"აიას" მოთამაშე მწვრთნელი გუნდში არსებულ მდგომარეობასა და მიზნებზე საუბრობს
რამდენიმე დღეში საქართველოს ჩემპიონატი განახლდება. გუნდები მზადების ბოლო ეტაპზე იმყოფებიან და ცდილობენ, რომ გაზაფხულს მზადყოფნაში დახვდნენ.

შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი - ქუთაისის "აია" ქუთაისში ემზადება.

რა ცვლილებებით ხვდებიან სეზონის განახლებას რიონისპირელები და რა მიზნებს ისახავენ ისინი მიმდინარე ჩემპიონატში? ამაზე "აიას" მოთამაშე-მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე გვესაუბრა.

- როგორ ემზადებით საგაზაფხულო ეტაპისთვის და რა ვითარებაა გუნდში?

- იანვარში უამინდობის გამო, ძირითადად, ფიზიკურად ვვარჯიშობდით. რამდენიმე დღეა, გამოიდარა და მზადებას "დინამოს" სტადიონზე ვაგრძელებთ.

მოედნის არქონის გამო პრობლემები გვქონდა. სამწუხაროდ, სხვაგან შეკრების მოწყობაც არ მოხერხდა და თავიდანვე ქუთაისში ვემზადებოდით. ფიზიკური მომზადების მხრივ, არა გვიშავს, მაგრამ რაგბიში მარტო ამ კომპონენტით ფონს ვერ გახვალ.

ფიზიკურად რაც უნდა იბრძოლო, თუ ტექნიკურადაც არა ხარ მომზადებული, ძალიან რთულია სასურველი შედეგის მიღწევა. მოედნის არქონის გამო ბურთით, ფაქტობრივად, ვერ ვივარჯიშეთ.

მზადების ამ ეტაპზე კმაყოფილი არ ვარ, თუმცა დარჩენილ დროში ვეცდებით, ხარვეზები

მინიმუმამდე დავიყვანოთ და ჩემპიონატს კარგად მომზადებულნი შევხვდეთ.

- ქუთაისის სარაგბო კომპლექსის მშენებლობა რა ეტაპზეა?

- სამუშაოები ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. პირველ ეტაპზე მოედნების მოწყობაა დაგეგმილი და ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

მეორე ეტაპზე სასტუმროს აშენება და ტრიბუნების მონტაჟი იგეგმება, მაგრამ ეს საჩქარო არ არის - მორაგბეებისთვის მთავარი მოედანია, რათა ნორმალურად ვარჯიშის საშუალება მოგვეცეს.

ძირითად გუნდთან ერთად, ქუთაისს ახალგაზრდული და ჭაბუკთა გუნდებიც ჰყავს. მოედნების არარსებობის გამო ხშირად პარალიზებულები ვართ.

გაოცდებით, რომ ნახოთ, როგორ ვწვალობთ და რა ადგილებში დავდივართ სავარჯიშოდ. სარაგბო კომპლექსის სამუშაოები მიმდინარეობს და, ალბათ, მოედანი მალე ჩვენს განკარგულებაში იქნება.

- გავრცელდა ხმები, რომ ფინანსური კრიზისის გამო ქუთაისური გუნდიდან მორაგბეები გარბიან. მართლა ასეთ რთულ მდგომარეობაში ხართ?

- არა, ეს ყველაფერი ჭორია და მეტი არაფერი. მხოლოდ ერთი თვის სახელფასო დავალიანებაა და ეს პრობლემაც მალე გადაიჭრება.

საგანგაშო არაფერია, ფინანსური პრობლემების გამო გუნდიდან ნამდვილად არავინ წასულა. ძირითადის ერთადერთი მოთამაშე წავიდა - ცხრა ნომერი ლევან გოგია, რომელმაც მოსკოვის "სპარტაკში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება.

- სხვა რა ცვლილებებია "აიაში"?

- გოგიასთან ერთად, "სპარტაკში" ჩაირიცხა ერეკლე ხელაძე. სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით, ქუთაისის "ბაგრატში" გადავიდნენ გიორგი ცირეკიძე, ბექა არაბიძე, ბიძინა ჯიმშიტაშვილი და გიორგი ზიბზიბაძე.

"ბაგრატი", ფაქტობრივად, ჩვენი ფარმკლუბია და პირველ ლიგაში თამაშობს. წლეულს უმაღლესში გეგმავს გადმოსვლას და ეს მორაგბეები მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან.

- მათ ნაცვლად ახალი მორაგბეები თუ დაიმატეთ?

- მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა თორნიკე ძაგნიძე, რომელიც მოსკოვის "სპარტაკში" ასპარეზობდა. ახალგაზრდული გუნდიდან დავიმატეთ ცხრა ნომერი გიორგი თუთბერიძე, რომელმაც გიორგი როხვაძესთან ერთად ლევან გოგია უნდა შეცვალოს.

თუთბერიძე იმედისმომცემი მორაგბეა და ახლახან ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიიწვიეს. რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე და იოსებ კიკვაძე "აიაში" შარშან, შემოდგომაზე გადმოვიყვანეთ და ამ ახალგაზრდა მოთამაშეებზე ახლაც დიდ იმედებს ვამყარებთ.

ქუთაისიდან ყოველთვის დიდი გადინება იყო და "აიაც", ძირითადად, სწორედ ახალგაზრდა მორაგბეების წყალობით ინარჩუნებდა პოზიციებს.

- ამ დროისთვის მიმდინარე ჩემპიონატში 40 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებით. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს შედეგი?

- ვეცდებით, მინიმუმ მესამე ადგილი შევინარჩუნოთ, რათა ნახევარფინალში მეტოქეს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლოთ.

"ლელო" და "არმია", შესაბამისად, 12 და 10 ქულით გვისწრებენ და მათი დაწევა ძალიან რთული იქნება. რეგულარულ გათამაშებაში მესამე ადგილი სავსებით მისაღებია. მთავარია, პლეი ოფსა და ფინალში როგორ ვიასპარეზებთ.

შარშან რეგულარულ გათამაშებაში თითქმის ყველა შეხვედრა მოვიგეთ და პირველზეც გავედით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში - ფინალი წავაგეთ.

ამჟამად იმ ადგილზე ვართ, რომელზეც უნდა ვიყოთ, დანარჩენი კი ჩემპიონატის განახლების შემდეგ გამოჩნდება.

შარშანდელი ფინალისტები ვართ და ვეცდებით, რომ წლეულსაც ფინალში გავიდეთ. ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ და რა შედეგს მივაღწევთ, ამას სეზონის დასრულების შემდეგ ვნახავთ.

- საგაზაფხულო ეტაპს "ლოკომოტივთან" გასვლითი მატჩით იწყებთ. თქვენი პირველი შეხვედრა ქუთაისში რაგბისთვის იშვიათი ანგარიშით - 25:25 დასრულდა. რას იტყვით თქვენს უახლოეს მეტოქეზე და მოსალოდნელ დაპირისპირებაზე?

- "ლოკომოტივში" რა ცვლილებებია, ნამდვილად არ ვიცი. ტრადიციულად, ძლიერი გუნდია და ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა, მაგრამ ბოლო სამი წელიწადია, თუ ამ ფრეს არ ჩავთვლით, "ლოკომოტივს" ყველა შეხვედრა მოვუგეთ.

ბოლო მატჩშიც ჩვენ ვფლობდით უპირატესობას და თითქმის მოგებული თამაში გავუშვით ხელიდან.

ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეს არ ვაფასებთ. "ლოკომოტივს" თავისი მიზნები აქვს და ყველაფერი უშუალოდ მოედანზე გაირკვევა.

- სხვა მეტოქეებზე რას იტყვით?

- როგორც ვიცი, "არმია" რამდენიმე წამყვანმა მორაგბემ დატოვა, თუმცა, ამ გუნდს, ჩვენგან განსხვავებით, დიდი სათადარიგოთა სკამი აქვს და დარწმუნებული ვარ, კვლავ ძლიერი იქნება.

"არმიასთან" ერთად, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია "ლელო", რომელიც ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო და წლეულს გამოცდილი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული.

ძალიან კარგი გუნდია "არმაზი", რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში ბრწყინვალედ გამოიყურება და ლიდერებს დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. საინტერესო ჩემპიონატია და ქართული რაგბის მოყვარულები არ მოიწყენენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა