ნაკრების ძველ ლიდერებს მრისხანე კონკურენტები წამოეზარდნენ და ამ ჩემპიონატზე დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი 25-26 ნოემბერს გადმოიტანა. მართალია, ესეც სამუშაო დღეებია და ქომაგისთვის ბოლომდე მოსახერხებელი არაა, მაგრამ თავდაპირველ თარიღს - 26-27 დეკემბერს ნამდვილად ჯობია. იმ დროს წინასაახალწლო სამზადისია და ჭიდაობისთვის არავის ეცლება.

ბერძენ-რომაელთა ანალოგიური პირველობა ისევ დათქმულ დროს - 22-23 დეკემბერს ჩატარდება, მაგრამ ეს კიდევ მისაღები თარიღია. ბერძენ-რომაელები იქამდე ერთ უცხოურ ტურნირშიც მოასწრებენ გამოსვლას - სწორედ ”თავისუფალთა” შინაური პირველობის პარალელურად მინსკში კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამოვლენ, ”თავისუფლები” კი წლეულს უცხოეთში ჭიდაობას არ გეგმავენ. მათ უკვე იჭიდავეს ხასავიურტში საკონტინენტთაშორისო თასზე და ერევანში სერჟ სარგსიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, ნოემბერში კი განჯაში აპირებდნენ წასვლას, მაგრამ მასპინძლებს არ მიუწვევიათ და საქართველოს ჩემპიონატის გადმოტანამ ეს გეგმა ისედაც შეიწირა - ეს ორი შეჯიბრება ერთმანეთს ემთხვევა.

მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატებს ორივე სახეობაში დიღომში მდებარე მოჭიდავეთა ყოფილი ბაზა, აწ უკვე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემია უმასპინძლებს. წლეულს ევროპის პირველობა შედარებით ადრე იმართება. წინა წლებში კონტინენტის პირველობა ყოველთვის აპრილში ტარდებოდა ხოლმე, ამჯერად კი 29 მარტს იწყება გერმანულ დორტმუნდში და 4 აპრილს მთავრდება. ქვეყნის ჩემპიონატის ასე ადრე გამართვაც ამიტომ დადგა დღის წესრიგში, თორემ ადრე მუდამ იანვარში ტარდებოდა. საქართველოს პირველობა მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა ევროპისთვის - აქ იკვეთება ის ძირითადი ბირთვი, რომელიც კონტინენტის ჩემპიონატისთვის უნდა მოემზადოს. მეტიც - აქამდე ”თავისუფალთა” ნაკრებში საქართველოს ჩემპიონობა ავტომატურად იძლეოდა საევროპო საგზურსაც. სავარაუდოდ, ამჯერად ასე არარ იქნება, რადგან მსგავსი მიდგომა სპორტის მმართველ წრეებში გაუმართლებლად მიიჩნიეს. მართალია, ზემდგომთ ნაკრების საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ, მაგრამ, ვეჭვობთ, იმავე მოსაზრებამდე ფედერაციის ხელმძღვანელობაც მივა - ამას მათი გამკაცრებული ტონი გვაფიქრებინებს. ეტყობა, ბევრი რამ მათაც გადააფასეს, თან, უწინარესად, წესრიგის და დისციპლინის განმტკიცება მოინდომეს. სავარაუდოდ, ეს ძველებურ მიდგომებსაც შეცვლის.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ”თავისუფალთა” ნაკრების თავკაც ზაზა თურმანიძის პოზიციას - ვისაც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სურს, საქართველოს ჩემპიონატში აუცილებლად იჭიდავებს, წინააღდეგ შემთხვევაში კი მომავალი წლის პირველობამდე მოუწევს მოცდაო. ცხადია, თუ ვინმეს ტრავმა ექნება, ექიმის ცნობის საფუძველზე გაათავისუფლებენ, მაგრამ საეჭვოა, ზემოხსენებულ ზემდგომთა მკაცრი მოთხოვნების კვალად, ამჯერად ვინმეს მაქინაციების და ჩემპიონატიდან თავის არიდების საშუალება მისცენ. დაგვეთანხმებით, ასეთი სიმკაცრე საჭიროცაა, თორემ პროცესების თვითდინებაზე, უფრო სწორად - მოჭიდავეთა ნება-სურვილზე მიშვებამ რაც მოგვიტანა, კარგად დავინახეთ. სწორედ ამის შედეგია ეს ორწლიანი წარუმატებლობა, როცა ოქროს მედალს ვერც ევროპის პირველობებზე ვეღირსეთ და ვერც - მსოფლიოზე.

მოკლედ, წინასწარი მონაცემებით, ჩემპიონატი ძალზე ძლიერი უნდა გამოვიდეს და ყველა წამყვანმა ფალავანმა იჭიდაოს. არადა, სპორტსმენები კი გვყავს მსოფლიოს დონისა და მათი საქმეში ხილვა ადგილობრივი ქომაგისთვის მართლაც დიდი სიამოვნება იქნება, თორემ აქამდე ამის საშუალება არც ისე ხშირად ჰქონდათ. ასევე წინასწარი მონაცემებით, ყველაზე დაძაბული სანახაობა მაინც მძიმე წონაში გველოდება, სადაც ერთად უნდა იჭიდაონ ევროპის ექსჩემპიონმა დავით მოძმანაშვილმა; ჯერ ისევ ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, თუმცა უკვე უფროსებში მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა ლევან ბერიანიძემ; ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა გიორგი საკანდელიძემ; ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა გიორგი ნიკურაძემ; აგრეთვე ქვედა წონიდან ამონაცვლებულებმა - ლევან სეთურიძემ და ლაზარე მარსაგიშვილმა. ნაკრებში შედარებით სტაჟიან, მაგრამ მაინც ახალი თაობის მოძმანაშვილს თუ არ ჩავთვლით, ამ წონაში სულ ახალგაზრდობა მოვიდა, ამბიციური, უფრო პერსპექტიული და უფრო ტიტულოვანიც, რაც სამომავლოდ შედეგების გაზრდის წინაპირობაა. ასეთი მძაფრი კონკურენციაც ძალიან კარგია.

რაკი სიტყვა ახალგაზრდებზე ჩამოვარდა, გეტყვით, რომ ჩემპიონატში ამ ასაკობრივი ნაკრების ყველა წევრი გამოვა. არადა, ახალგაზრდულმა ნაკრებმა წლეულს ძალზე წარმატებით იჭიდავა ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე. თანაც - უმეტეს წონებში. თავად განსაჯეთ - 50-ში ლაშა ტალახაძე ევროპის ბრინჯაოსანი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა (ის საქართველოს ჩემპიონატში 55-ში გამოვა), 55-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ევროპაზე ვერცხლი, მსოფლიოზე კი ოქრო მოიპოვა, 60-ში თენგიზ ჩოჩიშვილი ევროპაზე მეორე იყო, მსოფლიოზე - მესამე, 74-ში დავით ხუციშვილმა დუბლი გააკეთა - ორივე ტურნირზე ჩემპიონი გახდა, საკანდელიძემ კი ევროპაზე გაიმარჯვა და მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა. ამ ნაკრებს ჩავარდნა მხოლოდ სამ - 66, 84 და 96 წონებში ჰქონდა, თუმცა ამათგანაც 84-ში დავით მარსაგიშვილის ნიჭსა და შესაძლებლობებს არავინ აკნინებს და არც ეჭვქვეშ აყენებს. მან ძალიან ძლიერად იჭიდავა ვახტანგ ბალავაძის სახელობის ”ოქროს დიდ პრიზზე”, სადაც მხოლოდ ფინალი დათმო ძლიერ უკრაინელთან, ევროპის ჩემპიონთან, ოლიმპიადისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორ ტარას დანკოსთან. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მარსაგიშვილს ჩავარდნა დაეწყო. რატომ და რა მიზეზით, ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ ვიმედოვნებთ, უკვე დასძლია კრიზისი და საქართველოს ჩემპიონატზე თავისას იტყვის.

ერთი სიტყვით, ნაკრების ძველ ლიდერებს მრისხანე კონკურენტები წამოეზარდნენ და ამ ჩემპიონატზე დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი. თან ახალგაზრდულში თავგამოჩენილი ყველა ფალავანი იჭიდავებს. როცა ასეთი რეზერვი გეზრდება, სავსებით ბუნებრივად უნდა იფიქრო პროგრესზე, მაგრამ მთავარია, შეცდომები აღარ გავიმეოროთ, ახალგაზრდები მკაცრ რეჟიმში მოვაქციოთ და წარმატებებიც მოვა.

ბოლოს, ისევ ჩემპიონატის სამუშაო დღეებში გამართვას დავუბრუნდეთ. ჟურნალისტებს ხშირად გვაბრალებენ ჩასაფრებას, თუმცა ფაქტია - ქომაგის ინტერესიდან გამომდინარე ვამბობთ. ძიუდოისტებმაც ხუთშაბათ-პარასკევს დაგეგმეს თავიანთი პირველობა, ახლა ”თავისუფლებმაც” იმავე დღეებს დაამთხვიეს და ბერძენ-რომაელებიც ოთხშაბათ-ხუთშაბათს ატარებენ! ჟურნალისტებისთვის ეს კარგიცაა - შაბათი ძირითადად დასვენების დღეა, მაგრამ ქომაგი? დავიჯეროთ, კალენდარში თავისუფალი უქმეების მოძებნა ასე ძნელი იყო, ან, ნუთუ ყველა სპორტული დარბაზი ასე დაკავებულია უქმე დღეებში? ტურნირი ხომ უმთავრესად ქომაგისთვის ტარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა