პირველლიგელმა "გაგრამ" საქართველოს თასის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ტორპედოსთან" 1:1-ს მიაღწია და ამით მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსიც გაუჩნდა
საქართველოს თასის პირველი მერვედფინალური შეხვედრებიდან ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური შედეგი ქუთაისში დაფიქსირდა, სადაც პირველლიგელმა "გაგრამ" "ტორპედოსთან" 1:1-ს მიაღწია და ამით მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსიც გაუჩნდა.

2 მარტს "გაგრა" "ტორპედოს" საპასუხო მატჩში "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს. ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ "ლელოს" რესპონდენტი გუნდის მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძეა, რომელსაც როგორც ქუთაისელებთან განვლილი და მოსალოდნელი შეხვედრების შესახებ, ასევე "გაგრასთან" დაკავშირებულ სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- უპირველესად, ქუთაისში გამართული მატჩი შეაფასეთ.

- გვქონდა დრო იმისთვის, რომ მეტოქე სათანადოდ შეგვესწავლა; ამასთანავე, "ტორპედოსთან" წინა სეზონებში ნათამაშები შეხვედრებიც გავაანალიზეთ და ვფიქრობ, სწორი დასკვნები გავაკეთეთ.

პირველ ტაიმში მეტოქის უპირატესობა აშკარა იყო, "გაგრას" ფეხბურთელებს კი ნერვიულობა ეტყობოდათ. სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ თამაშის ხარისხი მკვეთრად გავაუმჯობესეთ და ანგარიშიც გავათანაბრეთ. მთლიანობაში, საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი იყო.

- მატჩის ბოლოს "გაგრას" გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო...

- დიახ, ჯონ ჯერემიას დარტყმაზე "ტორპედოს" მეკარე ომარ მიგინეიშვილმა სასწაულებრივი რეაქცია გამოამჟღავნა. იგი ჩვენს ჩემპიონატში აშკარად გამორჩეული გოლკიპერია და ამ მატჩში თავისი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

- სტუმრად მიღწეული დადებითი შედეგი თქვენს ფეხბურთელებს, ალბათ, უფრო დიდ ფსიქოლოგიურ წნეხში აქცევს.

- ასეა, მაგრამ ვფიქრობ, ამ დაძაბულობას ბიჭები გაუძლებენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სტუმრად მიღწეულმა 1:1-მა წყვილის ფავორიტად გვაქცია. მთავარი ბრძოლა თბილისში გაიმართება და ყველაფერი აქ გადაწყდება.

აქ კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება გველის, თუმცა იმედიანად ვართ განწყობილნი და ვნახოთ, თავის შანსს უკეთ რომელი გუნდი გამოიყენებს.

- ორი წლის წინ "გაგრამ" საქართველოს თასი მოიპოვა და ფინალში სწორედ "ტორპედოს" სძლია. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელის, უკრაინელი ანატოლი პისკოვეცის თანაშემწე იყავით. გაქვთ იმის იმედი, რომ ტიტულისთვის წელსაც იბრძოლებთ?

- სანამ შანსი გვაქვს, მის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით. ჯერ მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად გველის ბრძოლა და თუ ეს ეტაპი გადავლახეთ, შემდეგ უკვე მორიგი ბარიერის დაძლევაზე ვიფიქრებთ.

- რა სხვაობასა და მსგავსებას ხედავთ ახლანდელ და ორი წლის წინანდელ "გაგრას" შორის?

- კლუბის კონცეფცია და განვითარების გზა უცველია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელს თავისი გემოვნება აქვს. მაშინდელი შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ შემოგვრჩა, თუმცა ამჟამინდელი შემადგენლობა კიდევ უფრო ახალგაზრდულია.

- ნიგერიელი ლეგიონერების, ჯონ ჯერემიასა და უმარ მაგაჯის სათამაშო ფორმას როგორ შეაფასებთ?

- ჯერემია კარგ ფორმაშია და გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია; მაგაჯიმ კი მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ თამაში ცოტა ხნის წინ განაახლა და ჯერ ოპტიმალურ კონდიციებში არ არის, თუმცა მისი იმედიც არანაკლებ გვაქვს.

- "გაგრა" ამ ზამთარში უცხოურ შეკრებაზე არ წასულა. ეს კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით ხომ არ არის გამოწვეული?

- არა, ამ კუთხით ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე უცხოური შეკრება პრიორიტეტული არ იყო. საბედნიეროდ, ამინდებმა ხელი შეგვიწყო და მუხრანში სეზონის მეორე ნახევრისთვის სათანადოდ მოვემზადეთ.

- უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შანსებს როგორ აფასებთ?

- ამჟამად ჩვენი სატურნირო მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, მაგრამ პირველი ლიგის დასრულებამდე ბევრი მატჩია დარჩენილი და სიტუაციის საჩვენოდ შემობრუნებას ვეცდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-გაგრა 1:1 - გაგრული სიურპრიზი და სენსაციის სუნი [VIDEO]

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს