განახლდა სერია ა და კახა კალაძე ისევ სკამზე დასვეს
ქართული ლეგიონის მიმოხილვას ტრადიციულად "ნისლიანი ალბიონის" ეული ქართველი ზურაბ ხიზანიშვილით ვიწყებთ. ჩვენებურის "რედინგმა" სტუმრად 4:0 გაანადგურა "ბარნლი" და 19 ქულით მე-8 ადგილამდე ამაღლდა. ზურამ იან ჰარტთან ერთად დაცვის ცენტრის წყვილი შეადგინა. ორივემ ბრწყინვალედ გაართვა თავი მოვალეობას.

საფრანგეთის მეორე ლიგაში გიორგი მაკარიძის "ლე მანმა" 1:0 დაამარცხა "ისტრი". მასპინძელთა კარში ისევ გუნდის კაპიტანი დიდიე ოვონო იდგა, ქართველი გოლკიპერი კი სათადარიგო იყო. სხვათა შორის, ამ მატჩში კიდევ ერთმა ჩვენმა "ნაცნობმა" ითამაშა, სტუმართა რიგებში 61-ე წუთზე პოლ კესანი გამოჩნდა. "ლე მანი" 22 ქულით სათავეში ჩაუდგა ლიგა 2-ს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე გასულ კვირაში სათასო მატჩში ათამაშეს, მასაც თავი არ შეურცხვენია, მაგრამ განახლდა სერია ა და ჩვენებური ისევ სკამზე დასვეს. "ჯენოა"-"კატანიას" მატჩში კალაძის ადგილი ვერ გამოინახა მასპინძელთა სამკაციან დაცვაში (ჩიკო, რანოკია, დაინელი). კახამ ბოლო 5 წუთი ითამაშა, "ჯენოამ" კი 1:0 იმარჯვა.

სერია ბ-ში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "რეჯინას" ესტუმრა და დაუზავდა - 0:0. ლევანი სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ტაიმის მე-16 წუთზე გამოჩნდა. ჩვენებურს სერია ბ-ში 10 მატჩში (ჯამში 412 წუთი) ჯერ გოლი არ გაუტანია. "ემპოლი" 19 ქულით მე-5 ადგილზეა.

პირველი აგვისტოს შემდეგ პირველად "სპარტაკის" სასტარტო შემადგენლობაში ჯანო ანანიძემ ითამაშა. ალექსის არყოფნაში გამთამაშებლის ფუნქციები ქართველმა ჩაიბარა, თუმცა რუსულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ჩვენებურმა სათანადოდ ვერ შეცვალა ალექსი. კარპინმა ყველაზე პირველი ანანიძე შეცვალა (58-ე წუთზე), "ჩემპიონატმა" მის თამაშს 5,5 ბალი შეფასება მისცა. "სპარტაკმა" "სიბირს" ვერაფერი მოუხერხა და 0:0 დაუზავდა. მოსკოველები 40 ქულით მე-4 ადგილზე არიან.

ნალჩიკის "სპარტაკმა" ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, "ტომს" 2:1 მოუგო (39 ქულა, მე-6 ადგილი). გამარჯვება "სპარტაკს" დავით სირაძემ მოუპოვა, რომელმაც 93-ე წუთზე გაიტანა. სირაძე ნაკრებშიც და კლუბშიც გადამწყვეტი გოლების გატანით გამოირჩევა. დავითმა 67-ე წუთზე შეცვალა არსენ გოშოკოვი. მსაჯის მიერ დამატებულ დროში სტუმართა კართან ჩააწოდეს, "ტომის" მცველებმა თითქოს გამოიტანეს ბურთი, მაგრამ ის სირაძემ საჯარიმოში შეაბრუნა, თავადვე დაიმორჩილა და საგოლედ გაისროლა. ეს სირაძის მე-3 გოლია ჩემპიონატში. გოგიტა გოგუამ შეუცვლელად ითამაშა. ორივე ჩვენებურმა "ჩემპიონატისგან" 6-იანი დაიმსახურა.

"სატურნი"-"ტერეკის" მატჩში (1:0) სტუმართა ქართველი ლეგიონერი ლევან გვაზავა ტრავმის გამო 74-ე წუთზე შეცვალეს (შეფასება - 5,5). "ტერეკი" 31 ქულით მე-9 ადგილზეა. "ლოკომოტივმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ამკარს". უკვე შემაშფოთებელია - მალხაზ ასათიანი ზედიზედ მესამე ტურია, რაც სათადარიგოთა სკამს ვერ გაცდა.

ტურის ცენტრალურ მატჩში ცსკა "რუბინს" დაუზავდა - 0:0. დავით კვირკველია მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა, ლაშა სალუქვაძე კი სათადარიგო იყო. "რუბინი" 51 ქულით მეორე ადგილზეა. მახაჭყალაში "ანჟი" ლიდერ "ზენიტს" დაუხვდა და ქულები წაართვა - 3:3. ქართველთაგან მხოლოდ ზურაბ არზიანმა ითამაშა (83-ე წუთზე შეცვალეს). სამწუხაროდ, ნუკრი რევიშვილი და ოთარ ხიზანეიშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ. "ანჟი" 24 ქულით მე-13 ადგილზეა. საერთო ჯამში, რუსული პრემიერლიგის 10 ქართველიდან ამ ტურში სასტარტოში 4-მა ითამაშა.

აი, რანგით დაბალ I დივიზიონში კი უკვე აღარ ხუმრობს ოთარ მარცვალაძე. ომარ თეთრაძის "ვოლგამ" პრემიერლიგაში აღზევების ერთ-ერთი კონკურენტი "კრასნოდარი" ჩამოიცილა - 4:1, ქართველმა ფორვარდმა კი ჰეთ თრიკი მიითვალა. მარცვალაძემ 24-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ მეორე ტაიმში ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი შეაგდო (54-ე, 56-ე). ოთარს უკვე 19 გოლი აქვს ჩემპიონატში. მარცვალაძე პირველია, მეორე ადგილზე მყოფ სპარტაკ გოგნიევს ქართველი ორი ბურთით უსწრებს. ბოლო ხუთ ტურში მან 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. სასტარტოში ითამაშეს გოჩა ხოჯავამ, ედიკ საჯაიამ და გიორგი ნავალოვსკიმაც. ხოჯავამ ერთი საგოლე პასი მიითვალა. "ვოლგამ" 67 ქულა დააგროვა.

უკრაინის ჩემპიონატის მე-14 ტურში ყველაზე მეტად "დნიპროს" თამაში გვაინტერესებდა. წინა ტურში გუნდის ახალმა თავკაცმა ხუანდე რამოსმა უჩა ლობჟანიძე შესვენებაზე შეცვალა და გუნდში მარჯვენა მცველის პოზიცია ყველაზე პრობლემატურ ადგილად მიიჩნია. "არსენალთან" მატჩში ესპანელმა სპეციალისტმა უჩას სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი და არც დასჭირვებია. სამწუხაროა, ლობჟანიძე ლამის ერთადერთი ქართველი ლეგიონერი იყო უკრაინაში, რომელსაც სათამაშო პრაქტიკის პრობლემა არ ჰქონდა. "დნიპრომ" კიევში 2:1 მოიგო.

ბოლო დროს იშვიათად ხვდება "ტავრიას" ძირითადში ვასილ გიგიაძე. "ობოლონთან" მას ანდეს სასტარტოში ადგილი. მე-4 წუთზე სტუმართა ქართველმა ვეტერანმა ყვითელი ბარათი მოწინააღმდეგესთან კინკლაობისთვის მიიღო. 58-ე წუთზე კი ჩვენებური შეცვალეს, "ტავრია" 1:2 დამარცხდა. დიმიტრი ტატანაშვილი ყველაზე ცუდ კლუბში უკრაინულ პრემიერლიჰაში, ზაპოროჟიეს "მეტალურგს" სულ 3 ქულა აქვს. ბოლო ტურში "მეტალურგი" ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "სევასტოპოლთან" 0:1 დამარცხდა, ტატანაშვილი I ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისი" "კავალასთან" სტუმრად 1:3 დამარცხდა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და, სამწუხაროდ, საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი (28-ე წთ). "ერგოტელისს" 6 თამაშიდან 9 ქულა აქვს. უნგრულ შოპრონილიგაში "ეტო" სტუმრად 1:2 დამარცხდა "პაკშთან". რატი ალექსიძე 51-ე წუთზე გამოჩნდა დიორელთა რიგებში, სხვა ქართველებს არ უთამაშიათ. ვახტანგ ფანცხავას "ვაშაშიც" დამარცხდა, "ზალაეგერშეგის" ესტუმრა და 1:2 დათმო შეხვედრა. ჩვენებური შესვენების შემდეგ გამოჩნდა და სტუმართა შეტევები გამოაცოცხლა. მას 6 ბალი დაუწერეს (ალექსიძეს - 4).

ისრაელში ლადო დვალიშვილის "მაქაბი" შინ "აშდოდს" დაუზავდა - 1:1. დვალიშვილმა თავი ვერ გამოიჩინა, ის 63-ე წუთზე შეცვალეს. ოქტომბერში ლადომ ვერც ნაკრებში და ვერც კლუბში ვერ გაიტანა. აშკელონის "ჰაპოელი" სტუმრად კირიათ შმონას "ჰაპოელს" დაუზავდა - 2:2. სტუმართა რიგებში ზურაბ მენთეშაშვილმა სასტარტოში ითამაშა. ჩვენებურმა ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო, 75-ე წუთზე კი ის შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ მენთეშაშვილი სეზონის 7 მატჩიდან 4-ში გააფრთხილეს. ნეთანიას "მაქაბი" ჰაიფას "ჰაპოელს" 1:1 ეთამაშა. მასპინძელთა რიგებში გაგა ჩხეტიანი 70-ე წუთზე შევიდა.

ჰოლანდიაში ძალიან ცუდად მისდის საქმეები მერაბ ჟორდანიას "ვიტესს", ქართველი პრეზიდენტის გუნდი შინ 1:4 განადგურდა "უტრეხტთან". გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა. "ვიტესი" 8 ქულით სახიფათო ზონაშია.

ამ უქმეებზე კიდევ ორი ქართული გოლი გავიდა: აზერბაიჯანში ბაჩანა ცხადაძემ გამოიჩინა თავი, დანიაში კი - დავით დევდარიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე