დღეს "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფის ორი შეხვედრა გაიმართება

დღეს ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფის ორი შეხვედრა გაიმართება. 16 საათზე გასავარდნ ფინალში რეგულარულ გათამაშებაში მეოთხე ადგილზე გასული ქუთაისის "აია" მესამეადგილოსან თბილისის "ვისოლი\ყოჩებს" დაუპირისპირდება. ამათ შორის წაგებული მეოთხე ადგილს დასჯერდება, მოგებული კი შესარჩევ ფინალში "ლელოსა" და "ლოკომოტივს" შორის დამარცხებულს შეხვდება. ამათში გამარჯვებული კი პირდაპირ დიდ ფინალში გადის. შესარჩევი ფინალი 18 საათზე დაიწყება.

რეგულარული გათამაშების მატჩებისგან განსხვავებით, პლეი ოფს თავისებური, განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. აქ ყველაფერი თავიდან იწყება. მნიშვნელობა აღარ აქვს, ესა თუ ის გუნდი რომელ ადგილზე იყო, რამდენი მოიგო ან წააგო. ერთი სიტყვით, გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა და რაგბის ქომაგებს უკომპრომისო ბრძოლების ხილვა ელით.

გასავარდნი ფინალი შესარჩევისგან იმით განსხვავდება, რომ წაგებული ჩემპიონობისთვის ბრძოლას ეთიშება. აქ ერთმანეთს, როგორც უკვე ვთქვით, "ვისოლი\ყოჩები" და "აია" ეთამაშებიან. ლევან მგელაძის დამოძღვრილმა თბილისურმა გუნდმა მიმდინარე სეზონი არასტაბილურად განვლო. რეგულარულ გათამაშებაში "ვისოლი\ყოჩებმა" ოთხი თაამში წააგო, ერთი ფრედ ითამაშა და ცხრა მოიგო.

ეს გუნდი მუდამ გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით და იქ, სადაც ცოდნით და ტექნიკით ვერას ხდებოდა, ღონითა და შემართებით ახერხებდა ფონს გასვლას. კარდინალური ცვლილებები გუნდის თამაშში არც მგელაძის მისვლის შემდეგ მომხდარა. ერთი კია, შერკინება უფრო ორგანიზებული, მობილური, და შესაბამისად, ყველასთვის სახიფათო გახდა.

"ვისოლი\ყოჩებს" საკმაოდ გამოცდილი უკანა ხაზი ჰყავს. ამ ამპლუის მოთამაშეები საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობაში სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებში ხშირად ასპარეზობენ. ახლახან კი სულაც შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატი მოიგეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "აიასთან" მატჩისთვის "ვისოლი\ყოჩებს" დიდი დანაკლისი აქვს. ფეხი მოიტეხა და გუნდს კარგა ხანს ვერაფრით დაეხმარება ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, გარემარბი ირაკლი გეგენავა.

არანაკლები დანაკლისია შერკინებაშიც. პირველხაზელი კარლენ ასეიშვილი, რომელიც საქართველოს A ნაკრების წევრია, ორიოდ კვირის წინ საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ორტეზში" გადაბარგდა. გერმანიაში თამაში არჩია კიდევ ერთმა შერკინების ბურჯმა დავით ბარბაქაძემ.

მგელაძის გუნდს ტრავმებმაც დაატყო ხელი. "იარები" ახლახან მოიშუშეს და პირველი ვარჯიში ჩაატარეს ლიდერებმა, შერკინების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ და მეორეხაზელმა მიხეილ არჩუაშვილმა. მათი თამაში საეჭვოა.

მეტოქის მსგავსად არასტაბილური იყო წლეულს ქუთაისის "აიაც". ქუთათურებმა ჩემპიონატის პირველი წრე შესანიშნავად ჩაატარეს და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. მეორე წრეში "აიამ" ლიდერობა დაკარგა და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ქუთაისური გუნდი ერთ-ერთია იმ ქართულ კლუბებს შორის, ვინც თანამედროვე რაგბის თამაშს ცდილობს. მოთამაშე მწვრთნელის ბესიკ ხამაშურიძის ხელმძღვანელობით, ქუთათურებს ეს ხან გამოსდით, ხან არა.

"აიას" ყოველთვის ჰყავდა საკმაოდ მძიმე და მობილური შერკინება, რომლის თამაშიც წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო. ამჟამინდელი "აია" კი კარგად დაბალანსებული გუნდია, ერთნაირად ძლიერია როგორც შერკინება, ისე უკანა ხაზი, სადაც გამოცდილ ხამაშურიძესთან ერთად ლიდერი საქართველოს ნაკრების შუამარბი ირაკლი ჩხიკვაძეა.

რეგულარულ გათამაშებაში "აიამ" მეტოქეს ორი თამაშიდან ორივე მოუგო, პირველ წრეში სტუმრად - 22:15, ხოლო შინ - 18:10. სხვაობა ანგარიშში დიდი არ არის, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამჯერადაც უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ.

"ლელოს" პროგნოზით, მინიმუმ ხუთი ქულით "აია" მოიგებს.

არანაკლებ საინტერსო ბრძოლაა მოსალოდნელი შესარჩევ ფინალში. აქ წაგებული გასავარდნ ფინალში მოგებულს წინასწარ ფინალში შეხვდება, ანუ ჩემპიონობის შანსს მაინც ინარჩუნებს.

"ლელოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება იმითაცაა საინტერესო, რომ რკინიგზელებს, რომლებიც ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონები არიან, "ლელოსთან" რვა თამაშია, არ მოუგიათ. ისიც საგულისხმოა, რომ რეგულარული გათამაშება ქვეყნის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა "ლელომ" მოიგო. თუ წინა წლების სტატისტიკას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ვინც რეგულარულს იგებდა, ჩემპიონიც ის ხდებოდა. ცხადია, საინტერესოა, დაირღვევა თუ არა ეს ტრადიცა ამჯერად.

"ლოკომოტივი" მუდმივი ფავორიტია. ამ გუნდის ძლიერი მხარე შერკინების მძლავრი, მობილური და საკმაოდ ეფექტური თამაშია. მეორე წრეში რკინიგზელები საფრანგეთიდან დაბრუნებულმა შერკინების ბურჯმა დავით გასვიანმა გააძლიერა. თუმცა გუნდს დანაკარგიც აქვს. საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონის "სენ ჟუნიენში" გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება ასევე შერკინების ბურჯმა გიორგი ნაცარაშვილმა.

წლეულს რკინიგზელებს პრობლემები უკანა ხაზის თამაშში ჰქონდათ. ის კიდევ უფრო გააღრმავა ფულბეკ ვახტანგ კავთიძის დისკვალიფიკაციამ. ყველაზე დიდი დანაკლისი კი გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილია, რომელიც რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

"ლელო" წლევანდელ პლეი ოფში ყველაზე რთული ამოცანის წინაშე დგას. ჩემპიონის ტიტულის დაცვა მის მოპოვებაზე უფრი ძნელი საქმე რომ არის, ახალი არაა. მით უფრო, რომ პირველი წრის შემდეგ გუნდი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, რომლებმაც ფრანგულ კლუბებს მიაშურეს.

მეორე წრეში "ლელოს" ტრავმირებულებიც ბევრი ჰყავდა. თუმცა ამჯერად ჯანმრთელად არიან და საბრძოლველად ემზადებიან მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი, მეორეხაზელი დავით დაუშვილი, ფულბეკი და მთავარი მექულე ირაკლი ყიასაშვილი.

რეგულარულ გათამაშებაში "ლელომ" მეტოქეს ორჯერ მოუგო, პირველ წრეში - 9:3, მეორეში - 26:17.

ამ მატჩში ბრძოლა არა მარტო დიდ ფინალში გასასვლელად, არამედ პრესტიჟისთვისაც იქნება, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, რკინიგზელები მეტოქეს რვა თამაშია, ვერაფერს უხერხებენ. თანაც, "ლელეომ" წლეულს "ლოკომოტივს" საქართველოს თასის ფინალში უკვე მოუგო.

ჩვენ მატჩის შედეგის პროგნოზისგან თავს ვიკავებთ.

პლეი ოფი

გასავარდნი ფინალი: ვისოლი\ყოჩები-აია

შესარჩევი ფინალი: ლელო-ლოკომოტივი

8 ნოემბერი, წინასწარი ფინალი

14 ნოემბერი, ფინალი

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა