ლიბანის "ჩამპვილში" გადასული ქართველი კალათბურთელი აზიურ თავგადასავლებზე მოგვითხრობს
გასული წლის ნოემბერში ნიკა ცქიტიშვილი ირანიდან ლიბანში გადავიდა. იგი მანამდე სპარსული "მაჰანის" ღირსებას იცავდა, თუმცა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება გაუქმდა და სკიტა თავისუფალი აგენტი გახდა.

მისთვის უმალ გამოიძებნა ახალი კლუბი - ლიბანის "ჩამპვილი". ბეირუთელთა შემადგენლობაში ცქიტიშვილმა კარიერა როგორ ააწყო, აქამდეც დაგვიწერია, მაგრამ ლიბანში გადასვლის შემდეგ იგი ჩვენი გაზეთის მკითხველს არ შეხვედრია.

აზიურ თავგადასავლებზე ნიკოლოზ ცქიტიშვილი ინტერვიუში მოგვითხრობს.

- რამდენად კმაყოფილი ხარ ლიბანური კარიერით?

- უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ მაქვს. შეიძლება ითქვას, რაც კარიერაში დავკარგე, აზიაში გადმოსვლით ვინაზღაურებ.

თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო. რაც მთავარია, ბოლოს და ბოლოს ვთამაშობ იმდენს, რომ თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ და გუნდსაც წარმატების მიღწევაში ვეხმარები.

"ჩამპვილში" კალათბურთელებიც ძალიან მეგობრულები არიან და მწვრთნელიც ბოლომდე მენდობა.

- "ჩამპვილი" სატურნირო მდგომარეობას ნელ-ნელა იუმჯობესებს. სეზონის დასაწყისში რა იყო წარუმატებლობის მიზეზი?

- საერთოდ, კარგი გუნდია, თუმცა თავიდან სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ჩემამდე ამერიკელი ლეგიონერი დუეინ ჯონსი ჰყავდათ, რომელსაც ამერიკის ნაციონალურ ასოციაციაში 9 წელი აქვს გატარებული. იგი ჩინეთშიც ეფექტურად თამაშობდა, საშუალოდ 18 მოხსნა ჰქონდა, თუმცა "ჩამპვილში" ვერ ათამაშდა. არადა, გუნდში მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა.

- გამოდის, რომ ლიბანის ჩემპიონატში დიდ როლს ლეგიონერები თამაშობენ...

- ნამდვილად ასეა. ადგილობრივი კალათბურთელებიდან უმაღლესი დონისა ბევრი არ არის. ერთ-ერთი მათგანი ჩემს გუნდში თამაშობს - ჰატიბი, რომელიც 34 წლისაა, ლიბანელთათვის ცოცხალი ლეგენდაა, ისეთივე ენერგიულობითა და სიზუსტით გამოირჩევა, როგორც კარიერის პიკში მყოფნი.

ამას წინათ გაიმართა ვრანკოვიჩის სახელობის თასი, რომელშიც ირანი ლიბანს დაუპირისპირდა. ზოგადად რომ შევაფასოთ, ირანელები ბევრად აღემატებიან ლიბანელებს, მაგრამ იმ დღეს ჰატიბი ვერ შეაჩერეს და მოხდა სასწაული, სპარსელები დამარცხდნენ.

- იანვარში თამაშები მეჩხერად გქონდათ. რა იყო მიზეზი?

- საქმე ისაა, რომ ნაკრებები აზიის თასისთვის ემზადებიან და ჩემპიონატებშიც ამიტომაა შესვენებები. სხვათა შორის, ნატურალიზებისთვის კალათბურთელებს რომ არჩევდნენ, პირველ რიგში, მე შემომთავაზეს. თუმცა ვუთხარი, რომ ფიბას წესებით, ამის უფლება არ მაქვს.

რაც შეეხება ლიბანის ჩემპიონატს, უახლოესი მატჩი 13 თებერვალსაა და მას კიდევ სამი მოჰყვება. ზედიზედ ვეთამაშებით "ბიბლოსს", "ალ რიადს", "საჯესს", "მუტაჰედს". მათგან ყველას აქვს მედლებისთვის ბრძოლის პრეტენზია და ზემოთ ნახსენები ოთხი მატჩი ბევრს გადაწყვეტს.

- ლიბანში ცხოვრებასაც შეეგუე?

- თუ მკითხველი გადამეტებულ შედარებად არ მიიღებს, ვიტყვი, რომ ბეირუთი ქალაქ ბარსელონას ჰგავს, ძველი და ახალი არქიტექტურა ერთმანეთთან კარგადაა შერწყმული, ზღვის პირასაა. მოკლედ, ცხოვრების პირობების მხრივ, ყველაფერი წესრიგშია. ამ მხრივაც კმაყოფილი ვარ.

- ალბათ, ჩვენი ნაკრების კალათბურთელთა ევროპაში გამოსვლასაც ადევნებ თვალს...

- გამიხარდა მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუდან" "გალათასარაიში" გადასვლა. შესაძლოა, მას იტალიაში მეტი ნდობა ჰქონდა (რაც მეტ დროს ატარებ ერთ გუნდში, მით მეტად იზრდება ნდობა) და ლიდერიც იყო, მაგრამ დღევანდელი საზომებით, თურქეთის ჩემპიონატი იტალიისას სჯობს.

ვიქტორ სანიკიძე "ვირტუსიდან" ევროლიგის "მონტეპასკიში" რომ გადავიდა, თავიდან ჩვეული შედეგიანობით ვერ თამაშობდა, რადგან იქ ყველა უმაღლესი დონის კალათბურთელი დახვდა, თუმცა იგი მალევე ათამაშდა ჩვეულ სტილში.

დარწმუნებული ვარ, მარკოიშვილიც იტყვის თავის სიტყვას "გალათასარაიში".

- კარიერის განმავლობაში შენც ხშირად გიწევდა კლუბების გამოცვლა...

- ეს იოლი საქმე არ არის. დიდი გამოცდილება დამიგროვდა. ყოველთვის კარგად უნდა გააცნობიერო, სად და რისთვის მიდიხარ, რადგან ერთმა ნაბიჯმა შესაძლოა უკან მნიშვნელოვნად დაგწიოს. ეგებ ერთმა გუნდმა 100 ან 200 ათასით მეტი შემოგთავაზოს, მაგრამ წასვლა არ ღირდეს.

- რატომ?

- ყოფილა შემთხვევები, როცა კალათბურთელი უკეთეს გუნდში, უკეთესი კონტრაქტით გადასულა, მაგრამ ფეხი ვერ მოუკიდებია და ყველაფრის ახლიდან დაწყება დასჭირვებია. ერთწლიანი ჩავარდნის შემდეგ მისი სატრანსფერო ღირებულებაც საგრძნობლად დაწეულა.

- საქართველოს ნაკრებზეც გკითხავ. იგორ კოკოშკოვთან ხომ არ გილაპარაკია?

- ნაკრების მწვრთნელთან არ მისაუბრია. ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა დამირეკა და სანაკრებო საკითხებზეც ვიმსჯელეთ. მითხრა, რომ გუნდში ჩემი დაბრუნება სურს.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი წყვეტს. გასულ ზაფხულს სწორედ მან ჩათვალა საჭიროდ ჩემი არგამოძახება და თუ დავჭირდები, ისევ და ისევ მან უნდა დამირეკოს.

ვთვლი, რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა, როგორც არასდროს, ახლა ძლიერი გუნდი გვყავს და საერთო ძალისხმევით ნამდვილად შეიძლება ევრობასკეტზე წარმატებაზე ფიქრი.

დოსიე

ნიკოლოზ ცქიტიშვილი

დაიბადა: 14.04.1983

სიმაღლე: 215 სმ

პოზიცია: ფორვარდი

გუნდი: ჩამპვილი (ლიბანი)

საკლუბო კარიერა

1997-98 სოხუმის "კოლხა"

1998 თსუ

1999 "სტუ-ჯეოსელი"

1999-01 სლოვენიის "სლოვანი"

2001-02 იტალიის "ბენეტონი"

2002-04 "დენვერ ნაგეთსი" (NBA)

2004 "გოლდენ სტეიტ უორიორზი" (NBA)

2005 "მინესოტა ტიმბერვულვზი" (NBA)

2006 "ფინიქს სანსი" (NBA)

2006 "ნიუ იორკ ნიქსი" (NBA)

2007 ესპანეთის "კახასოლი"

2007-08 იტალიის "ტერამო"

2008-09 ესპანეთის "ფუენლაბრადა"

2009 საბერძნეთის "პანიონიოსი"

2009-10 ესპანეთის "ფუენლაბრადა"

2010-11 ესპანეთის "ლაგუნ არო"

2011-12 ირანის "მაჰრამი"

მიღწევები

2001 სლოვენიის მესამე პრიზიორი

2002 იტალიის ჩემპიონი

2002 NBA-ს დრაფტზე "დენვერმა" მე-5 ნომრად აირჩია

2012 ირანის ჩემპიონი

2012 დასავლეთ აზიის თასის მფლობელი

2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა