ცხინვალის "სპარტაკის" მეკარემ საქართველოს თასის შეხვედრაში "ვიტ ჯორჯიასთან" ზედიზედ სამი 11-მეტრიანი მოიგერია
საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ცხინვალის "სპარტაკმა" და თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" 1:1 ითამაშეს, პენალტების სერიაში კი სპარტაკელთა მეკარე გიორგი ნადირაძემ ზედიზედ სამი 11-მეტრიანი მოიგერია და მეოთხედფინალშიც "სპარტაკი" გავიდა.

პენალტების სერიაში ყველა დარტყმის მოგერიება - ასეთი რამ იშვიათად ხდება და ნადირაძის ჩაუქობაც ყველამ ყბად იღო.

20 წლის გიორგი ნადირაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარეც გახლავთ, თუმცა ამ ინტერვიუში ნაკრებზე არ გვისაუბრია, იმას კი ვიტყვით, რომ ნადირაძე 21-წლამდელთა ნაკრებშიც სტაბილურად თამაშობს და გუნდის პირველ გოლკიპერად მიიჩნევა.

"სპარტაკამდე" ნადირაძე თბილისის "დინამოში" იყო, ცხინვალურ კლუბში კი მეორე სეზონს ატარებს.

გიორგისთან საუბარი, რა თქმა უნდა, "ვიტ ჯორჯიასთან" სათასო დაპირისპირებით დავიწყეთ.

- "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში რა სტრატეგია აირჩია "სპარტაკის" დამრიგებელმა ვლადიმერ ხაჩიძემ? რა იყო მთავარი დავალება?

- რა თქმა უნდა, თასზე გამოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ძირითად აქცენტს ამ სეზონში მაინც უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაზე ვაკეთებთ. "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩებში რაიმე განსაკუთრებული სტრატეგია არ გვქონია, კონკრეტული დავალებებიც არ ყოფილა. რასაც ჩემპიონატში ვთამაშობთ, ის თამაში უნდა გვეთამაშა, დაცვაში არ ჩავჯექით და შევუტიეთ.

- მაინც რის ხარჯზე მოახერხეთ "ვიტ ჯორჯიას" დამარცხება?

- თუ დააკვირდებოდით, ორივე შეხვედრაში თანაბარი თამაში იყო. მონდომება არც ერთ გუნდს არ აკლდა, თავი არ დაგვიზოგავს, ყველა სპარტაკელმა მაქსიმუმი დადო მოედანზე. უფრო ჩვენ გაგვიმართლა და მოვიგეთ.

- "ვიტ ჯორჯიას" არცთუ ცოტა ჰყავს ისეთი ფეხბურთელი, უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი სტაბილურად რომ უთამაშია - ადამაძე, კასრაძე, გოგიაშვილი, ჯანელიძე, ხურცილავა, გურეშიძე, კორიფაძე... გამოცდილება, ალბათ, უფრო თქვენი მოწინააღმდეგის მხარეს იყო...

- ჩვენც გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები: მეტრეველი, შონია, მგელაძე... გუნდის თამაშიც სწორედ გამოცდილ ფეხბურთელებზეა აგებული. "სპარტაკში" ბევრი არ არის ისეთი, უმაღლეს ლიგაში თამაშის კარგი გამოცდილება რომ ჰქონდეს, მაგრამ შეთამაშებული გუნდი ვართ, ყველამ იცის, ვინ სად უნდა გაიქცეს.

- პენალტების სერიაში პირველი 11-მეტრიანი "ვიტ ჯორჯიას" მეკარე ნიკა დაუშვილმა დაარტყა და ვერ გაიტანა. ასეთი ფსიქოლოგიური დარტყმის შემდეგ დაუშვილს კარში ჩადგომა უწევდა. ტრიბუნაზე ლამის ყველამ იგრძნო, რომ ის პენალტებს ვერ მოიგერიებდა. შენ რომ ყოფილიყავი დაუშვილის ადგილას, წახვიდოდი ასეთ რისკზე?

- მეკარეობამდე დაუშვილი წინ თამაშობდა და ალბათ ამიტომ აიღო ასეთი პასუხისმგებლობა. მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას, თუნდაც მწვრთნელს დაევალებინა ჩემთვის. მე ჩემი საქმე მაქვს - კარის დაცვა.

- პენალტის მოგერიებას ალბათ თავისებური ალღო სჭირდება, მხოლოდ გამართლების ფაქტორი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი...

- პენალტის მოგერიების ალღო ბავშვობიდან მქონდა. ცხადია, ასეთ დროს იღბალიც საჭიროა. "ვიტ ჯორჯიასთან" საპასუხო მატჩის წინ, ვარჯიშზე საგანგებოდ ვიმუშავეთ პენალტებზე და რამდენიმე 11-მეტრიანის მოგერიებაც მოვახერხე.

- როცა მეტოქე პენალტს ურტყამს, მისი ფეხის მოძრაობას აკვირდები თუ რაიმე სხვა საიდუმლო გაქვს?

- პენალტის დროს ზოგი მეკარე დგას და ელოდება, საით წავა ბურთი, ზოგი კი კუთხეს ირჩევს და ნახტომს ამის მიხედვით აკეთებს. მე კუთხეს ვირჩევ. არცერთ მწვრთნელს მოუცია რჩევა ამასთან დაკავშირებით - პენალტის დროს ეს მეთოდი მე თვითონ ავირჩიე.

- ყველასთვის ნაცნობი, თითქმის დოგმამდე მისული ტენდენციაა - თანამედროვე ფეხბურთში მეკარე 190 სანტიმეტრზე დაბალი არ უნდა იყოს. ამის გამო კომპლექსი ხომ არ გაქვს?

- ჩემი სიმაღლე 183 სანტიმეტრია და ამასთან დაკავშირებით კომპლექსი ნამდვილად არ მაწუხებს. ვიცი, ჩემზე ამბობდნენ - დაბალიაო, მაგრამ ყველა ასაკობრივ ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის მეკარე გახლდით.

- ჩაწოდებების დროს, გამოსვლაზე თამაშს, ალღოს გარდა, სიმაღლეც სჭირდება...

- ჩემი არეალი მეკარის ბაქანია და სიმაღლე ამაში ხელს არ მიშლის. სისწრაფე, მოქნილობა, ნახტომი - მაღალი რომ ვიყო, ეს თვისებები კარგად განვითარებული აღარ იქნებოდა.

- ფეხით თამაში - ამ კომპონენტზე რას გვეტყოდი?

- არის მოთხოვნა, რომ ფეხით კარგად ვითამაშო. თანაგუნდელებს არ აქვთ ბურთის უკან დაბრუნების შიში.

- საყვარელი მეკარე?

- იკერ კასილიასი. ალბათ იმიტომაც, რომ არ არის ისეთი მაღალი, როგორც სხვა ცნობილი მეკარეები.

- ქართველი მეკარეებიდან ვის გამოარჩევდი?

- "დინამოში" გიორგი ლორიასთან ერთად მომიწია ყოფნა. ძალიან კარგი პროფესიონალი, ჩამოყალიბებული მეკარეა. სხვა ქართველ მეკარეებსაც დიდ პატივს ვცემ, გამორჩევით კი არავის გამოვარჩევ.

- 6 მარტს თასის მეოთხედფინალის კენჭისყრაა. ნახევარფინალში გასვლის რა შანსი უნდა ჰქონდეს "სპარტაკს"?

- ახალგაზრდული გუნდი ვართ, თასის მერვედფინალში ფსიქოლოგიური წნეხი მაინც იყო, ახლა კი ეს ზეწოლა მოხსნილია. "სპარტაკი" უფრო თავისუფლად ითამაშებს, ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ჩვენი გუნდის ფეხბურთელების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ თავს არ დავზოგავთ და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 1:1 (პენ. 3:0) - დაპირისპირების გმირი მეკარეა

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი 1:1 - ახია ჩვენზე, ჟურნალისტებზე...

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა