თავისუფალი სტილით მოჭიდავე წონის გამოცვლასა და განვლილ ტურნირზე საუბრობს
ლონდონის ოლიმპიადის ფინალისტი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე 21 წლის გორელი ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური თამაშების შემდეგ 55 კგ წონითი კატეგორიის ნაცვლად 60 კგ-ში ასპარეზობს.

წონის შეცვლიდან ნახევარი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი გახდა. ამას წინათ თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მისგან წარმატებებს მიჩვეულები ვართ, მაგრამ წონის გამოცვლა და ახალში დამკვიდრება იოლი საქმე არავისთვისაა. ლადო ხინჩეგაშვილთან ინტერვიუში ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ.

- ლადო, ევროპის ჩემპიონატისათვის მომზადებით თუ იყავი კმაყოფილი?

- მოსამზადებელი ეტაპი ურიგოდ ნამდვილად არ გამივლია. ნორმალურ ფორმაში ვიყავი. მართალია, ხანდახან სახსრების ტკივილი სრულყოფილად დატვირთვაში ხელს მიშლიდა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ იმ მომზადებით, როგორითაც ევროპის ჩემპიონატს შევხვდი, სავსებით შესაძლებელი იყო უმაღლესი შედეგის მიღწევა.

სახსრების ტკივილს ადრე არ ვუჩიოდი და ნამდვილად არ ვიცი, რისი ბრალია. უახლოეს დღეებში ვაპირებ სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას, თუმცა ვფიქრობ, რომ საგანგაშო არაფერია.

- ახალ წონაში გადასვლის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატი იყო. შენ 2011 წელს ამ შეჯიბრებაზე 55 კგ-ში უკვე გქონდა მოპოვებული ვერცხლის მედალი. სამწუხაროდ, ახლაც ცოტა დაგაკლდა ოქრომდე.

- გულშემატკივრის გადასახედიდან, შესაძლოა, სხვაგვარად ჩანს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებამდე გზა, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს ფალავანს. თუმცა 2011 წლის ფინალი მართლა დასანანი იყო, რადგან რუსების ჯამალ ოთარსულთანოვთან ორივე პერიოდს ვიგებდი, საბოლოოდ კი ხელიდან გამომეცალა გამარჯვება.

- რატომ, რა მიზეზით?..

- აღარ მინდა გახსენება...

- ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი დიდი უპირატესობით მოგებული შეხვედრით დაიწყო...

- დიახ, ესტონელ ალექსეი ბასკაკოვთან მოგება არ გამჭირვებია, ორ პერიოდში 3:0, 8:0-ით ვძლიე, მაგრამ, სამაგიეროდ, აზერბაიჯანელი ალიევია ძლიერი და საკმაოდ ენერგიული მოწინააღმდეგე. მასთან სამ პერიოდში 1:0, 2:6. 3:1 კი მოვიგე, თუმცა ძალიან დავიღალე და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ძვირად დამიჯდა ეს გამარჯვება.

მალ-მალე მიწევდა არენაზე გასვლა. დაღლილობა შესაბამისად აისახა რუს ოპან სატთან ასპარეზობისასაც, თუმცა მასთან მაინც უნდა მომეგო.

- დაჯილდოების შემდეგ მედიასთან კომენტარში შეცდომა ახსენე. იქნებ დააკონკრეტო...

- დააკვირდებოდით, რომ პირველ პერიოდში, როცა 0:1-ს ვაგებდი, საკმაოდ სახეირო პოზიციაში მოვიხელთე სატი.

იქიდან ქულის აღება თითქმის არ წარმოადგენს სიძნელეს, მაგრამ მე ორქულიანი მოვინდომე და ბოლოს ერთიც დავკარგე.

არადა, ერთიც რომ ამეღო, ბოლო ქულით პერიოდს მე ვიგებდი და რა მოხდებოდა მომდევნო რაუნდში, არავინ იცის. მეორე რაუნდი ყაიმით დასრულდა, ბურთულა რუსმა ამოიღო და ფეხში შესვლის უპირატესობა მას ერგო, რაც გამოიყენა კიდეც.

- გარდა იმისა, რომ ოპან სატი ახლა უკვე სამგზის ევროპის ჩემპიონია, საინტერესოა მისი შენეული შეფასება.

- რასაკვირველია, ტიტულებიც ბევრს მეტყველებს. მან სამჯერ იჭიდავა ევროპის ჩემპიონატზე და სამივეჯერ გაიმარჯვა. სატის ტაქტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ის მოწინააღმდეგეს არ აძლევს ჭიდაობის საშუალებას, სულ თვითონ მუშაობს არენაზე. ძალიან ძლიერია. რუსეთში მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ბესიკ კუდუხოვი ახერხებს მის დამარცხებას.

- ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში თურქი მუნირ აქთაში დაამარცხე...

- აქთაშს ზამთარში იაშარ დოგუს ტურნირზე შევხვდი, სადაც მოსაგებად სამი პერიოდი დამჭირდა. იქ თითო რაუნდში ბურთულის უპირატესობით ვიმარჯვეთ ორივემ, საბოლოო წარმატება კი მესამე რაუნდში ქულებით მე მოვიპოვე. ამჯერად თურქის დასამარცხებლად ორი რაუნდი მეყო - 3:1, 6:0. მიმაჩნია, რომ ჩემპიონატზე უკეთესი შეხვედრა სწორედ აქთაშთან ჩავატარე.

- სანამ ევროპის ჩემპიონატზე გამოხვიდოდი, იაშარ დოგუს ტურნირის მოგებასთან ერთად, საქართველოს ჩემპიონიც გახდი. ახალ წონაში ეს გამარჯვება იოლი არ ყოფილა...

- გულმოდგინედ მოვემზადე, რადგან ვიცოდი, დიდი ძალისხმევა იქნებოდა საჭირო ახალ წონაში ადგილის დასამკვიდრებლად. შეჯიბრება მართლაც დაძაბული გამოდგა.

განსაკუთრებით ლომთაძესთან დაპირისპირებაა აღსანიშნავი. მიუხედავად ჩემპიონობისა, შიდა სარბიელზე 60 კგ-ში ლიდერის ადგილის დასამკვიდრებელი ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. მსოფლიოს ჩემპიონატისათვის შემადგენლობა ალბათ საქართველოს თასის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

- დაბოლოს, ამ გადასახედიდან, როგორ უყურებ გადაწყვეტილებას 60 კგ-ში გადასვლასთან დაკავშირებით?

- სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ნაბიჯი სწორი და ამავე დროს, დროული იყო. 55 კგ-ში წონის გამუდმებული კლებით ვტანჯავდი ორგანიზმს. ოლიმპიადამდე წონას ვერ შევიცვლიდი, რადგან ლიცენზია უკვე ხელთ მქონდა. მერე კი თამამად ავინაცვლე 60 კგ-ში და გაცილებით თავისუფლადაც ვემზადები შეჯიბრებებისათვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი გორის უნივერსიტეტში დააჯილდოვეს

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: დებიუტისთვის კარგი შედეგია, მაგრამ მეტი შემეძლო

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...