საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი განვლილ შეჯიბრებას აფასებს
ვანაძორში (სომხეთი), მსოფლიოს ჩემპიონ სტეპან სარქისიანის სახელობის ტურნირზე, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ეს შეჯიბრება ტრადიციულია და ჩვენი ნაკრებიც ხშირად მონაწილეობს, მაგრამ ვინაიდან იგი წლეულს უწინდელთან შედარებით გაცილებით მაღალი დონის იყო, იქ ნაჩვენები შედეგები ჭიდაობის ქომაგთათვის გაცილებით საინტერესო გამოდგა.

ნაკრების ხელმძღვანელობას კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (16-22 სექტემბერი, ბუდაპეშტი) მზადების გზაზე გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალება მისცა.

შეჯიბრების შეფასება ჩვენი ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ თავკაცს, დავით პოღოსიანს ვთხოვეთ.

- ადრე სარქისიანის ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ტარდებოდა და წამყვანი საჭიდაო ქვეყნების ინტერესსაც ნაკლებად იწვევდა. წლეულს, ვინაიდან წინმსწრებად გაიმართა, არაერთი ქვეყნის გუნდმა სწორედ მსოფლიო ჩემპიონატისათვის სამზადისში ერთ-ერთ საფეხურად გამოიყენა.

საქართველოს ნაკრებთან ერთად ვანაძორის ხალიჩაზე უძლიერესი გუნდებით გავიდნენ აშშ, რუსეთი, უკრაინა, ირანი, ყაზახეთი და ცხადია, თვითონ სომხეთიც. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა სასტუმროს და კვების ყველა ფინანსური ხარჯი თავად გასწიეს, ჩვენ მხოლოდ მგზავრობისას გვქონდა მატერიალური დანახარჯი - გვითხრა თავდაპირველად დავით პოღოსიანმა.

- ოქროს მედლები ქართველებმა ყველაზე მსუბუქ და მძიმე წონით (55, 120 კგ) კატეგორიებში მოიპოვეს...

- დიახ, გიორგი ედიშერაშვილი (55) ძალიან კარგ ფორმაშია. სომხეთშიც დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლა მწვრთნელები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის არ გადაიღალოს და მსოფლიოს ჩემპიონატზე მაქსიმალური წარმატებით გამოვიდეს.

სასიხარულოა, რომ გიორგი საკანდელიძე (120), საქართველოს თასზე მეორე ადგილზე გასვლის მიუხედავად, არ მოდუნებულა, მონდომებით ვარჯიშობს, შეკრებებზე თავი არ დაუზოგავს სათანადო კონდიციებში შესასვლელად და აი, შედეგიც არის. გიორგიმ ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ხოლო ფინალში უკრაინელი ალან ზასიევი არ გამოუცხადდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

- მარსაგიშვილის მეორე პოზიცია მართალია, არაა ურიგო, მაგრამ მისგან ასეთ შეჯიბრებებზე მაინც მივეჩვიეთ უდავო გამარჯვებას...

- მარსაგიშვილი საზარდულის ტრავმის მკურნალობის გამო ევროპის ჩემპიონატის მერე მხოლოდ ბოლო ორ შეკრებაზე დაიტვირთა სათანადოდ, თუმცა დიდი შეჯიბრების მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

დათო ფინალში ამერიკელ კლეიტონ ფოსტერთან იგებდა. მართალია, მერე სამი ქულა დაკარგა და ჭიდაობა აერია, მაგრამ პრობლემა უფრო ის იყო, რომ ბოლოსკენ დაიღალა, რაც არ უნდა მომხდარიყო.

უახლოეს შეკრებაზე მწვრთნელები ვიმუშავებთ მის ფუნქციურ მომზადებაზე. სხვა მხრივ დათოს მზადების პროცესში ცვლილებების შეტანა არ არის საჭირო.

- ლადო ხინჩეგაშვილმა (60) მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ ბესიკ კუდუხოვთან (რუსეთი) წააგო და მესამეზე დარჩა. მარცხის მიზეზებზე რას გვეტყვით?

- სამწუხაროა, რომ ასეთი ტიტულების პატრონი, როგორიც კუდუხოვია, უკადრებელს კადრულობს გამარჯვებისათვის.

იგი ტანზე მთლად საცხწასმული გამოვიდა და შეხვედრის მიმდინარეობისას უკბინა კიდეც ჩვენს სპორტსმენს. ლადოს სისხლი სდიოდა ნაკბენიდან, აჩვენა კიდეც მსაჯს იარა, მაგრამ ამ ყოველივეს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

ვფიქრობ, სომხეთში კუდუხოვის ერთადერთი მიზანი ლადოსთვის ნებისმიერ ფასად მოგება იყო და მან ეს შეძლო. თუმცა არა უშავს, მთავარია, ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვიდეს საუკეთესოდ.

- ხუთი ბრინჯაოს პრიზიორიდან უმეტესობამ დიდებს შორის უცხოეთში პირველი მედლები მოიპოვა...

- ლევან ქელეხსაშვილისთვის (66) მართლაც ეს პირველი მედალი იყო საზღვარგარეთ მოპოვებული. მან ფინალში გადასასვლელი წააგო ამერიკელ ბრენტ მეტკალფთან, რომელიც შემდეგ ჩემპიონიც გახდა, თუმცა დასანანია, რომ ანგარიშით 3:3-ზე, პაექრობის დასრულებამდე 6 წამით ადრე დაკარგა ჩვენმა სპორტსმენმა წამგებიანი ქულა.

საქართველოს თასზე ბრძოლისუნარიანობით დაგვამახსოვრა თავი ზვიად ახობაძემ (96) და სომხეთშიც ამიტომ წავიყვანეთ საშეჯიბრო პრაქტიკის შესავსებად. მან იქაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მხოლოდ გამოუცდელობის გამო წააგო ნახევარფინალური დაპირისპირება.

არადა, 4:2-ს იგებდა სომეხ ედგარ ენუქიანთან, მაგრამ მოინდომა, ეფექტური გდებით ბარემ ხელი მოეთავებინა, თუმცა საპირისპირო გამოუვიდა და დამარცხდა. მესამე ადგილზე გავიდა აგრეთვე გიორგი სანოძეც (74). ის კარგი ახალგაზრდაა, თუმცა დახვეწა სჭირდება.

74 კგ-ში დავით ხუციშვილის არყოფნაში ძალიან გვიჭირს, ამ ეტაპზე კი აღნიშნულ წონაში ლიდერი იაკობ მაქარაშვილია.

- სამწუხაროდ, ოლიმპიურმა პრიზიორმა დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) კვლავ ვერ უწია კვარცხლბეკს...

- მე ისევ ვრჩები იმ პოზიციაზე, რაც ადრე "ლელოსთან" ინტერვიუშიც განვაცხადე. მოძმანაშვილი არ იყენებს იმ უზარმაზარ პოტენციალს - რაც გააჩნია, თორემ მისი გამჩერებელი ძნელად თუ მოიძებნება სადმე. ვანაძორში დავითმა საკანდელიძესთან წააგო.

ეს უკანასკნელი უფრო მონდომებული იყო, მეტს ცდილობდა, ეძებდა ქულების ასაღებად გზებს. მოძმანაშვილს კი უნდა, შეხვედრის მანძილზე ერთი შეტევით გადაწყვიტოს საუკეთესოს ბედი, რასაც თავადაც ხედავს, რომ საკმარისი არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
"ბევრჯერ მითხრეს, ევროპის ორგზის ჩემპიონს, მეტი საქმე არ გაქვს, ამ ბავშვებს რომ დასდევო..."
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარიამ კარელიძის ისტორიული მედალი
ოლიმპიადამდე შეცდომებზე ვიმუშავებთ - ინტერვიუ დავით პოღოსიანთან
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
მადრიდის ტურნირი: სანდრო ამინაშვილმა ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა [VIDEO]
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
ბეგი დარჩია დააბრუნეს, რევაზ მინდორაშვილი დატოვეს?
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
"მასთან შეხვედრის შემდეგ მივხვდი..."