"ზესტაფონი" რამდენიმე დღეა, ანტალიური შეკრებიდან საქართველოში დაბრუნდა და სეზონის განახლებისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე ასრულებს
"ზესტაფონი" რამდენიმე დღეა, ანტალიური შეკრებიდან საქართველოში დაბრუნდა და სეზონის განახლებისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე ასრულებს.

22 თებერვალს ფეროელები საქართველოს სუპერთასისთვის გორის "დილას" შეებრძოლებიან, ამის შემდეგ თასის მერვედფინალურ მატჩებში ლანჩხუთის "გურიას" დაუპირისპირდებიან, უმაღლეს ლიგას კი 9 მარტს "დილასთან" გასვლითი შეხვედრით განაახლებენ.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ზესტაფონში" ბევრი რამ მოხდა, უპირველესად კი, გუნდის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებებია აღსანიშნავი. თურქულ შეკრებაზე იმერელთა სამწვრთნელო შტაბს სამი ლეგიონერი მოეწონა და ვნახოთ, როგორ გამოავლენენ ისინი თავს საქართველოში.

ამ და სხვა აქტუალურ თემებზე "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას ვესაუბრეთ.

- უპირველესად, თურქული შეკრების თქვენეული ზოგადი შეფასება გვაინტერესებს.

- შეკრებაზე ყველამ თავისი მიზანი აბსოლუტურად შეასრულა. გუნდში ახალი მოსული ვარ და მინდოდა, უფრო ახლოს გამეცნო თითოეული ფეხბურთელი და მათ შესაძლებლობებს დავკვირვებოდი. კიდევ უფრო კარგად ჩავიხედე გუნდის შიდა სამზარეულოში და ნათელი წარმოდგენა შევიქმენი იმის შესახებ, თუ რა სამუშაოების ჩატარება მოუწევს სამწვრთნელო შტაბს. ანტალიაში ხუთი საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ და თითოეული მათგანი ჩვენთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა.

- ყველაზე ხარისხიანი ფეხბურთი "ზესტაფონმა" რომელ მატჩში აჩვენა?

- უკრაინულ "ვორსკლასთან". თუმცა უკმაყოფილო არც ერთი თამაშით ვარ. სპარინგებში თავის გამოჩენის საშუალება ყველა ფეხბურთელს მივეცი. მათ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი გამოევლინათ.

- ამ მატჩებმა გუნდის რა დადებითი და უარყოფითი მხარეები დაგანახვათ?

- ფიზიკურად სათანადოდ არ ვართ მომზადებულნი და ამ კომპონენტზე ბევრი მუშაობა გვმართებს. გვაკლია ბრძოლისუნარიანობაც. სამაგიეროდ, ისიც დავინახეთ, რომ ტექნიკითა და ბურთის ფლობით ტოლს არავის ვუდებთ.

- როგორ დაგვიხასიათებთ ახალწვეულ ლეგიონერებს?

- ალჟირელი მოჰამედ რეკრუკი საკმაოდ კრეატიული ფეხბურთელია. მოგეხსენებათ, იგი ესპანური "სარაგოსას" მეორე გუნდში იყო და "ზესტაფონი" პირველი კლუბია, სადაც მას ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი მიეცემა. თავიდან შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა და იმედი მაქვს, რომ პროგრესირებას გააგრძელებს.

ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო ფარანი შთამბეჭდავი კარიერით გამოირჩევა, იგი ხომ წლების განმავლობაში ესპანურ პრიმერადივიზიონში თამაშობდა და დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება ძალიან წაგვადგება. ორიოლმა "ზესტაფონთან" ერთად მხოლოდ ათი დღე ივარჯიშა და გუნდთან ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის.

ბულგარელი საყრდენი დიმიტარ პეტკოვი მხოლოდ ერთ მატჩში ვნახეთ. ამიტომ ვერ გავრისკეთ და კონტრაქტი გამოსაცდელი ვადით, სეზონის ბოლომდე გავუფორმეთ. ურიგო ფეხბურთელი არ ჩანს და იმედია, ისიც გაამართლებს ჩვენს მოლოდინს.

- ამ ეტაპისთვის გუნდის დაკომპლექტება უკვე დასრულებულია?

- მოგეხსენებათ, "ზესტაფონში" ახლა გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს და ფაქტობრივად, ახალ გუნდს ვქმნით. ამას საკმაო დრო სჭირდება და შესაბამისად, შემადგენლობაში ცვლილებები უნდა გაგრძელდეს.

უახლოესი თვეების განმავლობაში სელექციას გავაგრძელებთ და შევეცდებით, საინტერესო ქართველი და უცხოელი ფეხბურთელები მოვიძიოთ. ჩვენთვის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ქართველი ახალგაზრდების დაწინაურებაა.

- ამ მომენტისთვის ყველა სათამაშო რგოლში მოაგვარეთ პრობლემები?

- კვლავ პრობლემატურად რჩება მარცხენა მცველის საკითხი, თუმცა იმედი მაქვს, ამ პრობლემას მოვაგვარებთ. გაძლიერება არც სხვა ამპლუებში გვაწყენდა და დროთა განმავლობაში ყველაფერს შევძლებთ.

- "ზესტაფონის" საწვრთნელი ბაზის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი გუნდზე უარყოფითად ხომ არ მოქმედებს?

- გუნდი ჩვეული რეჟიმით განაგრძობს ვარჯიშს, მაგრამ რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, ბაზის მშენებლობა რომ შეჩერდა. წესითა და რიგით, იგი უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, რაც მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და პერსონალს მუშაობას გაუადვილებდა.

- ტრავმების გამო უახლოეს მატჩებში ვინ დაგაკლდებათ?

- ლევან შარიქაძეს უკვე თვე-ნახევარი გაუცდა და იმედია, ძველ კონდიციებს მალე დაუბრუნდება. ჩვენთვის დიდი დანაკლისია თედო გრიგალაშვილის ტრავმაც, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. დაშავებულია რატი წინამძღვრიშვილიც, რაც თავდასხმაში პრობლემებს გვიქმნის.

- რა ხდება გიორგი ხიდეშელთან დაკავშირებით?

- მძიმე ტრავმის გამო მას წელიწად-ნახევარი გაუცდა. მისი სარეაბილიტაციო პერიოდი დასასრულს უახლოვდება, თუმცა გიორგიმ "ზესტაფონიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მის პოზიციას გაგებით ვეკიდებით.

- თასის მერვედფინალში პირველი ლიგის "გურიასთან" მოგიწევთ დაპირისპირება.

- არც ჩემპიონატში და არც თასზე ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არსებობს. "გურია" სიმპათიური გუნდია და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ ამ და შემდეგი სათასო ბარიერების გადასალახავად მაქსიმალურად დავიხარჯებით.

- სეზონის განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე გუნდის ფორმა თქვენთვის დამაკმაყოფილებელია?

- ამ შეკითხვაზე ყველაზე უკეთ პასუხს მოახლოებული ოფიციალური მატჩები გასცემს. პირადად მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ჩვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს. ჩვენი მიზანი უცვლელია - ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, მიზნად ევროთასებზე გასვლას ვისახავთ. აქცენტს ახალგაზრდებზე ვაკეთებთ და მათ თამამად მივცემთ თავის გამოჩენის შანსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონმა" "დავით აბაშიძეზე" ახალწვეულები წარადგინა

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა