21 თებერვალს დიღმის ძიუდოს აკადემიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო
21 თებერვალს დიღმის ძიუდოს აკადემიაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის, რომელშიც თავდაპირველად 50, 60, 74 და 96-ის ფალავნებმა იასპარეზეს.

ტურნირი ფრიად წარმომადგენლობითი აღმოჩნდა - მხოლოდ 21 თებერვალს 124 სპორტსმენი გამოვიდა.

სხვათა შორის, ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა ნაკრების ახალი სამწვრთნელო შტაბის - გიორგი გოგშელიძის, ოთარ თუშიშვილისა და დავით ოთიაშვილისთვის.

ახალი ხელმძღვანელობის მოსვლას თაობათა ცვლის პროცესიც დაერთო. ამიტომ დიღომში ელოდნენ ბევრი ახალი სახის გამოჩენას და მოლოდინიც გამართლდა - თითქმის ყველა წონაში სრულიად უცნობები გამოჩნდნენ, თუ არ ჩავთვლით ჭაბუკთა ნაკრებიდან გადმოსულ ფალავნებს - გიორგი პასიკაშვილს (50), ტარზან მაისურაძეს (74), შოთა ფარტენაძეს და რაუფ შაკულ-ოღლის (ორივე - 60).

ამათგან პირველი სამი ფინალში გავიდა, რაც ადასტურებს, რომ მშვენივრად იასპარეზეს, თუმცა ოქროს მოპოვება მხოლოდ ჭაბუკებში ევროპის ბრინჯაოსპრიზიორმა ფარტენაძემ შეძლო.

თუმცა ეს გასაგებიცაა - ახალ ასაკში დამკვიდრებას ადაპტაციაც სჭირდება, ფარტენაძე კი იმათზე ერთი წლით ადრე გადმოვიდა ახალგაზრდებში.

ახალი სახეები მართლაც ბლომად გამოჩნდნენ და რაც მთავარია, საკმაოდ მაღალ დონეზეც წარმოაჩინეს თავი.

ცხადია, მათ ჯერ აკლიათ საერთაშორისო შეჯიბრებების გამოცდილება, თორემ გუშინდელმა დღემ ნამდვილად ჩაგვისახა იმის იმედი, რომ ნიჭიერი თაობა კვლავაც მოდის და უცხოეთში თავს არც ეს ახალი ნაკრები შეირცხვენს.

ნიკა ტატუაშვილი (50), ლაშა გიგაშვილი (74), ირაკლი გოგობერიშვილი, გიორგი შამათავა (ორივე - 60) - კარგი, ყურადღებამისაქცევი და აღსანიშნავი ფალავნები სხვებიც ბლომად იყვნენ (თუნდაც იგივე შაკულ-ოღლი, რომელიც ტრადიციულად, კარგად გაისარჯა), მაგრამ ამ ოთხეულს განსაკუთრებით გამოვარჩევთ.

ცალკე საუბრის თემაა 96 კილოგრამი, სადაც ჭაბუკთა ნაკრების დონეზეც კი მთლიანად უცნობი მოჭიდავეები გამოვიდნენ წინა პლანზე.

ერთ-ერთი მათგანი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის - ლუკა კურტანიძის შვილი ნოდარ კურტანიძეა, რომელიც მამის წონაში ცდილობს დამკვიდრებას, თუმცა მისგან განსხვავებით, ამჯერად მესამეზე დარჩა.

ოჯახური ტრადიციები ვახსენეთ და ნიკა ტატუაშვილს მამა - მსაჯი და მწვრთნელი ზურაბ ტატუაშვილი ავარჯიშებს.

ამ წონის ფინალი ნიკასა და პასიკაშვილს შორის ერთ-ერთი გამორჩეულად დაძაბული და საინტერესო იყო.

ორივე მოჭიდავე ძალიან სწრაფია, ფრიად ტექნიკური და სხარტიც, რამაც ლამაზი სანახაობა განაპირობა.

პირველი პერიოდი პასიკაშვილის უპირატესობით წარიმართა, რომელმაც სწრაფად მოახერხა მეტოქის ჩოქბჯენში ჩაყვანა, რასაც დატრიალებაც მიაყოლა - 3:0 მის სასარგებლოდ.

ტატუაშვილი დანებებას სულაც არ აპირებდა და დაბალი ნახტომით ფეხში შესვლა დაუპირა, მაგრამ პასიკაშვილიც მომზადებული დაუხვდა და კიდევ ერთხელ ჩაიყვანა ლეიბზე, რასაც მალე მორიგი ქულა მიაყოლა - 5:0.

ამ დროს პერიოდის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და იქნებ მისი მხრიდან ტაქტიკურ დათმობადაც ჩანდა ერთი ქულის დაკარგვა, მაგრამ იმ ეპიზოდში ნურც ტატუაშვილს დავუკარგავთ ბრძოლის წყურვილს და შემართებას, რომლის ძალითაც წარმატებით შევიდა ფეხში - 1:5.

მეორე პერიოდში ტატუაშვილს გამარჯვებაში ეშმაკური ფანდი წაეხმარა - მეტოქე ცრუმანევრით მოძრაობაზე დაიჭირა და დაბლა ჩაიყვანა, მაგრამ იერიში არ შეწყვიტა და იქვე ორქულიანი ტრიალიც მიაყოლა. დამატებით დროშიც ლამის ანალოგიური კომბინაციით 3:0 იმარჯვა და ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

დაძაბული გამოდგა 74-ის ფინალიც მაისურაძესა და გიგაშვილს შორის. გიგაშვილმა კარგი შეხვედრები კი მოიგო, მათ შორის - გოგობერიშვილთანაც, რომელმაც მართლაც ძლიერად იჭიდავა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრის ფავორიტად მაინც მაისურაძე მიიჩნეოდა.

ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორი ხომ უფრო გამოცდილია, თუმცა გიგაშვილმა ყველა პროგნოზი თავდაყირა დააყენა და მეტოქე ყველა ასპექტში დაჩაგრა.

ჯერ იყო და თავიდან მაისურაძე კი ეკვეთა და ფეხის ჩახვევით სცადა მისი გადაგდება, მაგრამ მეტოქემ უფრო მეტად ჩაუხლართა ფეხი, ორმხრივ ჯაჯგურში დაუძვრა კიდეც და იქით დაატრიალა.

მალე ამას კიდევ ერთი ქულა მიაყოლა ჩოქბჯენში ჩაყვანით, ხოლო მეორე პერიოდში წილისყრის შემდეგ ფეხიდან აყვანილიც გაექცა და წრიდან გაყვანით მომგებიანი ქულა მიიღო.

60 კილოგრამის ფინალში ფარტენაძე მთელი თავით აღემატებოდა მიხეილ მამუკაშვილს და, შეიძლება ითქვას, იოლად მოუგო. ჩემპიონი ფიზიკურადაც სჯობდა მეტოქეს და მეორე პერიოდში ამ კომპონენტის გამოყენებით ჯერ ქულის მოპოვება მოახერხა, მერე კი ბეჭებზეც დააწვინა.

96 კილოგრამი ქუთაისელთა შინაურ ასპარეზად იქცა - ფინალში რიონისპირელები გავიდნენ.

პაექრობა გიორგი კაკაურიძის უპირატესობით დაიწყო - პირველი პერიოდის უქულოდ დამთავრების შემდეგ მისი ფერის ბურთულა როლანდ ანდრიაძემ ამოიღო, რაც გამოიყენა და წრიდან გაყვანით ერთი ქულაც მოიპოვა.

მეორე პერიოდშიც ილეთი მან დაიწყო და უნდა შეჰკვროდა, მაგრამ ანდრიაძე დაუსხლტა და წრიდან გაიყვანა, რასაც მალე სამქულიანიც მიაყოლა და ამ პერიოდში 4:0 იმარჯვა.

კაკაურიძეს კიდევ ერთხელ მიეცა გამარჯვების შანსი, როცა დამატებით დროში 1:0 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - შეხვედრის მიწურულს მეტოქემ ფიზიკური ძალით აჯობა და წრიდან გაიყვანა, რაც ბოლო ქულის წესით მის გამარჯვებას ნიშნავდა.

ამ წონაში კარგად იჭიდავა მესამეზე გასულმა გიორგი ნაცვლიშვილმაც, რომელმაც განსაკუთრებით ბრინჯაოსთვის შეხვედრაში დაგვამახსოვრა თავი გიორგი მსახურაძესთან.

დამატებით დროში ნაცვლიშვილი აგებდა, მაგრამ მშვენიერი სარმით უზადო 3-ქულიანი გდება შეასრულა, თუმცა, რატომღაც ეს გდება მეტოქის ბანაკმა გააპროტესტა, მაგრამ უშედეგოდ. ბრინჯაოსმედალოსანთა შეხვედრაში უკვე თავად ნაცვლიშვილი დამარცხდა კურტანიძესთან, რომელმაც ძალისმიერი და დაკვირვებული ჭიდაობით იოლად იმარჯვა.

22 თებერვალს ტურნირში დარჩენილი ოთხი წონის ფალავნები გამოვლენ და ახალი მედალოსნები გამოვლინდებიან.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. ნიკა ტატუაშვილი; 2. გიორგი პასიკაშვილი (ორივე - თბილისი); 3. კახა ირემაძე, გიორგი ფარტენაძე (ორივე - აჭარა).

60 კგ. 1. შოთა ფარტენაძე (აჭარა); 2. მიხეილ მამუკაშვილი (საგარეჯო); 3. რაუფ შაკულ-ოღლი (ქარელი), გიორგი შამათავა (ფოთი).

74 კგ. 1. ლაშა გიგაშვილი; 2. ტარზან მაისურაძე (ორივე - თბილისი); 3. ირაკლი გოგობერიშვილი (ამბროლაური), გიორგი ქვათაძე (საჩხერე).

96 კგ. 1. როლანდ ანდრიაძე; 2. გიორგი კაკაურიძე (ორივე - ქუთაისი); 3. ნოდარ კურტანიძე, გიორგი ნაცვლიშვილი (ორივე - თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს