თომასმა ვერდერში 14 წელი იმუშავა...
რაკი "ვერდერმა" შაბათს, ბუნდესლიგის 33-ე ტურში, ელიტაში დარჩენა გაინაღდა, ბრემენული კლუბის მთავარ მწვრთნელ თომას შააფს გათავისუფლების საფრთხე თითქოს აღარ ემუქრებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, "ვერდერის" ხელმძღვანელები სწორედ ამას ელოდებოდნენ:

როგორც კი გაირკვა, რომ ბრემენელებს მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 14-წლიანი (!) თანამშრომლობის შემდეგ "ვერდერისა" და შააფის გზები გაიყო. 52 წლის სპეციალისტთან გამოთხოვება ბრემენში ოფიციალურად დილასვე დაადასტურეს - მანამდე თომასი შეგირდებს და თანამშრომლებს გამოემშვიდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში (ნიურნბერგთან) გუნდს აღარ უხელმძღვანელებს.

"როგორც იცით, ამ დღეებში ჩვენს გუნდში შექმნილი ვითარების დეტალურად გაანალიზებას ვაპირებდით. ეს უკვე მოხდა და კლუბის ხელმძღვანელები იმ დასკვნამდე მივედით, რომ "ვერდერში" ბევრი რამის თავიდან დაწყება გვინდა. თომას შააფს უღრმეს მადლობას ვუხდით ყველაფრისთვის, რაც 40 წლის განმავლობაში "ვერდერისთვის" ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში გააკეთა. ბრემენულმა კლუბმა მასთან ერთად ბევრ რამეს მიაღწია, თომასმა "ვერდერში" თავისი ერა შექმნა და კლუბის ისტორიაში შევიდა," - ამბობს გუნდის მენეჯერი თომას აიხინი ოფიციალურ განცხადებაში და დასძენს: "პირველ ბუნდესლიგაში ადგილის ოფიციალურად შენარჩუნების შემდეგ მიგვაჩნია, რომ გაყრა ორივე მხარისთვის საუკეთესო გამოსავალია და რომ "ვერდერში" ახალი ხანა უნდა დაიწყოს."

"ვერდერს" შააფის შემცვლელი ჯერჯერობით არ ჰყავს. ის კი ცნობილია, რომ სეზონის ბოლო ორ კვირაში გუნდს თომასის თანაშემწეები, ვოლფგანგ როლფი და მათიას ჰიონერბახი უხელმძღვანელებენ.

აიხინმა პრესკონფერენციაც გამართა, რომელზეც ოფიციალურად დაადასტურა, რომ შააფი თავისი ნებით არ გადამდგარა, რაც იმას ნიშნავს, რომ თომასი კლუბმა გაათავისუფლა. გარდა ამისა, ნაშუადღევს გამართულ პრესკონფერენციაზე "ვერდერის" მენეჯერმა ისიც თქვა, რომ შააფის შემცვლელს მშვიდად მოძებნის: "სპეკულაციები უკვე დაიწყო, მაგრამ კონკრეტული გვარების შესახებ არაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, გარკვეული მოსაზრებები უკვე მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ მოსაზრებებია. ფაქტია, რომ დრო საკმაოდ გვაქვს და "ვერდერს" ღირსეულ მწვრთნელს შევურჩევთ," - აღნიშნა აიხინმა.

პირველი სპეკულაციების თანახმად, შააფის შემცვლელებად "ვერდერში" მეჰმეთ შოლი და ჰოლგერ სტანისლავსკი მოიაზრებიან.

შააფი მხოლოდ რეჰალეგს და ფინკეს ჩამორჩა

"თითქმის მთელი ცხოვრება ამ გუნდს მივუძღვენი. მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის მანძილზე მომყვებოდა და მხარს მიჭერდა. ბრემენის "ვერდერს" წარმატებულ მომავალს ვუსურვებ," - ეს თავად შააფის სიტყვებია, წარმოშობით მანჰაიმელი კაცისა, რომელმაც ბრემენულ კლუბში ზუსტად 5 119 დღე იმუშავა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ მასზე ხანგრძლივი ერა ბუნდესლიგაში მხოლოდ ორ მწვრთნელს აქვს შექმნილი: ოტო რეჰაგელს (5 202 დღე ბრემენში) და ფოლკერ ფინკეს (5 843 დღე ფრაიბურგში). შედარებისთვის: იმ ხნის განმავლობაში, როცა შააფი "ვერდერში" მუშაობდა, "ვოლფსბურგმა" 12 მწვრთნელი გამოიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში კლუბის ერთგულებით შააფი პირველ ადგილზეა: დღეს უკვე 52 წლის თომასი, საერთო ჯამში, "ვერდერს" ბუნდესლიგის 741 მატჩში ემსახურა. ამ კრიტერიუმში მას კონკურენციას ვერც თვით ფრანკფურტის "აინტრახტის" ლეგენდა კარლ-ჰაინც კიორბელი (641 მატჩი) უწევს.

"ამას ნამდვილად არ ველოდით. უფრო სწორად, აღარ ველოდით. შააფის წასვლა ყველას გაგვიკვირდა. დამშვიდობების მომენტი ყველამ ემოციურად განვიცადეთ. შააფისა და "ვერდერის" გზების გაყრა იმდენად წარმოუდგენელი ჩანდა, რომ ახლაც არ მჯერა. თომასმა "ვერდერისთვის" ძალიან ბევრი გააკეთა. მას დიდი მადლობა ეკუთვნის," - ეს "ვერდერის" კაპიტან კლემენს ფრიტცის სიტყვებია.

"ვერდერი" ყველაფერს თავიდან იწყებს

მოდი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი თომას შააფის სამწვრთნელო კარიერას "ვერდერში": ბრემენული კლუბი მან 1988/99 წლების სეზონის 32-ე ტურში ჩაიბარა და ამ თანამდებობაზე ფელიქს მაგათი შეცვალა. მას მერე შააფმა "ვერდერს" ბუნდესლიგის 479 მატჩში უხელმძღვანელა (223 მოგება, 106 ფრე, 150 მარცხი). საერთო ჯამში, თომასი "ვერდერის" მწვრთნელი 645 ოფიციალურ შეხვედრაში გახლდათ.

"ვერდერში" მისთვის საუკეთესო 2003/04 წლების სეზონი გახლდათ - იმ სეზონში შააფის "ვერდერმა" გერმანიაში დუბლი შეასრულა: მოიგო ბუნდესლიგაც და გერმანიის თასიც. გარდა ამისა, შააფმა "ვერდერს" გერმანიის თასი 1999 და 2009 წლებშიც მოაგებინა.

ზემოთაც ვთქვით, რომ თომას შააფს აქტიური სპორტული კარიერაც "ვერდერში" აქვს გატარებული - ბრემენულ კლუბში 1973 წელს ჩაირიცხა და მას მერე ყველა თაობის გუნდში ითამაშა. თომასი საკმაოდ დიდხანს იყო "ვერდერის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, კარიერის დასრულების შემდეგ კი ჯერ მეორე გუნდი ჩააბარეს, მერე კი მთავარი გუნდის დამრიგებელი გახდა.

შააფის ერას "ვერდერში" კლაუს ალოფსის სახელიც უკავშირდება - კაცისა, რომელიც სპორტული დირექტორი გახლდათ და კლუბს მასთან ერთად მართავდა. ალოფსისა და შააფის ხელმძღვანელობით "ვერდერი" ერთი ხანობა "ბაიერნის" სერიოზული კონკურენტი გახლდათ და ექვსჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში.

ბოლო წლებში "ვერდერს" კრიზისი დაეწყო და საშუალო დონის გერმანულ კლუბად იქცა. ამ სეზონში კი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებოდა, რასაც მხოლოდ ახლახან, 33-ე ტურში "აინტრახტთან" მიღწეული ფრით (1:1) გადაურჩა. ალოფსმა "ვერდერი" ნოემბერში დატოვა და "ვოლფსბურგში" გადავიდა. ახლა კი "მუსიკოსებს" შააფიც დაემშვიდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრემენულ კლუბში მართლაც ყველაფერი თავიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ წარუმატებლობებთან ერთად, "ვერდერს" ფინანსური პრობლემებიც აქვს. 2011/12 ფინანსური წელიწადი კლუბმა სარეკორდო მინუსით შეაჯამა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ვერდერმა" თომას შააფი გააგდო

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს