დღის წესრიგში აზერბაიჯანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონი საიპულა აბსაიდოვის შეცვლის საკითხი დადგა
ცოტა გასაკვირია, რომ დღის წესრიგში აზერბაიჯანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონი საიპულა აბსაიდოვის შეცვლის საკითხი დადგა.

ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მოპოვებულ გამარჯვებებს თავი რომ დავანებოთ, ლონდონის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანელებმა სულ ორი ოქრო მოიპოვეს და ორივე აბსაიდოვის შეგირდებმა - ტოგრულ ასკეროვმა (60) და შარიფ შარიფოვმა (84).

ბრიტანეთში ამ გუნდის კიდევ ერთი წევრი გახდა პრიზიორი - ხეტაგ გოზიუმოვი (96) მესამეზე გავიდა. იმ თამაშებში ჩვენმა მეზობლებმა ჯამში 10 მედალი ირგუნეს და აქედან 3 აბსაიდოვის გუნდზე მოდის!

თუმცა მწვრთნელობა ხშირად უმადური საქმეა და იქნებ ახლაც მსგავსი შემთხვევაა. ამ ამბავმა კი ჩვენი ყურადღება იმით მიიქცია, რომ აბსაიდოვის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად საქართველოს ნაკრების ყოფილი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელიც განიხილება.

მისივე თხოვნით, ჩვენებურის ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცა ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის წინ ბაქოშიც ჩავიდა იქაური ფედერაციის მიწვევით და მოლაპარაკებათა პირველი რაუნდიც გამართა.

ცხადია, ბაქოელებს ჯერ კონკრეტულად არაფერი უთქვამთ, რადგან სხვა კანდიდატებსაც განიხილავენ, თუმცა საკმაოდ გაცხრილულ სიაში ჩვენებურიც რჩება.

აბსაიდოვისთვის აზერბაიჯანში საქმიანობის მთელი ამ წლების განმავლობაში თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი იყო ერთადერთი ჩაგდებული ტურნირი, სადაც ოლიმპიური ჩემპიონების გარეშე იასპარეზა - ისინი ჯერ კიდევ ისვენებენ და განცხრომით ტკბებიან, შარიფოვმა კი უქმობით ისარგებლა და ცოლიც მოიყვანა.

ლიდერთა დანაკლისის მიუხედავად, იქაური ფედერაცია უკმაყოფილო დარჩა თბილისური შედეგით - ორი ბრინჯაო (იაშარ ალიევი, 55 კგ, ჯამალედდინ მაგომედოვი, 120 კგ) და ბაქოში დაბრუნებულმა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აჯდად ჯაფაროვმა ინტერნეტსაიტ azerisport.com-თან საუბარში მომხდარში მწვრთნელი დაადანაშაულა.

თან იქვე მიუთითა, რომ არც მის შეცვლას გამორიცხავდა. თუმცა მაინც გვგონია, რომ ეს წაგება საბაბია, რადგან აბსაიდოვის შეცვლაზე ხმები არაოფიციალურად ჯერ კიდევ ევროტურნირამდე დაირხა და, როგორც გითხარით, ჩვენებური მოსალაპარაკებლად ევროპირველობამდე იყო ჩასული ბაქოში.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელებმა აბსაიდოვის წინამორბედი, მოსკოვის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, დაღესტნელი ავარელი მაგომედხან არაცილოვიც ასე უცნაურ ვითარებაში, ერთი შეხედვით, ზეობის ჟამს შეცვალეს.

უფრო სწორად, ის თავისით წავიდა ბაქოდან - ჩაალაგა ბარგი და ისე გაემგზავრა დაღესტანში, ფედერაცია არც გააფრთხილა.

სარწმუნო წყაროები ამბობენ, რომ მას შეპირებული თანხა არ გადაუხადეს და ამან გაანაწყენაო. აღსანიშნავია, რომ აბსაიდოვიც დაღესტნელია, ოღონდ - კუმიკი და არაცილოვის მეგობარი. ორივემ მოსკოვში მოიპოვა ოლიმპიური მედალი.

მოკლედ, აზერბაიჯანელებმა მიიჩნიეს, რომ დაღესტნელებში არ უმართლებთ და ახლა თვალი ქართველებსაც დაგვადგეს. თუმცა ეს შემთხვევა რომც გამოვიდეს, მაინც არ იქნება "პირველი მერცხალი", რადგან 2009 წელს იქაურ ბერძნულ-რომაულ ნაკრებს უკვე წვრთნიდა ოთარ ტატიშვილი.

ისე, კაცმა რომ თქვას, აზერბაიჯანელები ცოტა უცნაურად ექცევიან მწვრთნელებს - "თავისუფლებზე" უკვე გითხარით და იმავე ბერძნულ-რომაულში ტატიშვილის შემდეგ ჯერ თავისივე მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ფარიდ მანსუროვი ჰყავდათ, მერე - თურქი სალეხ ბორა, ახლა კი გუნდს ირანელი ჯამშიდ ხაირაბადი წვრთნის და იმასაც გაჰკრეს კბილი თბილისური ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს გამო.

პრაქტიკულად, სამ წელიწადში სამი მწვრთნელი შეცვალეს, რაც ნამდვილად არაა ნორმალური ვითარება. მართალია, მანსუროვსა და ბორას არც შედეგები ჰქონდათ, მაგრამ მათი კვალიფიკაცია იმთავითვე ეჭვს იწვევდა და ამხელა ამბიციების გუნდში მიწვევაც გასაკვირი იყო.

ამის მიუხედავად, გაგვიხარდება, თუ ჩვენებურს მიიწვევენ, რაც ქართული სამწვრთნელო სკოლის კიდევ ერთი აღიარება იქნება. თუმცა თავად მოლაპარაკებათა გამართვის ფაქტიც ამის დასტურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaxvax
აზერები ხოველმხრივ იყენებენ ქართველებს.რომ ჰკითხოთ ფეხბურთიც მათი მოტანილია კავკასიაში(სომხებმა არ გაიგონონ)
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს