„ბაიერნის“ ჰოლანდიელი მწვრთნელი გულნატკენია, გაგრძელება იქნება
იმის შესახებ, რაც მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და „ბაიერნის“ მატჩის შემდეგ მიუნხენელთა გასახდელში მოხდა, უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა: ბავარიული გრანდის დამრიგებელმა ლუის ვან გაალმა ფეხბურთელები აკადემიურად დაცოფა. მაგრამ ამის მიზეზი მარტო აუტსაიდერ „გლადბახთან“ ფრე (3:3) არ ყოფილა, ძაღლის თავი გაცილებით ღრმადაა ჩამარხული...

კარი ჩაკეტილია, მაგრამ ნებისმიერი, ვისაც „ბორუსია პარკის“ კატაკომბებში ყოფნის უფლება აქვს, იოლად მოისმენს, რა ხდება მიუნხენის „ბაიერნის“ გასახდელში. ლუის ვან გაალის ხმა გარკვევით ისმის - „ბაიერნის“ ჰოლანდიელი მწვრთნელი შეგირდებს ლანძღავს: „როგორ შეიძლება ასეთი უპირატესობის დათმობა? რა მოგივდათ მეორე ტაიმში? გამაგებინეთ, რა ხდება თქვენს თავს?“

ფაქტი ერთია, მიუნხენურმა კლუბმა ძალიან სულელურად დაკარგა ორი ქულა და სატურნირო ცხრილში ისევ გაურკვევლობაშია - არც ზემოთ, არც ქვემოთ. ვან გაალი კი „ფრაიბურგთან“, „გლადბახთან“ და „ნიურნბერგთან“ ცხრა ქულის მოგროვებას გეგმავდა, რაც რეკორდმაისტერს მდგომარეობას მნიშვნელოვნად გამოუსწორებდა, მაგრამ მიზანი უკვე მიუღწეველია, რადგან „გლადბახთან“ მატჩი 3:3 დასრულდა. ახლა კი, „ბაიერნის“ მწვრთნელს სერიოზულად ეპარება ეჭვი იმაში, რომ მისი შეგირდები რაღაცას მიჰქარავენ - „გლადბახთან“ მატჩის მეორე ტაიმს ძალიან ცუდი სუნი ასდის და ლუისიც განრისხებულია.

ვან გაალის გაბრაზება აბსოლუტურად ლოგიკურია. მარტო ლუისი კი არა, მიონხენგლადბახში დაკარგულ ორ ქულაზე, მთელი მიუნხენი ბრაზობს. სხვა დროს განგაშის ზარებს არავინ შემოჰკრავდა, რადგან „ბაიერნს“ „ბორუსია პარკზე“ მოგება ყოველთვის უჭირს ხოლმე, მაგრამ ახლა, როცა მიუნხენელებს ქულები ჰაერივით სჭირდებათ, ვეღარავინ ეგუება ფრეს ისეთ მეტოქესთან, რომელიც ისტორიულად დიდი გუნდია, მაგრამ დღესდღეობით ცხრილის ფსკერზე „ბანაობს“. ვან გაალი კი განსაკუთრებით მაგრად ბრაზობს, რადგან მის მიუნხენურ კარიერაში ერთ-ერთი უმძიმესი კვირის გამარჯვებით დაგვირგვინება სურდა.

ზოგადად, ათი დღეა, „ბაიერნში“ ჰოლანდიელი სპეციალისტი თავს ისე კომფორტულად ვეღარ გრძნობს, როგორც მანამდე გრძნობდა. ათი დღის წინ, ბავარიული გრანდის პრეზიდენტ ული ჰიონესის სატელევიზიო გამოსვლამ ვან გაალის გარშემო შექმნილი სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება ის არის, რომ ჟურნალისტები ვან გაალს ახლა უკვე ძალიან ხშირად ეკითხებიან ჰიონესთან ურთიერთობისა და მომდევნო მატჩების შესახებ და თვითონ ვან გაალმაც არ იცის, „კლუჟთან“ მატჩის წინ ჰიონესმა ხელი რომ ჩამოართვა, ეს რეალური შერიგება იყო, თუ ხალხისთვის დასანახი, ბანალური საქციელი. უნდა, თუ არ უნდა, აღიარებენ, თუ არ აღიარებენ, მიუნხენში ვან გაალის თაობაზე დისკუსია დაიწყო - დისკუსია, რომელიც ჰოლანდიელ მწვრთნელს ძალიან არ მოსწონს. მიზეზი: ამიერიდან, ყოველი ვერმოგებული მატჩის შემდეგ ლუისი კრიტიკის მთავარი ობიექტი იქნება.

საინტერესო ის არის, რომ თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ლუის ვან გაალს სამსახურის დაკარგვის არასდროს ეშინია. მის ადგილზე ნებისმიერი სხვა მწვრთნელი ჰიონესის სიტყვების შემდეგ ანერვიულდებოდა და შეშინდებოდა, არ გამათავისუფლონო. გაგახსენოთ, რა თქვა ულიმ ათი დღის წინ? „ვან გაალთან საუბარი ძალიან ძნელია, რადგან სხვისი მოსაზრებების გაგონებაც კი არ უნდა... მე მასთან აღარაფერი მაქვს სალაპარაკო... საფეხბურთო გუნდი არ არის და ვერ იქნება მხოლოდ ერთი კაცის მისახედი...“

ვან გაალს კი არ ეშინია. ლუისმა თავის სამწვრთნელო კარიერაში თითქმის ყველაფერი მოიგო, იმუშავა ისეთ სუპერგრანდებში, როგორებიც „ბარსელონა“ და „აიაქსი“ არიან და ორი აზრი არ არსებობს, უკვე იმდენი ფული აქვს, რომ შეუძლია, ამ ქვეყანაზე „მეორედ მოვიდეს“. სხვათა შორის, ვან გაალი ახლა აღარც ისეთი იმპულსურია, როგორიც ადრე იყო. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ცოტა ხნის წინ ლუისმა თქვა, მინდა, რომ 2012 წლის ზაფხულიდან რომელიმე ნაკრებს ჩავუდგე სათავეშიო. იქამდე კი სულ რაღაც წელიწადნახევარია დარჩენილი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვან გაალი ჰიონესზე მაინც ძალიან გაბრაზდა. აქ არაფერ შუაშია არც „გლადბახთან“ დაკარგული ქულები და არც „ბაიერნის“ დღევანდელი მდგომარეობა, ამ შემთხვევაში მთავარი გრძნობებია - რასაც ვან გაალი ყოველთვის და ყველგან უფრთხილდებოდა. ჰიონესის საქციელმა გული დასწყვიტა ლუისს - არა, როგორც მწვრთნელს, არამედ, როგორც ადამიანს, რომელიც ძალიან ამაყია და აფასებს ისეთ ფასეულობებს, როგორებიცაა მეგობრობა, ლოიალურობა, ერთ მუშტად შეკრულობა. აქამდე ლუისი ფიქრობდა, რომ „ბაიერნში“ ეს ყველაფერი იპოვნა, მიაგნო გუნდს, რომელიც მისთვის ყველანაირად ზედგამოჭრილია.

გავიხსენოთ ვან გაალის პირველი პრესკონფერენცია „ბაიერნის“ მწვრთნელის რანგში: 2009 წლის ივნისში ლუისი ჟურნალისტების წინაშე სწორედ ჰიონესთან ერთად წარსდგა. იცინოდნენ, ხუმრობდნენ, ვან გაალმა ულის მხარზე ხელი რამდენჯერმე დაჰკრა - როგორც მეგობარს, თავისნაირს. მაშინ ული ჯერ კიდევ მენეჯერი იყო და თქვა, ლუის, ტყავის შარვალი მაგრად მოგიხდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთმანეთს ჩვენც ძალიან ვუხდებითო.

იმ პრესკონფერენციიდან 16 თვის შემდეგ კი დაისვა კითხვა: ეს შეცდომა ხომ არ იყო? რა გასაკვირია, რომ ვან გაალი გადაირია, ლამის ჭკუიდან შეიშალა, როცა ამ ყველაფრის შემდეგ, თუნდაც მხოლოდ იმ პრესკონფერენციის შემდეგ, ული ჰიონესი მასთან კი არ მივიდა, არამედ წავიდა ტელევიზიაში და ვან გაალი ტელევიზორიდან ლანძღა.

ლუისმა თავი კიდევ კარგად აკონტროლა, თავიდან არაფერი უთქვამს, მერე, „კლუჟთან“ მატჩის წინ ულის ხელიც კი ჩამოართვა (როგორც „ბაიერნის“ ოფიციალურ განცხადებაში იყო ნათქვამი), გასულ შაბათს კი ვეღარ მოითმინა, თან ფეხბურთელებმაც ხელი შეუწყვეს და გასკდა, აყვირდა, ბოღმა გადმოანთხია. ნიძლავს ჩამოვალთ, რომ ბოღმის ფეხბურთელებზე გადანთხევა დაგეგმილი არ ჰქონია და ეს მერე ინანა კიდეც. ერთი სიტყვით, ადრესატი იმისა, რაც შაბათს „გლადბახისა“ „ბაიერნის“ მატჩის მერე, მიუნხენელთა გასახდელში მოხდა, მინიმუმ ვან გაალის ქვეცნობიერში, „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი იყო.

ფაქტია, რომ გაგრძელება აუცილებლად იქნება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამოში" კიდევ ერთი ახალწვეულია
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს