თემურ ქეცბაია შეგირდებისგან განსაკუთრებით ზუსტ პასსა და უბურთოდ მოძრაობას ითხოვდა

სლოვენიასთან გასვლითი ამხანაგური მატჩისთვის გუშინ ჩვენს ნაკრებს მზადების მეორე დღე ჰქონდა. ეროვნულის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 18 საათზე ავარჯიშა გუნდი. წვრთნას, რომელიც საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, ორი ათეული გულშემატკივრის გარდა, ჩვენში ცნობილი პერსონებიც დაესწრნენ. კერძოდ, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ოთარ გაბელია, 19 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი, მოზარდთა ნაკრების, ფონდი "არველაძის" გუნდის, "ჯორჯიას" თავკაცი ნოდარ აკობია და ცხინვალის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია. ვარჯიშს ტრიბუნიდან თვალს ადევნებდნენ ეროვნული გუნდის ყოფილი მცველები მურთაზ შელია და ლევან სილაგაძე. მოგვიანებით, სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც გამოჩნდა. სიჭინავას მისიაზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი სჯობს თანმიმდევრობას მივყვეთ.

ზუსტი პასი და უბურთოდ მოძრაობა

გუშინწინ ჩატარებული ვარჯიშისგან განსხვავებით, ქეცბაიას განკარგულებაში გუშინ 22 ფეხბურთელი იყო. ამჯერად გუნდს დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" შუახაზელი გოჩა ხოჯავა და ყაზანის "რუბინის" მარცხენაფლანგელი დავით კვირკველია დაემატნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ხუთშაბათის ვარჯიშში ტრავმირებულ მურთაზ დაუშვილთან ერთად, გიორგი ხიდეშელმაც ვერ მიიღო მონაწილეობა, გუშინ ამ უკანასკნელმა ჩვეულებრივ ივარჯიშა. ნაკრების ოცეული გუშინ ასეთი იყო:

გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, გიორგი ძაძამია, დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, ლევან კაკუბავა, გიორგი რეხვიაშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, ნიკა კვეკვესკირი, გოჩა ხოჯავა, თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, კახა ალადაშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, გურამ გურეშიძე, ოთარ მარცვალაძე, ირაკლი მოდებაძე, მათე ვაწაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ჯაბა ლიპარტია.

მოთელვა, გაწელვითი ვარჯიშები, მოკლე დისტანციის სწრაფად დაფარვა, გრძელი და მოკლე პასები, "კვადრატი" ჯერ ერთი, მერე კი ორი შეხებით. კარში დარტყმები და ორკარა ნახევარ მოედანზე. ამ კომპონენტებს მოიცავდა გუშინდელი ვარჯიში.

- ზუსტი პასი, ძლიერად მიეცით პასი, ზუსტად... ეგრე, აი ეგრე......

- იმოძრავეთ, უბურთოდ იმოძრავეთ... აი, ასე, კარგია, ასე გააგრძელეთ... დღეს ფეხბურთში ზუსტი პასი და უბურთოდ მოძრაობა გადამწყვეტია. ეს ყოველთვის გახსოვდეთ - "კვადრატისა" და ორკარას თამაშისას ქეცბაია შეგირდებს ზუსტ პასსა და უბურთოდ მოძრაობას თხოვდა.

წვრთნის მსვლელობისას ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა საგულისხმო ინფორმაცია მოგვაწოდა - დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მცველ უჩა ლობჟანიძეს მუცლის სწორი კუნთის ტკივილი აწუხებს და ამ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება. ლობჟანიძის ნაცვლად ნაკრებს ჰოლანდიური "ვიტესის" მცველი გურამ კაშია დაემატება.

ჯვაროსნებმა ახალი ბურთი დააჭაშნიკეს

წვრთნის დაწყებისთანავე მეკარეები გუნდს გამოეყვნენ და გოლკიპერთა ტრიო დავით გვარამაძემ ავარჯიშა. ნაკრებში მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძეა, მაგრამ მას ფეხი აქვს დაშავებული და დროებით, ამ შეკრებაზე გვარამაძემ შეცვალა. მოთამაშეები თემურ ქეცბაიასთან ერთად მისი ასისტენტის, სოსო ჭედიას დავალებებს ასრულებდნენ. წვრთნაში ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, ბერძენი მიხალის მიხალისიც მონაწილეობდა.

ის-ის იყო ნაკრები ბურთით ვარჯიშზე გადავიდა, რომ სტადიონზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გამოჩნდა. მან თანმხლებთან ერთად ახალი ბურთები მოიტანა, რომელიც ქეცბაიამ ფეხბურთელებს დაურიგა. რა თქმა უნდა, ამით დავინტერესდით და განმარტებისთვის ზვიად სიჭინავას მივმართეთ:

"ამ ბურთებით ინგლისურ პრემიერლიგასა და იტალიურ სერია A-ში თამაშობენ. სლოვენიაში სწორედ ამ ბურთით მოგვიწევს თამაში. ყველა ბურთს სპეციფიური თვისებები გაჩნია და მინდა ჩვენი ფეხბურთელები მიეჩვიონ. იმედი მაქვს, ამ ბურთით თამაში ჩვენი გუნდისთვის პრობლემა არ იქნება", - განგვიმარტა ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა.

ვლადე დივაცი: თქვენს ნაკრებზე ვიცი, რომ...

ვარჯიში საათის დაწყებული იყო, როცა ეროვნულ სტადიონზე სპორტული დელეგაცია გამოჩნდა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და მისი მოწვევით ჩამოსული სერბი კოლეგა, კალათბურთის ლეგენდა, მრავალგზის მსოფლიოს ჩემპიონი ვლადე დივაცი, თანმხლებ პირებთან ერთად გამოჩნდნენ. მათ ეროვნული სტადიონის დირექტორი სანდრო შახოვი შეეგება. სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავკაცი ვლადე დივაცმა შახოვს ეროვნული სტადიონის შესახებ ჰკითხა. მერე, ხუთიოდე წუთით ჩვენი ნაკრების ვარჯიშს მიადევნა თვალი, მერე კი მასმედიელებს გვითხრა.

"თქვენი ნაკრების თამაში არ მინახავს, მაგრამ როგორც მითხრეს, წელს საქართველოს ეროვნული გუნდს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე წინა წლებში. ისიც მსმენია, რომ საქართველოს მდიდარი საფეხბურთო ტრადიციები გააჩნია. თქვენს ნაკრებზე ვიცი ისიც, რომ ახლაც კარგი ფეხბურთელები გყავთ. ვიცი რომ ნაკრების კაპიტანი კალაძეა, რომელიც "მილანში" გამოდიოდა, მაგრამ არ ვიცი ახლა სად არის. როგორც საკალათბურთო, ასევე საფეხბურთო ეროვნულ გუნდს მინდა წარმატებები ვუსურვო. მჯერა საქართველოს ნაკრებები არაერთხელ გაახარებენ თქვენს გულშემატკივრებს".

ნაკრებს ჯაბა კანკავაც დაემატა

ეროვნულის გუშინდელი წვრთნა დანაკლისის გარეშე დამთავრდა. ვარჯიშის დასრულებამდე სტადიონზე დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გამოჩნდა. კანკავა, რომელსაც ტრავმის გამო კარგა ხანია ნაკრებში არ უთამაშია, ნაკრების ვარჯიშზე პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა.

დაბოლოს, უქმეებზე ნაკრები მზადებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ეროვნულს შაბათ-კვირასაც თითო წვრთნა ექნება, რომელიც კვლავ 18 საათზე ჩატარდება ეროვნულ სტადიონზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა