ნაკრების თავდამსხმელთან ზამთარში კონტრაქტი გააფორმოს. გავიგეთ ისიც, რომ სხვა ვარიანტებიც სახელდება, კერძოდ ბერძნული პაოკ-ი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ექტორ კუპერის "არისი".

ინფორმაცია დონეცკის "მეტალურგის" დვალიშვილის დაინტერესების შესახებ, უკრაინულ და რუსულ ვებგვერდებზეც გამოჩნდა. თუმცა ბერძნულ ვარიანტებზე იქ არაერია ნახსენები. ბუნებრივია, ვითარებაში გარკვევა გადავწყვიტეთ და ლადოს ისრაელში დავუკავშირდით.

- ლადო, ბოლო ტურებში დაკარგული ქულების შემდეგ, გასულ უქმეებზე მოიგეთ...

- დიახ, "ბნეი სახნინი" სტუმრად 2:1 დავამარცხეთ. ამ მატჩამდე 4 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში ავიღეთ 3 ქულა. მეორე ადგილზე ვართ და 2 ქულით ჩამოვრჩებით ცხრილის ლიდერ "ირონს".

- გუნდის საქმეები გასაგებია, თქვენზეც კარგი ამბები გავიგეთ მოსალოდნელ თუ სავარაუდო ტრანსფერზე. ჩვენი ინფორმაციით დინეცკის "მეტალურგს" უნდა თქვენი გადაბირება...

- რა გითხრათ... ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

- როგორც ჩანს, დონეცკელთა ინტერესის შესახებ თქვენც გესაუბრნენ...

- არა, ამაზე ჩემთან კონკრეტულად არავის უსაუბრია. თუმცა ეს ამბავი ჩემამდეც მოვიდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ დონეცკის "მეტალურგი" ჩემით არის დაინტერესებული და ზამთრის სატრანსფერო პაუზისას შესაძლოა კლუბებს შორის მოლაპარაკებებიც კი გაიმართოს.

- შესაძლოა იცით კიდეც, ჩვენი ინფორმაციით, დონეცკელები მზად არიან თქვენს სანაცვლოდ "მაქაბის" 1.2 მილიონი ევრო გადაუხადონ...

- ეს ნამდვილად არ ვიცოდი. შესაძლოა, ეს ინფორმაცია რეალური იყოს... თანხის თაობაზე მართლა არაფერი ვიცი.

- ზამთარში "პარმაში" თქვენი ტრანსფერი სწორედ თანხის გამო არ შედგა, იტალიელებმა "მაქაბის" მიერ თქვენს სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა არარეალურად მიიჩნიეს. როგორ ფიქრობთ, 1.2 მილიონ ევროდ "მაქაბი" შეგელევათ?

- "მაქაბისთან" მომდევნო სეზონის ბოლოს მიმთავრდება საკონტრაქტო ვადა. შესაბამისად,ზამთარში კიდევ წლინახევარი დამრჩება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. რაც შეეხება თანხის ოდენობას, ვერაფერს გეტყვით. თავად კლუბში გადაწყვეტენ თუ რამდენს მოითხოვენ ჩემს სანაცვლოდ. შესაძლოა, "მაქაბი" ამ თანხაზე თანახმა იყოს, ან უბრალოდ კლუბები სხვა ფასზე მორიგდნენ. ვნახოთ, ზამთრის სატრანსფერო პაუზა გაიხსნება და ყველაფერი გაირკვევა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ისრაელში დავრჩე და არ გამიშვან.

- დავუშვათ კლუბები ფინანსურ პირობებზე მორიგდნენ და თქვენთვისაც მისაღებია პირობები. უკრაინულ ლიგაში, დონეცკის "მეტალურგში" გადასვლის პერსპექტივა რამდენად გხიბლავთ?

- უკრაინის უმაღლესი ლიგა კარგი დონისაა. დონეცკის "მეტალურგიც" სტაბილურად მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. რამენადაც მახსოვს ამ კლუბში გიორგი დემეტრაძე და გოჩა ჯამარაული თამაშობდნენ. მას მერე უკრაინის პირველობის დონემ კიდევ მოიმატა და თუ ყველა მხარე კმაყოფილი იქნება და სხვა უკეთესი ვარიანტი არ იქნება, ყველაფერს ავწონ-დავწონი და გადაწყვეტილებასაც მივიღებ.

- თქვენზე სხვა ვარიანტიც გავიგეთ. ბერძნული კლუბების ინტერესის სფეროშიც ყოფილხართ. როგორც გავიგეთ, ზამთარში პაოკ-ი და ექტორ კუპერის "არისი" შეეცდება თქვენს გადაბირებას...

- დონეცკის "მეტალურგზე" ვიცოდი, მაგრამ ბერძნულ ვარიანტებზე მართლა არაფერი მსმენია. ბერძნულ ლიგაში თამაშიც კარგია, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.

- კუპერმა კარგად იცის თქვენი შესაძლებლობები...

- კი, კარგად მიცნობს, მაგრამ ნამდვილად არავინ შემხმიანებია ბერძნული ვარიანტზე. ზამთრის სატრანსფერო პაუზამდე ორ თვეზე მეტია და ვნახოთ, შესაძლოა ამას სხვა ვარიანტებიც დაემატოს. უკეთეს გუნდსა და ლიგაში თამაშს ყველა ფეხბურთელი ესწრაფვის, მაგრამ კლუბის შესაცვლელად ნამდვილად არ მაქვს საქმე. ჰაიფას "მაქაბიში" თავს კარგად ვგრძნობ, კონტრაქტიც არ მაქვს ხანმოკლე, გაქცევაზეც არ ვარ. თუ კარგი ვარიანტი გამოჩნდება და პირობები, როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემთვისაც მისაღები იქნება, მაშინ მოლაპარაკებები გაიმართება. არ იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ეტაპზე ჩემი გაშვება, არც კი შედიოდეს კლუბის გეგმებში. ასე რომ, ვნახოთ...

- ნაკრებზეც გკითხავთ. ჩვენმა ეროვნულმა შესარჩევის მატჩები წელს დაასრულა. მონაგარს როგორ შეაფასებდით?

- ვფიქრობ, კარგი შედეგი გვაქვს. მართალია 4 მატჩში 6-ზე მეტი ქულის მოპოვებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა. გულშემატკივარი ჩვენი ნაკრებისგან ბრძოლას და შედეგიან თამაშს იყო მონატრებული. 7 მატჩია გუნდს არ წაუგია, ნაკრები უფრო გამართულად თამაშობს. წელიწადიც არ არის, რაც თემურ ქეცბაია ეროვნულს ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, მოკლე ხანში მან მაინც ბევრი რამ მოასწრო. გაისად უკეთესი შედეგები გვექნება და ამისი ღრმად მწამს.

- ბოლო სანაკრებო მატჩებში თქვენგანაც ველოდით გოლს, მაგრამ...

- ყველა მატჩში გოლის გატანაზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის. ალალად გეუბნებით, ნაკრებში თამაშსა და მით უმეტეს გოლის გატანას არაფერი მირჩევნია. ეს ბედნიერი წუთი მეც მომენატრა და ყველანაირად შევეცდები, ეროვნულის მაისურით გოლი მალე ვიზეიმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დავით ცაბაძე

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს