დავით ვართანიანის გუნდი ჩემპიონატში ჯერჯერობით დაუმარცხებელია და სავარაუდოდ, მოგებათა სერიას გააგრძელებს
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მესამე ტურის წინ საკმაოდ საინტერესო სატურნირო ვითარებაა შექმნილი: "არმია", "არმაზი" და "აია" მოპოვებული 9-9 ქულით ლიდერობენ ცხრილს, გასული სეზონის ბოლო ადგილოსანი "ყოჩები" ამჯამად მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო მოქმედი ჩემპიონი "ლელო" მეხუთეა.

მესამე ტური შევარდენის სანაკრებო ბაზაზე "არმაზისა" და "ჯიქების" მატჩით გაიხსნება.

დავით ვართანიანის გაწვრთნილი გუნდი მშვენიერ სპორტულ ფორმაში იმყოფება, და ამ შეხვედრაში ფავორიტადაც მიიჩნევა. ისინი ჩემპიონატში ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობენ და სავარაუდოდ უნდა გააგრძელონ მოგებათა სერია.

მწყობრშია კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალა აბუსერიძე-კიკნაძე-მაჩხანელის სუპერ ტრიო.

"ჯიქები" კი თავისმხრივ უდიდესი დანაკლისით ხვდებიან მატჩს: მათ 7-კაცა ნაკრებში გუნდის 2 უპირობო ლიდერი - შუამარბი რამაზ ხარაზიშვილი და მგეზავი დიმიტრი კალანდაძე მიავლინეს და მათი არყოფნა საკმაოდ დაეტყობათ, თუმცა გიორგი ამირხანაშვილის გუნდის მთავარი სავიზიტო ბარათი ბრძოლისუნარიანი და თავდადებული თამაშია, რასაც გარანტირებულად იხილავს სტადიონზე მისული გულშემატკივარი.

ბოლო მომენტში გადაწყდა, რომ "ყოჩები" "აკადემიას" ბოლნისის ნაცვლად, თბილისში, ავჭალის სტადიონზე უმასპინძლებდა. მძიმე დროება უდგათ აკადემიკოსებს, წამყვან მოთამაშეთა ტრავმები არ აძლევს სამწვრთნელო შტაბს საშუალებას ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანოს მეტოქეთა წინააღმდეგ და შეიძლება ამასაც დავაბრალოთ ის ფაქტი, რომ 2 ტურის განმავლობაში მათ ჯერჯერობით ქულაც კი არ მოუპოვებიათ.

21 სექტემბერს გასამართ შეხვედრაში სხვადასხვა სახის დაზიანებათა გამო გუნდს დააკლდებიან: დავით მაკაროვი, გიორგი მარგიანი, თამაზ ფეიქრიშვილი, გიორგი ღამბაშიძე, ლევან კალანდარიშვილი და საბა შუბითიძე. სადისციპლინო კომიტეტმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა მგეზავ გიორგი ქოპილაშვილს.

"ყოჩები" საბრძოლო განწყობით ხვდებიან მატჩს და შეეცდებიან მორიგი გამარჯვება მოიპოვონ, თუმცა დანაკლისი მათ რიგებშიც არის: ბუქარესტის ტურნირზე 7-კაცა ნაკრების რიგებში იასპარეზებენ გარემარბი ლევან გოგოლაძე და ფულბეკი შავლეგ მახარაშვილი, ხელის ტრავმის გამო კვლავ არ იქნება ირაკლი გეგენავა.

კვირას, ტურის ცენტრალურ მატჩში ქუთაისის "აია" "ლოკომოტივს" უმასპინძლებს და ამ შეხვედრაში გამოჩნდება ორივე გუნდის რეალური ძალა.

რკინიგზელებს არცთუ ისე დამაჯერებელი სტარტი აქვთ ჩემპიონატში და ქუთაისში მოპოვებული გამარჯვებით შეუძლიათ ეს წარუმატებლობა სრულიად გადაფარონ, თავის მხრივ არაფრის დათმობას არ აპირებს ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილი გუნდი, საიდუმლო ნამდვილად არ არის ის ფაქტი, რომ "აია" საკუთარ კედლებში ორმაგად სახიფათოა და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

მასპინძლებს ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული შერკინება ჰყავთ და შეეცდებიან მაღალი სათამაშო ტემპი შესთავაზონ მეტოქეს და შეტევაში ძირითადი აქცენტი უკანახაზელებზე გააკეთონ, "ლოკომოტივი" კი ტრადიციულად გამოცდილი მოთამაშეების იმედად იქნება.

მოქმედი ჩემპიონი "ლელო" რუსთავის "ხარებს" უმასპინძლებს და დიდი მონდომებით იბრძოლებს, რათა გამარჯვებასთან ერთად ბონუს ქულაც მოიპოვოს. გასულ ტურში მათ ეს წარმატებით შეძლეს "აკადემიასთან" დაპირისპირებისას და ახლაც თუ ანალოგიურს გაიმეორებენ, დიდი შანსია ცხრილის ზედა სამეულში დამკვიდრონ ადგილი.

რუსთაველები კი საკუთარ არენაზე "არმიასთან" ნაწვნევი მწარე მარცხის შემდეგ შეეცდებიან გულშემატკივრის თვალში რეაბილიტირებას და ყველანაირი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე იასპარეზებენ, თუნდაც 1 ქულისათვის.

მესამე ტურის უკანასკნელი მატჩი "არმიასა" და "ბათუმს" შორის გადაიდო და 17 ოქტომბერს ჩატარდება, ვინაიდან "არმიას" საქართველოს 7-კაცა ნაკრებში ერთბაშად 5 მორაგბე ჰყავს მივლინებული: რატი ნუცუბიძე გიორგი კალმახელიძე გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე და გიორგი შკინინი.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. III ტური

21 სექტემბერი

არმაზი - ჯიქები 16:00 (შევარდენი)

ბოლნისი ყოჩები - აკადემია 17:00 (ავჭალა)

22 სექტემბერი

ლელო - ხარები 17:00 (ავჭალა)

აია - ლოკომოტივი 17:00 (დინამო)

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია