23 აპრილს სუპერლიგის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა
"ბაიერნი"-"ბარსელონა" - ამ შეხვედრას ფეხბურთის ბევრი ქომაგი ელოდა და ერთი მხარისთვის მოლოდინი ბოლომდე გამართლდა.

ფეხბურთიც მიყვარს, მაგრამ თუ ვიტყვი, რომ უფრო საინტერესო სანახავი "არმია"-"დინამოს" საკალათბურთო დაპირისპირება გამოდგა-მეთქი, არ გაგეცინოთ.

დარწმუნებული ვარ, ვინც სუპერლიგის ეს შეხვედრა საკუთარი თვალით იხილა, ნამდვილად არ გაეცინება, რადგან მოვლენები ისე განვითარდა, ჰოლივუდის ყველაზე ნიჭიერ რეჟისორსაც კი შეშურდებოდა.

რა მოხდა ზემოთ აღნიშნულ დაპირისპირებაში, უშუალოდ მიმოხილვაში წაიკითხავთ.

მანამდე ორი შეხვედრა გაიმართა: "ოლიმპმა" თსუ-სთან საჩემპიონო ამბიციები გამოამჟღავნა, ხოლო "შსს აკადემიამ" მისთვის დანავსული მეოთხედფინალური სერია "სოხუმთან" მოგებით გახსნა.

23 აპრილს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ რეგულარული ეტაპის მოგებას დიდი ფასი ჰქონდა.

"ოლიმპმა" რეგულარულის ჩემპიონობა "შსს აკადემიას" ბოლო მომენტში აართვა და მეოთხედფინალის აუტსაიდერ თსუ-ს შეხვდა.

სტუდენტებს შესაძლოა, "აუტსაიდერის" სტატუსის მინიჭება არ ესიამოვნოთ, მათ მართლაც არაერთი კარგი კალათბურთელი ჰყავთ, მაგრამ გუნდი არათანაბრადაა დაბალანსებული და მთავარი მინუსი - ნომინალური ცენტრის არყოლა ყველაზე მკაფიოდ სწორედ "ოლიმპთან" გამოჩნდა.

საქმე ისაა, რომ ოლიმპელთა ღირსებას სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეფარე (ზოგის აზრით, საუკეთესო) სტევან მილოშევიჩი იცავს.

სერბმა ცენტრმა 23 აპრილს 16 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, "ოლიმპმა" კი ფარქვეშიდან მოგროვილი ქულების მიხედვით აშკარად დაჩაგრა თსუ - 46:24. მოხსნებშიც საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა - 58:41.

მეოთხედების ანგარიშებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ პირველ პერიოდში 17 ქულის სხვაობით ჩამორჩენის შემდეგ თსუ-ს თამაშის გადარჩენის შანსი არ მისცემია.

"ოლიმპში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა განგებ საპლეიოფოდ ჩამოყვანილმა დარენ მურმა. ამერიკელ გამთამაშებელს ეტყობა, ან აკლიმატიზაციის გავლა ვერ მოასწრო, ან ჯერ სათანადო ფორმაში არ არის.

"შსს აკადემია" და "სოხუმი" ერთმანეთს მეოთხედფინალში ზედიზედ მესამედ ხვდებიან. წინა ორ შემთხვევაში, ისევე, როგორც ახლა, ფავორიტად შსს ითვლებოდა, მაგრამ სოხუმელებმა ორჯერვე დაამტკიცეს, რომ სტატუსებს არაფრად აგდებენ და სერიები ერთნაირი ანგარიშით, 2:1 მოიგეს.

ვაჟა კვარაცხელიას წლეულსაც ამბიციური გუნდი ჰყავს, მაგრამ აქამდეც არაერთხელ დაგვიწერია, რომ არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალანსებული და ძლიერი გუნდი "შსს აკადემია" სწორედ ამ სეზონშია.

მოკლედ, ამბიციების ჭიდილში 23 აპრილს გამარჯვება აკადემიელებს დარჩათ. თუმცა, ამით მეოთხედფინალი არ დასრულებულა, სერია ორ მოგებამდეა.

მაინც რის ხარჯზე მოიგო გიორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილმა გუნდმა? მაღალი კლასის უცხოელები რომ ჰყავს, ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ სერიის პირველ შეხვედრაში გამარჯვების მთავარი მიზეზი სტაბილურობა იყო.

სოხუმელთა უკანახაზელმა ირაკლი ჩლაიძემ აღნიშნა: რიგ ეპიზოდებში შესანიშნავი კალათბურთი ვითამაშეთ, შეტევაშიც კარგად ვეხმარებოდით ერთმანეთს და დაცვაშიც, მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდები იყო, მატჩი კი 40 წუთს გრძელდება და საერთო ჯამში, უკმაყოფილო ვარო.

ასე რომ, თუ "სოხუმის" აფეთქებას დაღმასვლა მოსდევდა, "შსს აკადემია" არჩიბექის ნაბიჯებით, დინჯად მიიწევდა წინ და სწორედ მაშინ იფეთქა, როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა: საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე სოხუმელთა 7:0 გაქცევა გრიგოლ შვანგირაძემ სამქულიანით დაასრულა და ჩამორჩენა სამამდე შეამცირა (59:62).

ამის შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ "შსს აკადემია" ჩანდა, რომლის გამთამაშებელმა დეონტა ვონმა ქულებს პასები შეაწება და 14:0 გაქცევა "გამოაცხო". ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.

"ოლიმპის" მსგავსად, 46 ქულა ჩააგდო სამწამიანი ზონიდან "შსს აკადემიამ", საპასუხოდ კი ამ ზონიდან მხოლოდ 20 მიიღო.

ჩვეულად ვერ გაისარჯა სერგო ათუაშვილი, რომლისგანაც სოხუმელები გაცილებით მეტს ელოდნენ. მან მხოლოდ 2 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. 24 ქულას გამორჩა ვახტანგ ქადარია, ხოლო მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი კირკ არჩიბექმა შეასრულა - 20 ქულა, 16 მოხსნა.

სუპერლიგური დებიუტი 7 ქულით აღნიშნა კვიპროსელმა ვასილის კუნასმა. დაველოდოთ მომდევნო შეხვედრებს და ვნახოთ, რა სარგებლობას მოუტანს იგი შსს-ს.

"არმია"-"დინამოს" შეხვედრის დაწყებამდე დინამოელთა გულშემატკივრებმა შუშხუნები აანთეს და დარბაზში ნისლი ჩამოწვა. ასეთ სიტუაციაში "ჯარისკაცებს" ორიენტირება არ გასჭირვებიათ და 11:0 დაწინაურდნენ.

ისინი მეოთხე პერიოდამდე ინარჩუნებდნენ უპირატესობას, ქომაგს კი საშუალება მიეცა, სწრაფი და სანახაობრივი შეხვედრისთვის მიედევნებინა თვალი.

მეოთხე რაუნდში დინამოელები მეტოქეს დაეწივნენ და გადაასწრეს კიდეც, მაგრამ ბოლო წუთზე ყველაფერი ისე წარიმართა, რომ სირენამდე 8 წამით ადრე ბევრი ვერ წარმოიდგენდა, როგორ შეიძლებოდა "არმიას" მატჩი დაეთმო. აი, რა მოხდა ბოლო წუთზე:

0:58 ლეჟავა (არმია) 2ქ (61:60)

0:30 გამყრელიძე (არმია) 2ქ (63:60)

0:18 გამყრელიძე (არმია) 1ქ (64:60)

0:09 ჩიკვილაძე (დინამო) 2ქ (64:62)

0:08 შარაბიძე (არმია) 1+1ქ (66:62)

0:05 კარტერი (დინამო) 2ქ (66:64)

0:01 ორმოცაძე (დინამო) 2+1ქ (66:67)

სირენამდე 5 წამით ადრე ბურთი გვერდიდან ბექა ჩიკვილაძემ შეიტანა და ერთი შეხებით ქიენ კარტერმა კალათში მოათავსა.

"არმიას" 5 წამის გაყვანაღა სჭირდებოდა, მაგრამ გვერდიდან შეტანილი ბურთი ახალგაზრდა გიორგი ორმოცაძემ ჩაჭრა, სწრაფად გადაკვეთა მეტოქის ნახევარი და ანგარიში გაათანაბრა.

სირენამდე წუთით ადრე მასზე იყო დამოკიდებული, შეხვედრა ოვერტაიმში გაგრძელდებოდა, თუ "დინამო" საოცარ მატჩს მოიგებდა. ორმოცაძემ ტყორცნა ზუსტად შეასრულა და დღის გმირი გახდა.

ნამატჩევს დინამოელთა დამრიგებელმა ირაკლი ხოშტარიამ აღნიშნა:

"დღეს ჩვენ გაგვიმართლა. კალათბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ყველა მატჩი 40 წუთს გრძელდება და ბოლომდე ბრძოლა აუცილებელია. ასეთი შემთხვევები ხშირად არ ხდება, მაგრამ სწორედ მსგავსი მოვლენები აძლევს კალათბურთს სანახაობრიობას".

"არმიას" თავკაც კოტე ტუღუშს ჟურალისტებმა ერთი ეპიზოდი გავახსენეთ: ბოლო წუთებზე დინამოელთა მიერ აცილებული საჯარიმო ტყორცნის შემდეგ არბიტრებმა ანიშნეს, რომ ბურთი არმიელის ხელიდან კალათში ჩავარდა. საინტერესოა, დამცველი მართლა შეეხო ბურთს?

"სადავო ეპიზოდია. როგორც დავინახე, ბურთი საყვარელიძეს არ შეხებია. ამიტომ 2 ქულა არ უნდა ჩათვლილიყო.

ამ ეპიზოდს კიდევ გავიმეორებთ და განვიხილავთ. რაც შეეხება ბოლო წამებზე ბურთის ჩაჭრას, მომეჩვენა, რომ იმ მომენტში ბესიკ ლეჟავაზე დაჯარიმდნენ, მაგრამ არბიტრებმა წესების დარღვევა არ დააფიქსირეს.

თუმცა ამით თავის გამართლებას არ ვცდილობ, ასეთი მატჩი არ უნდა წააგო. ბოლოს ძალიან უხეში შეცდომები დავუშვით".

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ დროა, საქართველომ ევროპულ კალათბურთს აუწყოს ფეხი და მსაჯებმა ვიდეოგამეორებების დახმარებით სადავო ეპიზოდები სამართლიანად გადაწყვიტონ.

ეს "დინამოსთვისაც" კარგი იქნება, "არმიასთვისაც", სხვა გუნდებისთვისაც და თავად არბიტრებისთვისაც.

თუმცა, ერთი რამ ცხადია: შეხვედრის სადავო ეპიზოდები გიორგი ორმოცაძისა და "დინამოს" გმირობას ჩრდილს არ აყენებს.

23 აპრილი. თბილისი, სპორტკომპლექსი "არენა"

ოლიმპი-თსუ 99:64

ოლიმპი 30 18 21 30

თსუ 13 11 23 17

შსს აკადემია-სოხუმი 84:66

შსს 12 29 17 26

სოხუმი 14 13 25 14

არმია-დინამო 66:67

არმია 19 19 14 14

დინამო 12 22 16 17

თბილისში გამართული სამი მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრები 25 აპრილს გაიმართება, 24 აპრილს კი 1/4-ფინალურ ბატალიებში რუსთავში ადგილობრივი გუნდი და "ქუთაისი" ჩაერთვებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე