პირველი დიდი ვარსკვლავი, რომლის განეიტრალებაც შეიძლება "მორდოვიაში" გადასულ ხუბუტიას მოუწიოს, კამერუნელი სამუელ ეტოოა
რამდენიმე დღის წინ აკაკი ხუბუტიამ რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ "მორდოვიასთან" გააფორმა კონტრაქტი.

ცნობისთვის, სარანსკული კლუბი რუსეთის პრემიერლიგაში 9 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე "სამშვიდობომდე" 7 ქულა აშორებს. საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველს იმედი აქვს, რომ მისი ახალი გუნდი ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას შეძლებს.

"გუნდში ყველა ოპტიმისტურად არის განწყობილი და მეც მიმაჩნია, რომ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება სრულიად რეალურია. თუმცა ისიც კარგად მესმის, რომ ეს მეტად რთული ამოცანაა. ბოლო ტურამდე თავგანწირულად ვიბრძოლებთ. "მორდოვიაში" ფინანსური კუთხით იდეალურთან მიახლოებული მდგომარეობაა და კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს ეს ძალიან აიმედებს", - ამბობს ხუბუტია.

რაც შეეხება მის არჩევანს, ხუბუტიას კარიერის დასავლეთ ევროპაში გაგრძელების იმედი ჰქონდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, ეს არ გამოვიდა. საბოლოოდ არჩევანი ყველაზე რეალურ ვარიანტზე შეაჩერა.

"დასაკარგი დრო არ მქონდა და რაკი "მორდოვიამ" ყოველგვარი სინჯების გარეშე გამზადებული კონტრაქტი შემომთავაზა, დიდხანს აღარ მიყოყმანია. ამ კლუბს ჩემი შეძენა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში სურდა. მათ ჩემს შესახებ ბევრი რამ იცოდნენ და სწორედ ამიტომ შემეხმიანნენ ზამთარშიც".

ხუბუტიამ "მორდოვიასთან" წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის პირობებითაც კმაყოფილია. სარანსკში ჯერ არ ყოფილა, მაგრამ იმედოვნებს, რომ სავიზო პრობლემებს მალე მოაგვარებს, რასაც თავისთავად მოჰყვება მისი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც.

შეკრებაზე გამართულ რამდენიმე საკონტროლო მატჩში აკაკიმ მონაწილეობა უკვე მიიღო და მიაჩნია, რომ ახალ გუნდთან შეგუების პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს:

"კარგად მიმიღეს, მწვრთნელისა და თანაგუნდელების მხრიდან სრულ თანადგომას ვგრძნობ და ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. "მორდოვიასთან" ბოლომდე შესათამაშებლად ბევრი დრო აღარ დამჭირდება, პრემიერლიგაში დებიუტს მოუთმენლად ველი".

"მორდოვიას" ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი დორინელ მუნტეანუ წვრთნის. როგორც იცით, ხუბუტია წლების განმავლობაში რუმინეთში ასპარეზობდა და სწორედ ამიტომ მუნტეანუს მასზე ცნობების შეგროვება არ გასჭირვებია.

რაც შეეხება "მორდოვიას" დამრიგებლის სტილს:

"მუნტეანუ აქცენტს, უპირველესად, დისციპლინაზე აკეთებს და ამის საშუალებით გუნდს ეფექტურად მართავს. კარიერის უდიდესი ნაწილი გერმანიაში გაატარა და იქაური წესრიგი სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ასეთ გარემოში თავს კომფორტულად ვგრძნობ.

"მორდოვია" 4-2-3-1 განლაგებით თამაშობს და ვერ ვიტყვი, რომ გამოკვეთილად შემტევი ან დაცვითი სტილი აქვს. მუნტეანუ ცდილობს, გუნდი ყველა რგოლში დააბალანსოს. მასთან დადებითი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. აშკარად მცოდნე სპეციალისტია და მასთან მუშაობით მოხარული ვარ".

რა თქმა უნდა, აკაკის ახალ გუნდშიც ცენტრალურ მცველად განიხილავენ. ხუბუტიას თქმით, "მორდოვიას" დაცვის ცენტრში საკმაო კონკურენციაა. მის პოზიციაზე რუსი და სერბი ფეხბურთელები აცხადებენ პრეტენზიას.

რა გზას დაადგება ხუბუტია, თუ "მორდოვია" პრემიერლიგიდან გავარდება?

"ამაზე ფიქრი ჯერ არ მინდა, რადგან დაკარგული არაფერია და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პრემიერლიგაში დავრჩეთ. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ რუსეთის პრემიერლიგაში მოხვედრა ჩემი კარიერისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად და ახალ პერსპექტივად მიმაჩნია. ბევრი ძლიერი კლუბისა და ფეხბურთელის წინააღმდეგ მომიწევს თამაში და ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა".

პირველი დიდი ვარსკვლავი, რომლის განეიტრალებაც შეიძლება ხუბუტიას მოუწიოს, კამერუნელი სამუელ ეტოოა, რომლის "ანჟისაც" "მორდოვია" 10 მარტს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა