7 მარტს ჭიდაობის ფედერაციაში 19-24 მარტს სპორტის სასახლეში გასამართი ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა
7 მარტს საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში 19-24 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გასამართი ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძესთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე თამაზ თევზაძე უძღვებოდნენ.

"ეს ჩემპიონატი ისე უნდა ჩავატაროთ, როგორც საქართველოს და ქართველ ხალხს ეკადრება.

ეროვნულ ნაკრებებთან ერთად, ყველა უნდა ვეზიაროთ იმ სიხარულს, რასაც ჩვენი წარმატება ჰქვია.

სამინისტროსთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ყველა ტექნიკური საკითხი, ყველა დეტალი დროულად მოვაგვაროთ" - თქვა შესავალ სიტყვაში კურტანიძემ, რომელმაც ხაზი ამ ტურნირით ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების დაინტერესებასაც გაუსვა.

მისი თქმით, მზადების ეტაპს თვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. ამასთან, შეჯიბრების მაღალორგანიზებულად ჩასატარებლად სამინისტროს გარდა, სამთავრობო კომისიაცაა შექმნილი.

"ჭიდაობაში ამ დონის ტურნირი პირველად ტარდება საქართველოში და მისი ღირსეულად მასპინძლობა ძალზე მნიშვნელოვანია.

სპორტის სამინისტრო ჭიდაობის ფედერაციასთან ერთად ყველაფერს აკეთებს საამისოდ.

საორგანიზაციო საქმეებში მინისტრთა კაბინეტია ჩართული, რამე პრობლემა რომ არ შეიქმნას. უკვე ყველა დეტალი გაწერილია და დამუშავებული.

ჩემპიონატში 47 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მთლიანად კი თბილისში 1000-მდე სტუმარს ველოდებით.

შეჯიბრების გარდა, საერთაშორისო ფედერაცია სამსაჯო თუ სხვა სახის სემინარებს და კონგრესსაც მართავს, გვეწვევიან სხვადასხვა ქვეყნის ჭიდაობის ფედერაციათა პრეზიდენტები. 14 მარტიდან უკვე დაიწყება სტუმრების ჩამოსვლა და მათ სამასპინძლოდ მზად უნდა ვიყოთ.

ტექნიკურად ყველა საკითხი შეთანხმებულია, მათ შორის - გახსნა-დახურვის ცერემონიალი" - თქვა ყიფიანმა.

მისივე ცნობით, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში აღინიშნება ლევან თედიაშვილისა და გურამ საღარაძის საიუბილეო თარიღები, რომელთაგანაც პირველს დაბადების დღე 15 მარტს, მეორეს კი 21-ში აქვს.

"მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში ატეხილი იმ ცნობილი სკანდალის შემდეგ ეს პირველი ოფიციალური ტურნირია. თან ევროპის კონტინენტი ჭიდაობაში წამყვანია და ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, ამ პირველობის მასპინძლობით ქართულმა საჭიდაო სამყარომ თავისი წვლილი შეიტანოს იმ საერთო საქმეში, რომ ჭიდაობა დარჩეს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში" - განაცხადა თევზაძემ.

გამომსვლელებმა ძალიან ბევრი ისაუბრეს ჩემპიონატის გაშუქების, მისი პოპულარიზაციის თუ მაყურებელთა მოზიდვის საქმეში მასმედიის როლზე.

პრესკონფერენციის ძირითადი ნაწილიც ამ თემაზე საუბარმა წაიღო, რადგან სპორტის სასახლეში მთლად იდეალური პირობები არ არის ჟურნალისტთა მუშაობისთვის. სხვას თავი დავანებოთ, პრესლოჟაში ინტერნეტიც კი არაა ხეირიანი, რომ შეუფერხებლად იმუშაო; არა და არ დაადგა საშველი პრესცენტრის მოწყობასაც, რომ იქ თუნდაც მაგიდა-სკამები მუდმივად იდგეს და ყოველი შეჯიბრების წინ ტურნირის ორგანიზატორ ფედერაციას საძებარი არ ჰქონდეს ეს ელემენტარული რამეც კი.

სხვა საქმეა, რომ ჟურნალისტებს პრესლოჟიდან პრესცენტრში მოსახვედრად ცხრა პარტია კიბეებზე გვიწევს ასვლა-ჩამოსვლა. ლოჟაში ერთადაა ადგილები ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებისა და ტელეოპერატორებისთვის, რაც ისედაც ვიწრო ფართს საერთოდ გაუვალს ხდის.

არადა, უცხოეთში ყველა ნორმალურ ბაზაზე ტელეოპერატორებს ცალკე ქანდარა ეთმობათ. სპორტის სასახლე არც ტექნიკურადაა მზად ასეთი მასშტაბის შეჯიბრებების მასპინძლობისთვის.

მაგალითად, ძალზე მოუხერხებელია და პატარაა მოსათელი დარბაზი, რომლისთვისაც ხან დერეფანს გადატიხრავენ ხოლმე და ხან კალათბურთელთა დარბაზს იყენებენ, თუმცა იქაც ისეთი სიმჭიდროვეა...

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამ დარბაზშიც უნდა იყოს გათბობა, მონიტორები, ტელევიზორები, სადაც გამოსვლის მოლოდინში მყოფი ფალავნები საკუთარ რიგსაც მიადევნებენ თვალს და - ტურნირის მსვლელობას, კონკურენტთა გამოსვლებსაც.

არადა, სპორტის სასახლეში ფართი არის, მაგრამ იმდენად მოუხერხებელი კონსტრუქციაა, ვერ იყენებ.

სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინ ფედერაციებთან შეხვედრისას თევზაძემაც გაუსვა ხაზი, რომ შენობა ერთ დროს ნამდვილად იყო პროგრესული მოვლენა ქართული სპორტისთვის, თუმცა დღევანდელ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.

ყიფიანმა განმარტა, რომ დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში სპორტის სასახლეში სერიოზული რეფორმები ვერ ჩატარდებოდა, სამომავლოდ კი ახალი სასახლის აშენება იგეგმება, სადაც სპორტის თანამედროვე მოთხოვნები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

კურტანიძე დაგვპირდა, რომ ფედერაცია ყველაფერს გააკეთებს პრესცენტრის ნორმალურად, შეუფერხებლად მუშაობისთვის და დახმარება ჟურნალისტებსაც გვთხოვა, რათა ჩემპიონატი კარგად გაშუქდეს.

არადა, ეს მით უფრო საშური საქმეა, რომ, როგორც თევზაძემ გვითხრა, 20-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა უკვე გამოთქვა ჩამოსვლის სურვილი, აკრედიტაცია კი 8 მარტიდან იწყება.

მსურველებს სააკრედიტაციო ფორმის შევსება სპორტის სამინისტროს საიტის მეშვეობით შეუძლიათ.

ჩემპიონატის გასაშუქებლად 8 მარტიდან ჭიდაობის ფედერაციის საიტიც ამოქმედდება, რომელთან ერთადაც სამინისტროს საიტიც იმუშავებს.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია პირდაპირ რეპორტაჟსაც მოამზადებს, ჩვენები კი ამაში მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს.

პრესკონფერენციას ახალგაზრდების დიდი ჯგუფიც ესწრებოდა - ესაა ეგრეთ წოდებული მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც ტურნირს მოემსახურებიან.

კურტანიძის განმარტებით, ჩემპიონები მედლებთან ერთად ქართულ ქამრებსაც მიიღებენ საჩუქრად, როგორც ეროვნულ სუვენირს.

საერთოდ, ჩემპიონატი კულუტურული ღონისძიებით დატვირთული იქნება, რათა ქვეყნის პოპულარიზაციის ასეთი ჩინებული შანსი გამოვიყენოთ და სტუმრებს გავაცნოთ ჩვენი კულტურა.

თვით ჩემპიონატს რაც შეეხება, საშეჯიბრო ნაწილი 19 მარტს კი იწყება, თუმცა ოფიციალური მხარე ბევრად ადრე გაჩაღდება.

მაგალითად, 17-ში უკვე მსაჯთა დეპარტამენტის შეხვედრაა. იმავე დღეს ჩამოვლენ ინსტრუქტორები FILA-დან და მსაჯები.

18 მარტს მსაჯთა სემინარი და ჭიდაობის ევროპული ფედერაციის (ჩელა) კონგრესია.

19-ში უკვე ჭიდაობები დაიწყება და თავდაპირველად ტურნირში თავისუფალი სტილით მოჭიდავენი და ქალები ჩაებმებიან - პირველი ოთხი დღე მათ დაეთმობათ.

19-ში ვაჟთაგან 66-96-ის ფალავნები იჭიდავებენ, ქალთაგან კი - მხოლოდ 48 კილოგრამის წარმომადგენლები. 20-ში ლეიბზე "თავისუფალთაგან" 55-60, ქალთაგან კი 51-59-ის მოჭიდავეები გავლენ.

21 მარტს ვაჟთაგან 74-120-ის ათლეტები იასპარეზებენ, მანდილოსანთაგან - 55-67-ის. 22 მარტს "თავისუფალთა" ტურნირს 84-კილოგრამიანი ფალავნები დაასრულებენ, ქალებისას - 63 და 72-იანები.

23-24 მარტი ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ. თავდაპირველად 55, 60, 96 და 120-ის მოჭიდავებს ვიხილავთ ასპარეზზე, 66, 74 და 84 კილოგრამების წარმომადგენლები კი ჩემპიონატის ბოლო დღეს, 24 მარტს იჭიდავებენ.

ტურნირის რეგლამენტი განსხვავებული მხოლოდ პირველ დღესაა - საკვალიფიკაციო წრის შეხვედრები 19 მარტს, 13 საათზე დაიწყება და 17-მდე გაგრძელდება. 17.15-ზე პირველობის გახსნის ცერემონიალი დაიწყება, რომელიც ზუსტად ნახევარ საათს გასტანს, ფინალური ბლოკი კი 18 საათზე დაიწყება და 20-ზე დასრულდება.

დანარჩენ დღეებში განრიგი ერთნაირია - საკვალიფიკაციო ეტაპი 13 საათზე დაიწყება, ფინალები - 18 საათზე...

7 მარტის პრესკონფერენციაზე მაყურებელთა დასწრების აუცილებლობაზეც არაერთხელ ითქვა, რაც მართლაც საშურია.

ბილეთის ფასი ჯერ დადგენილი არაა, თუმცა, როგორც არაოფიციალურად გვითხრეს, ვარაუდობენ, რომ 2-5 ლარის ფარგლებში იქნება.

ამასთან, იმუშავებს აბონენტების სისტემაც, რაც ევროპის პირველობაზე დასწრების მსურველებს (ასეთი კი, დარწმუნებულნი ვართ, ბევრი იქნება) ფინანსურ შეღავათებს მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა