კობა ჟორჟიკაშვილი: "გუნდში საბრძოლო განწყობაა, შვედებთან ფრეზე არც ვფიქრობთ"
17-წლამდე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენს ჯგუფში დღეს დასკვნითი ტურის მატჩებია. შეგახსენებთ, რომ საქართველო შვედეთს ეთამაშება, ინგლისი კი პოლონეთს. ეს ტური გადამწყვეტია, რადგან ოთხივე გუნდს აქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი. ელიტრაუნდში 13 ჯგუფის ორი გამარჯვებული და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.

მთავარია, ჩვენმა სკანდინავიელებთან არ წააგონ და ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვთ. შესაძლოა, ელიტრაუნდში მარცხის შემთხვევაშიც მოვხვდეთ, მაგრამ ეს ალბათობაა და ამ ვარიანტის განხილვაც არ გვინდა - მით უმეტეს მას მერე, რაც ინგლისთან ფრეს მივაღწიეთ. როგორც გავიგეთ, ამ ვარიანტს ჩვენი გუნდის წევრებიც არ განიხილავენ. იმასაც განვმარტავთ, რომ ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ჯერ ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება, მერე კი გატანილი ბურთების რაოდენობას.

გუშინ, მეტოქე გუნდებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართეს. 14 საათისთვის, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შვედმა ჭაბუკებმა ივარჯიშეს. მერე კი მოედანზე ჩვენი გუნდი გამოჩნდა. ორივე წვრთნა ტაქტიკური ხასიათისა იყო. ქართველ ბიჭებს მონდომება აშკარად ეტყობოდათ.

"გუნდში საბრძოლო განწყობაა, დასკვნითი მატჩისთვის დანაკლისის გარეშე, სრული შემადგენლობით ვემზადებით. ელიტრაუნდში გასვლის ჩინებული შანსი გვაქვს და ჩანაფიქრი უნდა განვახორციელოთ. შვედეთის წინა ორი მატჩის ჩანაწერი ვნახეთ, მათ ვარჯიშებსაც მივადევნეთ თვალი და მეტოქეზე საკმაო ინფორმაციას ვფლობთ. შვედეთს ჯერ მხოლოდ ქულა აქვს, მაგრამ პოლონეთზე ნაკლები დონის გუნდი არ არის. მართალია, ელიტრაუნდში გასვლისთვის ფრეც საკმარისი იქნება, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობთ. ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად მოგებისთვის ვამზადებ. ეს რთული იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ. ახლა მოდუნების დრო არ არის. პირიქით, კარგად დაწყებული საქმე ჯგუფიდან გასვლით უნდა დაგვირგვინოთ", - "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა.

...და რა ხდება მეტოქის ბანაკში? პოლონეთთან მეორე ტურის შეხვედრა, მხარის ტრავმის გამო გამოტოვა შვედების ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდამსხმელმა დინო ისლამოვიჩმა. ჩვენი ინფორმაციით, იგი ახლა უკეთ გრძნობს თავს და დიდი შანსია, დღეს ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს. თუმცა მის დამატებას არც უარყოფს და არც ადასტრებს სკანდინავიელთა გუნდის მწვრთნელი:

"დინო ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალაა და მისი არყოფნა პოლონეთთან მატჩში დაგვეტყო კიდეც. თბილისში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ. პოლონელებთან ფრემ ელიტრაუნდში მოხვედრისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მოგვცა. საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ბოლო შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდება, რაც იოლი არ არის. მით უმეტეს, ტურნირის მასპინძლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მეტოქის სასარგებლოდ არაერთი ფაქტორია. თუმცა ერთ მატჩში გაბრწყინება ყველას შეუძლია და ეს უნდა მოვახერხოთ. მჯერა ჩემი გუნდი შაბათს ბევრად უკეთ ითამაშებს, ვიდრე წინა ორ ტურში", - აღნიშნა შვედეთის ნაკრების თავკაცმა როლანდ ლარსონმა.

მატჩები დღეს, 15 საათზე დაიწყება. საქართველო-შვედეთს ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს, ინგლისი-პოლონეთს - "მიხეილ მესხი". ჩვენი ნაკრების თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟი ტელეკომპანია "მზეზე" შეგიძლიათ იხილოთ. არბიტრი მაკედონიელი გორან სპირკოვსკია.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 2 1 1 0 4-1 4

2. საქართველო 2 1 1 0 3-2 4

3. პოლონეთი 2 0 1 1 1-2 1

4. შვედეთი 2 0 1 1 0-3 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"