მსოფლიოს ჩემპიონატი 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში ტარდება და ჩვენი ფალავნების სავარაუდო მეტოქეები თანდათან იკვეთებიან
მსოფლიოს ჩემპიონატამდე არც ისე დიდი დრო რჩება - 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში ტარდება და თანდათან იკვეთებიან ჩვენი ფალავნების სავარაუდო მეტოქეები.

მაგალითად, 24 აპრილს საინტერესო ცნობები გამოჩნდა აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონებზე თავისუფალ ჭიდაობაში, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს წამყვან ფალავნებთან.

კერძოდ, იქაური "თავისუფალთა" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ალიომაროვმა განაცხადა, რომ ტოგრულ ასკეროვი (60) მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

ლონდონის ოლიმპიადაზე ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ასკეროვს არსად უჭიდავია. ეგ კი არა, როგორც ალიომაროვის სიტყვებიდან ირკვევა, ტრავმის გამო ჩემპიონს არცკი განუახლებია ვარჯიში და ამჟამად თურქეთში მკურნალობს.

ასკეროვს ჯანმრთელობას ვუსურვებთ, მაგრამ მსოფლიოსთვის მისი გამოკლება ძალიან კარგი ამბავია ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის, რომელსაც ერთ-ერთი უძლიერესი კონკურენტი აკლდება.

ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდული ასაკიდან გახდნენ კონკურენტები - 2010 წელს ევროპის 20-წლამდელთა ფინალში აზერბაიჯანელმა მოუგო ჩვენებურს, მაგრამ გორელმა ფალავანმა იმავე სეზონში ღირსეული რევანში აიღო მსოფლიოს პირველობაზე.

ამის შემდეგ ასკეროვმა ზედა წონაში გადაინაცვლა, რაც ფრიად გონივრული ნაბიჯი აღმოჩნდა - მომდევნო წელს მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში, 2012 წელს გაიმარჯვა ევროპის პირველობაზე უკვე უფროსებში და ფავორიტად ჩავიდა ლონდონში, სადაც ყველა გააოცა დამაჯერებელი ჭიდაობით.

თუმცა ხინჩეგაშვილს ძლიერი მეტოქეები არც უმისოდ აკლია. ჯერჯერობით არ ვიცით, ვის დააყენებენ ირანელები, ამერიკელები და სხვები, მაგრამ მეტოქე რუსეთიდან, სავარაუდოდ, უკვე გაირკვა.

ოღონდ ეს არა ევროპის სამგზის ჩემპიონი ოპან სატი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ორგზის მედალოსანი ბესიკ კუდუხოვი ან მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ვიქტორ ლებედევი იქნება (არაფერს ვამბობთ ოლიმპიურ ჩემპიონ ჯამალ ოთარსულთანოვზე, რომელმაც 60-ში გადმოსვლის სურვილი ოფიციალურად კი დაადასტურა, მაგრამ ახალ წონაში ჯერ არ უჭიდავია), არამედ - აქამდე უცნობი ბეკხან გოიგერეევი. იგი ჩეჩენია, თუმცა დაღესტანში, ხასავიურტში ცხოვრობს და ვარჯიშობს, სადაც დიდი ჩეჩნური დიასპორაა ოლიმპიური ჩემპიონი ძმების, ადამ და ბუვაისა საიტიევების მეთაურობით.

გოიგერეევმა ჯერ დამაჯერებლად მოიგო რუსეთის ჩემპიონატი, მერე კი არანაკლებ ტრიუმფალურად გაიმარჯვა მსოფლიოს უნივერსიადაზე.

იქ მისი ფინალური პაექრობა ირანელ ბენამ ეჰსანპოორთან საეტაპო მნიშვნელობისა გამოდგა, რადგან ახალი ილეთის დაბადებადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ - მეტოქემ ჩეჩენი ფეხიდან აიყვანა და თითქოს გადაგდებას წინ არაფერი ედგა, როცა ცალ ფეხზე მდგარი გოიგერეევი მოულოდნელად ჰაერში ახტა და ისეთი დახვეწილი სალტო გააკეთა, ბევრი აკრობატი და ტანმოვარჯიშე ვერ შეძლებდა! იმ ვითარებაში მისი მოძრაობა იმდენად წარმოუდგენელი იყო, ირანელმა ხელის გაშვებაც ვერ მოისაზრა.

ეს რომ გაეკეთებინა, ჩეჩენს ლამაზი სალტო შერჩებოდა, ახლა კი თან გადაიყოლა ილეთზე და გაიმარჯვა კიდეც.

ერთი სიტყვით, ხინჩეგაშვილს რუსეთიდან ძლიერი კონკურენტები კი მოაკლდნენ, მაგრამ არანაკლები ელოდება.

შარიფოვი წონას იცვლის?

დავუბრუნდეთ ისევ ალიომაროვს, რომელიც აზერბაიჯანელთა მეორე ოლიმპიურ ჩემპიონ შარიფ შარიფოვსაც შეეხო და განაცხადა, რომ ის წონას იცვლის და 96 კილოგრამში გადადის.

ეს ფაქტი მწვრთნელისგან დამოუკიდებლად აზერბაიჯანული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აჯდად ჯაფაროვმაც დაადასტურა, რომელიც უფრო შორსაც წავიდა და შარიფოვი 96-ში მსოფლიოს პირველობის მონაწილედაც კი დაასახელა.

აი, ეს ამბავი კი ძალზე საყურადღებოა დავით მარსაგიშვილისთვის (84), რომელიც შარიფოვს ყველაზე უხერხულ მეტოქედ მიიჩნევდა.

მართალია, ძლიერი კონკურენტები არც უამისოდ აკლია, მაგრამ ასეთი მოწინააღმდეგის გამოკლება მაინც საყურადღებოა.

მით უფრო, რომ ამ ეტაპზე ჩვენს ნაკრებში 84 კილოგრამი ბევრად სტრატეგიული წონაა, ვიდრე - 96.

ოლიმპიადის შემდეგ შარიფოვმა ცოლი შეირთო - თავისივე თანასოფლელი ჩაროდინსკის რაიონის სოფელ გენუხიდან, სამედიცინო აკადემიის სტუდენტი და კასპიისკში გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადა მთელი დაღესტნური საჭიდაო ელიტის თანდასწრებით.

ის თურმე ყველა შეკრებაზე თან ახლდა ნაკრებს, მაგრამ წონა მაინც "გაექცა" და 96-ს მიაშურა. ახალ წონაში წინა კვირას მადრიდის "დიდ პრიზზეც" იჭიდავა, სადაც თანაგუნდელ ხეტაგ გოზიუმოვთან წააგო და მესამეზე დარჩა.

სწორედ ამიტომ გაგვიკვირდა ჯაფაროვის გადაჭრით ნათქვამი, ბუდაპეშტში შარიფოვი იჭიდავებსო, როცა ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური პრიზიორი გოზიუმოვი არც უხსენებია.

შესაძლოა, ამის მიზეზი ფალავანთა ასაკია - ოსი გოზიუმოვი უკვე 30 წლისაა (ეს - საბუთებით, თორემ არაა გამორიცხული, ასაკი გადაკეთებულიც ჰქონდეს), დაღესტნელი შარიფოვი კი მასზე 5 წლით უმცროსია.

ერთი სიტყვით, შარიფოვი 84-დან მიდის, მის ნაცვლად კი აზერბაიჯანელთა ნაკრებში ამ წონაში გადმოსვლას რუსეთიდან გადაბირებული კიდევ ერთი ფალავანი ალექსანდრ გოსტიევი აპირებს.

ახალ წონაში მან უნივერსიადაზე იჭიდავა, მაგრამ ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა რუს შამილ კუდიამაგომედოვთან, მერე კი ბრინჯაოსთვის პაექრობაც წააგო ირანელ მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანთან.

ცხადია, ამ შედეგით ალიომაროვი კმაყოფილი არაა. მწვრთნელმა უკვე დაასახელა ორი ფალავანი, რომლებმაც გაინაღდეს მსოფლიოზე წასვლა - რუსტამ სურხაევი (55) და გაჯი ალიევი (60). მოკლედ, გიორგი ედიშერაშვილს (55) და ხინჩეგაშვილს უკვე შეუძლიათ, პრინციპულ მეტოქეებზე აქედანვე დაიწყონ ინდივიდუალური მზადება.

რა ელის ხურციას?

აზერბაიჯანულ მედიაში თავად ალიომაროვის მომავალზეც გაჩნდა ცნობები. ეს კი ქართველ მწვრთნელ დავით ხურციას უკავშირდება, რომელიც ბულგარელ სემენ შტერევთან ერთად იქაურთა სამწვრთნელო შტაბში შედის.

ჯაფაროვმა ღიად განაცხადა, რომ მსოფლიოს შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალიომაროვი შეიცვლება, ხოლო მის ნაცვლად ვის მიიწვევენ, ჯერ არაა გარკვეული.

მან დასძინა, რომ უცხოელის ან ადგილობრივის მიწვევის შანსი თანაბარია. თემას მოგვიანებით თავად ალიომაროვიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის დროებითაა დანიშნული - მსოფლიოს ჩემპიონატამდე და მისი მომავალიც იმ ტურნირის შემდეგ გაირკვევა. ვიქონიოთ იმედი, რომ მორიგი სამწვრთნელო ცვლილება ხურციას არ შეეხება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს "თავისუფლები" მსოფლიოს პირველობისთვის ემზადებიან

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა