საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ინგლისის ოთხი საგრაფოს 20-წლამდელთა გუნდთან მეორე მატჩი გამართა და 13:25 წააგო
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ინგლისის ოთხი საგრაფოს 20-წლამდელთა გუნდთან მეორე მატჩი გამართა და 13:25 წააგო.

ისევე, როგორც პირველ შეხვედრაში, ახალგაზრდა მორაგბეებმა შესანიშნავი სანახაობა შემოგვთავაზეს.

მთლიანობაში, ჩვენი გუნდის ორივე თამაში დადებითად შეიძლება შეფასდეს. ცხადია, ხარვეზი ბევრია. ორივე შეხვედრაში განცდილი მარცხი კი ქართველი მორაგბეების მიერ დაშვებულმა წვრილ-წვრილმა შეცდომებმა გამოიწვია.

ცხადია, მეტოქეს, რომელიც ასაკითაც უფროსია და, შესაბამისად, ფიზიკური კონდიციებიც მეტად აქვს განვითარებული, ძნელია, წინააღმდეგობა გაუწიო.

მეორე მატჩში თითქმის პირწმინდად წავაგეთ დერეფანი. ტაიმნახევრის განმავლობაში მეტოქეს სტატიკურ მდგომარეობაში უდიდესი უპირატესობა ჰქონდა. ამას დაუმატეთ ჩვენი მორაგბეების, რბილად რომ ვთქვათ, სუსტი თამაში დაკიდებულ ბურთებზე.

ზორბა მოწინააღმდეგის შეჩერებას სამი-ოთხი ჩვენებურის ძალისხმევა სჭირდებოდა, რის გამოც რაკის ახლოს ზონა ხშირად დაუცველი რჩებოდა.

ყოველივე ეს ინგლისელებმა კარგად გამოიყენეს და ამჯერად უფრო მეტი, 12 ქულის სხვაობით მოგვიგეს. ცხადია, ჩვენი გუნდის თამაშში მარტო შეცდომები არ ყოფილა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", როგორც სჩვევიათ, თავდადებით ითამაშეს, მრავალფაზიანი შეტევებიც აკინძეს და მეტოქეს არაერთხელ გაუჩინეს თავსატეხი.

მეორე მატჩი პირველის იდენტურად დაიწყო. ინგლისელებმა თავიდანვე აგრესიულად შემოგვიტიეს, ხაზის გაჭრაც შეძლეს და საბოლოოდ საჯარიმოს დარტყმის უფლებაც გამოიმუშავეს.

ასე რომ, სტუმრებს პირველივე შეტევა შედეგიანი გამოუვიდათ და ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს.

საჯარიმო მათმა მგეზავმა რობ ევერ-რაითმა გაიტანა - 3:0. წინა მატჩისგან განსხვავებით, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამჯერად მეტოქეს ინიციატივის დაუფლება არ დაანებეს და მრავალფაზიანი იერიში წამოიწყეს.

მალე ჩვენმა მორაგბეებმა ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს. მე-9 წუთზე საჯარიმო საქართველოს ნაკრების მგეზავმა რევაზ ჯინჭველაშვილმა გაიტანა - 3:3.

ამის შემდეგ თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა, თუმცა რამდენიმე ელემენტარული შეცდომა საკმარისი გამოდგა საიმისოდ, რომ ინგლისელები რვა ქულით დაწინაურებულიყვნენ. ევერ-რაითმა 23-ე წუთზე საჯარიმოთი დააწინაურა თავისიანები. რვა წუთში კი სტუმრებმა ლელოს გატანაც მოახერხეს.

ინგლისელებმა დერეფანი ჩვენი ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში მოიგეს, მოლი შეკრეს, დაიძრნენ, თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა მისი შეჩერება შეძლეს. თამაში რაკში გადავიდა. რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ ბურთი შერკინების ბურჯმა რიკი კანომ აიტაცა და ლელოში შეაღწია. ევერ-რაითმა ვერ გარდასახა - 11:3.

ტაიმის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა, როცა ჩვენმა მორაგბეებმა სახიფათო შეტევის განხორციელება შეძლეს, რომელიც მეტოქემ წესის დარღვევით შეაჩერა - 6:11. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ, ორივე გუნდის დიდი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში 20 წუთის განმავლობაში უცვლელი იყო.

ინგლისელებმა, ხელდახელ ბურთაობით რომ ვერას გახდნენ, აქცენტი ძალისმიერ თამაშზე გადაიტანეს და მე-60 წუთზე პირველ ტაიმში განხორციელებული შედეგიანი შეტევის მსგავსი იერიში წამოიწყეს.

აუტის მოგების შემდეგ სტუმრებმა ისევ მოლის დაძვრა სცადეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი პირველხაზელმა დევიდ ქოუნთსმა აიტაცა და ფარული გადაცემით გარღვევაზე ცხრა ნომერი ნიკ ფოსტერი გაიყვანა. ევერ-რაითმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 18:6.

საპასუხო ლელო ჩვენმა გუნდმა ოთხი წუთის შემდეგ გაიტანა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" აუტი ინგლისელთა ლელოდან ხუთ მეტრში გაჭირვებით მოიგეს. შედეგად მოლის აგორება ვერ შეძლეს და თამაში რაკში გადავიდა.

იქ კი შეცვლაზე შესულმა თორნიკე ბუბუტეიშვილმა იყოჩაღა, მოწინააღმდეგის მიერ დაუცველი სივრცე დროულად შენიშნა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 13:18.

აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენები მაშინ განვითარდა, როცა საქართველოს ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა. მატჩის არბიტრმა ერთმანეთის მიყოლებით ორი მორაგბე გაგვისინბინა და რამდენიმე წუთი სულაც 13 მოთამაშით ვერაგბებოდით მოწინააღმდეგეს.

თამაშის დასრულებამდე დარჩენილ დროში მატჩის გადარჩენა, ცხადია, შესაძლებელი იყო, თუმცა საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე ინგლისელებმა კიდევ ერთი ლელო მიითვალეს და საბოლოოდ 12-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს - 12:25.

საქართველო U19-ინგლისი U20 13:25

საქართველო: 15. გიორგი ტალახაძე (გიორგი აფციაური 41), 14. დავით გულიტაშვილი, 13. გიორგი ნათელაშვილი, 12. რეზო ბროძელი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ლაშა ნადირაძე (თემურ თუთბერიძე 41). 1. დავით ფხაკაძე, 2. გიორგი ტორაძე, 3. გიორგი მარგველანი, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. ნიკა გიგაური (თორნიკე ბუბუტეიშვილი 50), 6. ბადრი დანგაძე, 7. საბა შუბითიძე, 8. დავით პაპავაძე.

ლ: თორნიკე ბუბუტეიშვილი. გ,2ს: რევაზ ჯინჭველაშვილი.

ინგლისი: 15. ჯიმი უიგლსოურთი, 14. ჯეკ როსიტერი, 13. ეიდენ მოსი, 12. დევიდ მეისი, 11. ბენ რეთი, 10. რობ ევერ-რაითი, 9. ნიკ ფოსტერი. 1. რიკი კანო, 2. უილ რობერთსი, 3. დევიდ ქოუნდსი, 4. ჯოშ ფეთი, 5. გარეთ ბაქსთერი, 6. ჯორჯ ორემი, 7. ედვარდ ვებსტერი, 8. დევიდ ჯოუნსი.

3ლ: კანო, ფოსტერი, ორემი. 2ს,2გ: რობ ევერ-რაითი

სინბინი: ფრუიძე, გულიტაშვილი.

მსაჯი: გიორგი ამირხანაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე