ქართველი მცველის მთავარი საზრუნავი გუნდისთვის ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა
ეროვნული ნაკრების მცველ მალხაზ ასათიანს მოსკოვის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში რამდენიმე ტური არ უთამაშია. გარკვეული პაუზის შემდეგ გასულ უქმეებზე ის კვლავ გამოჩნდა რკინიგზელთა რიგებში. მახაჩყალაში, ჩვენებურთა "ანჟის" წინააღმდეგ, ასათიანმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა, მისმა გუნდმა კი მატჩის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.

ქართველი მცველის უთამაშებლობამ არაერთი კითხვა გააჩინა. რუსულ ინტერნეტფორუმებსა თუ სპორტულ ვებგვერდებზე ჭორებიც გავრცელდა - ასათიანმა მოსკოვში ბინაც გაყიდა, მანქანაც და სეზონის ბოლოს არა მარტო კლუბს, არამედ მოსკოვსაც დატოვებსო.

ვითარებაში უკეთ გასარკვევად მალხაზს მოსკოვში დავუკავშირდით. საქართველოს ნაკრების მცველს ჯერ ბოლო მატჩზე ვკითხეთ...

- მალხაზ, მახაჩყალაში "ანჟის" ძლევა გაგიჭირდათ. რას იტყვით ამ მატჩზე?

- რთული თამაში იყო. მართალია, "ანჟი" შარშან გადმოვიდა პრემიერლიგაში, მაგრამ კარგი შემადგენლობა ჰყავს და ამ გუნდის წინააღმდეგ ყველას უჭირს თამაში. ხომ გახსოვთ, ჩვენამდე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან" 3:3 ითამაშეს. "ზენიტისთვის" ამ სეზონში ერთმა მატჩში სამი გოლი სხვა გუნდს არ გაუტანია. ერთი სიტყვით, კარგი მეტოქე გვყავდა, მახაჩყალაში ყველას უჭირს თამაში. გარდა ამისა, ჩვენი მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ. თუმცა მაინც შევძელით და დმიტრი სიჩოვის გოლით ეს თამაში მოვიგეთ.

- ამ შეხედრაში "ანჟიში" მხოლოდ ერთმა ქართველმა, ოთარ ხიზანეიშვილმა ითამაშა...

- კი, ოთარი ძირითად შემადგენლობაში იყო და დაცვაში საიმედოდაც გამოიყურებოდა. გოლის გატანა რომ დაგვიგვიანდა, ეს ოთარის დამსახურებაცაა. სათადარიგოთა სკამზე მეკარე ნუკრი რევიშვილი და ნახევარმცველი ზურაბ არზიანი იყვნენ, მაგრამ როგორც იცით, მათ არ უთამაშიათ.

- ამ მოგების შედეგად ცხრილში ერთი საფეხურით აინაცვლეთ...

- დიახ და ახლა ჩვენს წინ ჯანო ანანიძის "სპარტაკია". ქულები რომ არ გაგვენიავებინა, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებდით. კარგა ხანია, "ლოკომოტივი" ჩემპიონი არ გამხდარა, წელსაც ოქროს მედლებისთვის ბრძოლის შანსი კარგა ხანია დავკარგეთ...

- ...და ახლა რა მიზანი გაქვთ?

- გვინდა, სეზონის ბოლოს მოწინავე ხუთეულში ვიყოთ და ევროპის ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ჩემპიონატის ბოლომდე 4 ტური დარჩა, 2-2 მატჩი გვაქვს შინ და გარეთ და ვნახოთ...

- დარჩენილი მატჩების განრიგი რამდენად გიწყობთ ხელს?

- "ალანიასა" და "როსტოვს" სტუმრად ვეთამაშებით, ნოვოსიბირსკის "სიბირსა" და ყაზანის "რუბინს" კი - მოსკოვში. "ალანია" და "სიბირი" ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან და ამ გუნდებთან ცხარე დაპირისპირება მოგვიწევს. რაც შეეხება "რუბინს", ის ყველანაირად ცდილობს, ზედიზედ მოპოვებულ ორ ოქროს მედალს მესამეც დაამატოს. ასე რომ, ჩემპიონებთანაც რთული მატჩი მოგველის. მით უმეტეს, ნალჩიკის "სპარტაკი" და მოსკოვის "დინამო" "კუდზე გვასხედან", მათაც ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება უნდათ, ასე რომ, წაფორხილების უფლება არ გვაქვს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედი მაქვს, ხუთეულში მოვხვდებით.

- ახლა პირადად თქვენზე ვისაუბროთ, "ანჟისთან" პაუზის შემდეგ გამოჩნდით "ლოკომოტივის" რიგებში. რატომ არ გიწევდათ თამაში?

- ყველამ კარგად იცოს, რომ დისკვალიფიკაციის გამო, 2 მატჩის გამოტოვება მომიხდა. ამ შეხვედრებში, სასტარტოში სხვამ დაიკავა ჩემი ადგილი და კარგადაც თამაშობდა. ამასთან, ჩვენმა გუნდმა ბოლოს ზედიზედ 5 მატჩი მოიგო. გამარჯვებულ შემადგენლობას კი თითქმის არავინ ცვლის. ჩემი უთამაშებლობაც ამით იყო განპირობებული.

- თქვენმა უთამაშებლობამ სხვადასხვა ხმებს დაუდო სათავე. რუსული ვებგვერდები იმასაც კი წერდნენ, ასათიანმა მოსკოვში ბინა გაყიდა, მანქანაც და მალე "ლოკომოტივსაც" დატოვებს და მოსკოვსაცო...

- ჯერ ერთი, მანქანას და ბინას გავყიდი თუ არა, ეს ჩემი საქმეა, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა. მეორეც, ალალად გეუბნებით - უადგილო ჭორია... სხვა რა უნდა გითხრათ?

- ამ სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი გეწურებათ. დარჩებით "ლოკომოტივში" თუ მისამართს შეიცვლით?

- რუსეთში სეზონი 28 ნოემბერს მთავრდება, მანამდე თითქმის 4 კვირაა დარჩენილი და ვნახოთ.

- გატყობთ, წინადადებები უკვე გაქვთ და ეს ლოგიკურიც არის...

- ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია და ამიტომ ვერაფერს გეტყვით, არ მიყვარს წინასწარ საუბარი.

- "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების გაგრძელება თუ შემოგთავაზათ?

- არა, ჯერ ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. თუ სეზონის დასრულებამდე მსგავსი წინადადება იქნება, მაშინ დავფიქრდები.

- თქვენს სავარაუდო ტრანსფერზე სხვადასხვა ხმები გავრცელდა. ზოგი ვერსიით კარიერას ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში გააგრძელებთ, ზოგი ამბობს, ახალი წლიდან ასათიანს იტალიაში ვიხილავთო. ზოგის ვერსიით კი "ვიტესში" გადახვალთ, ანდაც "ზენიტის" მაისურას მოირგებთ. რომელი ვარიანტია სიმართლესთან უფრო ახლოს?

- წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს და ვერც ვერაფერს გეტყვით, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავია, გუნდს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო. სატრანსფერო ამბებზე ნოემბრის ბოლოს უფრო მეტი მეცოდინება, ახლა კი მართლა ვერაფერს გეტყვით.

- 17 ნოემბრის სლოვენიასთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში ხართ გამოძახებული. "ლოკომოტივის" მთავარი კონკურენტის ნალჩიკის "სპარტაკის" მესვეურებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დავით სირაძის დათმობა სთხოვეს. როგორც გავიგეთ, რკინიგზელებიც ამავეს აპირებენ თქვენზე...

- 14 და 20 ნოემბერს გვაქვს მატჩები, ბოლო ტურებია და დაძაბული ბრძოლა მიდის. ჯერ არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც ითხოვოს "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობამ ჩემი გათავისუფლება. ვითარებაში გავერკვევი და ამის თაობაზე საუბარიც მექნება. თბილისშიც გავაგებინებ, ვისაც ეს საქმე ეხება. მართალია, სლოვენიასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით მივდივარ. სლოვენიაშიც მინდა თამაში, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელი იქნება.

- ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ეროვნული გუნდის თამაშს როგორ შეაფასებდით?

- მართალია, შეიძლებოდა უფრო მეტი ქულა გვქონოდა, მაგრამ ცუდი ნამდვილად არ ეთქმის. აშკარად გამოჩნდა, რომ ნაკრები ქეცბაიას მწვრთნელობით უფრო უკეთ თამაშობს და შედეგიც არის. 7-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს და ჯგუფში 6 ქულა მოვაგროვეთ. ორჯერ მეტი ქულა გვაქვს, ვიდრე კუპერის მწვრთნელობისას მთლიანად გვქონდა. ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს, თან ეს მაშინ, როცა წინა საკვალიფიკაციოებში უკვე ოქტომბერ-ნოემბერში ვრჩებოდით უშანსოდ. თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, არ უნდა მოვდუნდეთ, უფრო უკეთაც შეგვიძლია თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა