ახალგაზრდა ქართველ ოლიმპიელთა დელეგაცია ჰოლანდიურ უტრეხტში გაფრინდა, სადაც 14-19 ივლისს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში იასპარეზებს
ამ დილით ახალგაზრდა ქართველ ოლიმპიელთა დელეგაცია ჰოლანდიურ უტრეხტში გაფრინდა, სადაც 14-19 ივლისს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში იასპარეზებს.

ეს ამ რანგის XII ასპარეზობაა, თუმცა ჩვენთვის XI, რადგან სულ პირველი - 1991 წელს ბრიუსელში გამართული გამოვტოვეთ.

საქართველოსთვის ამ ღონისძიების ათვლა 1993 წლიდან იწყება, როცა ჰოლანდიურ ვალკენსვაარდში პირველად გამოვედით ფესტივალში. ამდენად, წლეულს მონაწილეობის 20 წლისთავიც გვისრულდება, რომელსაც იქვე აღვნიშნავთ, საიდანაც დავიწყეთ - ჰოლანდიაში.

აღსანიშნავია, რომ ახლანდელ დელეგაციაში ვალკენსვაარდული ღონისძიების რამდენიმე წარმომადგენელიცაა - სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე...

ჩვენთვის საუკეთესო 2001 წელს მურსიაში გამართული ფესტივალი იყო - გუნდური X ადგილი, რაშიც დიდი როლი ძიუდოისტებმა შეასრულეს: ჯარჯი ზვიადაური, ლაშა გუჯეჯიანი, გრიგოლ შინჯიკაშვილი და მინდია ხომიზური ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თედორე ებელაშვილი მესამეზე გავიდა.

საერთოდ, ამ თამაშებში ძიუდოისტთა წვლილი განუზომელია - სულ მოპოვებულია 50 მედალი, აქედან 43 კი ძიუდოზე მოდის; 15 ოქროდან 11 ძიუდოსია, 2 - ფეხბურთის, ხოლო თითო-თითო მძლეოსნობისა და ჩოგბურთის.

ძიუდოისტია ფესტივალის პირველი მედლის ავტორიც - ივერი ჯიქურაული, რომელიც ვალკენსვაარდში მეორეზე გავიდა (იქ მისი თანაგუნდელი ლევან ციგრიაშვილი მესამე იყო). მედალოსანთა თუ რიგით მონაწილეთა შორის შემდგომში ისეთი სახელოვანი სპორტსმენებიც იყვნენ, როგორც იგივე ჯარჯი ზვიადაური, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე, ფეხბურთელები - კახი კალაძე, ლაშა ჯაკობია, ვალერი აბრამიძე და სხვები იყვნენ.

12 ივლისს უტრეხტის თემაზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც სპორტსმენ-მწვრთნელების, სეოკ-ისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლები - იორგ ბალცი და მარტინ დე ბურგიც ესწრებოდნენ.

"ეს თამაშები დიდი გზაა თქვენი სპორტული კარიერისკენ. საქართველოს ნაკრების წევრის სტატუსი დიდი პატივია და ყველგან, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას, რაც დიდი პასუხისმგებლობაა" - მიმართა მომავალ ოლიმპიელებს სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ზენაიშვილმა ჩვენი გუნდი გაგვაცნო, რომელიც უტრეხტში ფესტივალის პროგრამაში შეტანილი სპორტის 9 სახეობიდან 5-ში იასპარეზებს. იგეგმებოდა გამოსვლა კიდევ ერთ სახეობაში, მაგრამ სპორტულ ტანვარჯიშში შერჩეულმა სპორტსმენმა ბოლო მომენტში ტრავმა მიიღო და გამოგვაკლდა.

ჩვენები ცურვაში, ველოსპორტში, მძლეოსნობაში, ძიუდოსა და ჩოგბურთში გამოვლენ. აქვე შევნიშნავთ, რომ ზოგიერთ სახეობაში გუნდის დაკომპლექტება დიდად განაპირობა მოთხოვნამ გენდერული ბალანსის დაცვის შესახებ, რაც მსოფლიოს სპორტის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა - ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, თორემ მწვრთნელებს იქნებ სხვანაირი გადაწყვეტილებაც მიეღოთ. უბრალოდ, ახლა მკაცრად იყო განსაზღვრული ბიჭებისა და გოგოების კვოტები.

ჰოლანდიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდით ძიუდო იქნება წარმოდგენილი - 12 სპორტსმენი, სადაც ბიჭებთან ერთად გოგოებიც გვეყოლება. თანაც, არა უბრალო სტატისტებად - მარიამ ჯანაშვილი (52) ერთი თვის წინათ 16-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გახდა და ჰოლანდიაშიც ფავორიტად მიდის.

ის პირველი ევროპული ოქროს მფლობელია ქართველ ძიუდოისტ ქალთა შორის, მისი ეს მიღწევა კი პრესკონფერენციაზეც ტაშით აღნიშნეს, ხოლო უფრო მეტად უტრეხტში დაფასდება - ჯანაშვილი იქნება ჩვენი მედროშე გახსნის ცერემონიალზე, რომელიც 14 ივლისს გაიმართება.

ტიტულოვანი სპორტსმენები ბიჭების ნაკრებშიც ბლომად ჰყავს მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს, რომელიც 2001 წელს ესპანურ მურსიაში თვითონ მონაწილეობდა მსგავს ფესტივალში.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა მძლეოსანთა ნაკრები - 8 სპორტსმენი, 4 მონაწილე გვეყოლება ჩოგბურთში, 2 - ველოსპორტში და 1 - ცურვაში.

პრესკონფერენციაზე ოლიმპიური ფიცი ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ და ძიუდოისტმა გიორგი გველესიანმა წაიკითხეს, რომლებმაც ოლიმპიური ფორმის პრეზენტაციაც მოაწყვეს. ახალი ფორმა ძირითადად ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი, თუმცა გოგოების ზედა სამოსი, ტრადიციულად, თეთრ-წითელია. თან ეროვნული ატრიბუტიკა უხვადაა წარმოდგენილი. სადა, მაგრამ ლამაზმა სამოსმა, რომელიც ესპანურმა JOMA-მ დაამზადა, საერთო შეფასებით მოწონება დაიმსახურა.

ჩვენთვის ტრადიციულად თეთრ-წითელი ფორმა ლამაზიც არის და უცხოელებში ფრიად პოპულარული სუვენირიცაა, მაგრამ ყოველდღიურ სარგებლობაში ძალზე ფაქიზია, ახლანდელი კი ამ მხრივ ბევრად პრაქტიკულია.

შეხვედრაზე ამაღელვებელი იყო მძლეოსნობაში ოლიმპიურ ჩემპიონ რობერტ შავლაყაძის მიმართვა ახალგაზრდებისადმი: "თქვენ ვალდებულები ხართ, რომ სამშობლო ასახელოთ და საამისოდ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რათა სამშობლოში, თქვენს ქალაქში, ოჯახში, უბანში თავაწეულები დაბრუნდეთ. თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს, თუ მისი პატრიოტი არ ხარ, ამას ვერ მიაღწევ".

შავლაყაძემ თავისი მაგალითიც გაიხსენა, როცა ოლიმპიადაზე, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დიდად წაეხმარა იმის გასიგრძეგანება, რაოდენ მტკივნეული იქნებოდა შინ წაგებით დაბრუნება.

ახალგაზრდებს მიესალმნენ თამაზ თევზაძე, სპორტის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე - აკაკი ლოდია, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, "თბილისი-2014"-ის სპორტული მენეჯერი გიორგი ხაჩიძე, ჰოლანდიელი სტუმარი ბალცი და სხვები.

უტრეხტში დელეგაციის ხელმძღვანელი სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი იქნება, ოლიმპიურ სოფელში მისიისა კი - გიორგი ესაკია. ხაბელოვი ამჟამად ყაზანშია და იქიდან ჩავა ჰოლანდიაში, გუშინდელ პრესკონფერენციაზე კი ჩვენს ათლეტებს თათრეთიდან უსურვა წარმატება.

ჰოლანდიაში სპორტსმენებთან ერთად "თბილისი-2015" საორგანიზაციო კომიტეტის 9-კაციანი დელეგაციაც მიდის, რომელსაც ბოლო შანსი ეძლევა, პრაქტიკული რჩევები მიიღოს ჰოლანდიელი კოლეგებისგან, ახლანდელი ფესტივალის ფარგლებში - დახურვის ცერემონიალზე უტრეხტი თბილისს მომავალი ფესტივალის დროშასაც გადასცემს, რომელსაც ადგილობრივი მერისგან საგანგებოდ დახურვაზე დასასწრებად ჩასული გიგი უგულავა ჩაიბარებს.

საქართველოს ნაკრები

ძიუდო, ბიჭები: გიორგი ჭიკაიძე (50), ერეკლე არხოზაშვილი (55), გიორგი კაციაშვილი (60), სიმონ მამარდაშვილი (66), იესო კვირიკაშვილი (81), გიორგი გველესიანი (90) და ჯაბა მუმლაძე (+90). მწვრთნელი: ირაკლი ცირეკიძე.

გოგოები: სალომე მარგიანი (48), მარიამ ჯანაშვილი (52), გურანდა შოთაძე (52), ხატია ჯანაშვილი (63). მწვრთნელი: კახა მოცრაძე.

მძლეოსნობა: თემურ აბულაშვილი, ნათელა უშიკიშვილი (ორივე - ბადროს ტყორცნა), გიორგი ონიანი, სოფიო მათიაშვილი (უროს ტყორცნა), გოგა მაღლაკელიძე (სამხტომი), მარიამ ძაგნიძე (სიგრძეზე ხტომა), გიორგი მუჯარიძე (ბირთვის კვრა) და მარიამ მარტინენკო (400 მ.). მწვრთნელები: ვასილ მახარაძე, ვასილ ბერიშვილი.

ჩოგბურთი: ანა ახალკაცი, მარიამ ბოლქვაძე, გუგა თავაძე, ირაკლი მეტრეველი. მწვრთნელი: დავით კვერნაძე.

ველოსპორტი: გიორგი არაბიძე, სულხან ახმაევი. მწვრთნელი: კობა აბიაშვილი.

ცურვა: აკაკი ვაშაკიძე. მწვრთნელი: გიორგი აბზიანიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"