"ამ ნაბიჯს ვდგამთ უაღრესი სინანულით, თუმცა კლუბის მომავლისათვის ეს ერთადერთი გამოსავალია"
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა საფეხბურთო კლუბ "დინამოსთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :

"გვსურს გავაცნოთ ქართული ფეხბურთის ქომაგებსა და ფართო საზოგადოებას ჩვენი ოჯახის პოზიცია და უახლოესი გეგმები საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისთან" დაკავშირებით.

ჩვენი ოჯახის თავკაცს, ბადრი პატარკაციშვილს, ისევე როგორც ყველა ჩვენგანს, განსაკუთრებით უყვარდა და პატივს სცემდა "დინამო თბილისს" და ზუსტად ამის გამო, ათიოდე წლის წინ, მან გადაწყვიტა გვერდში ამოსდგომოდა ქართული ფეხბურთის ფლაგმანს კლუბისათვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდში. ბადრიმ მოახდინა საკუთარი ენერგიისა და მართლაც მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრების ფოკუსირება კლუბზე და შედეგმაც არ დააყოვნა: "დინამო" გახდა საქართველოს სამგზის ჩემპიონი, სამგზის თასის მფლობელი, ორჯერ მოიგო სუპერთასის გათამაშება, მოიპოვა დსთ-ის თასი, მონაწილეობდა UEFA-ის ჯგუფურ ეტაპზე და ა.შ.

ბადრის გარდაცვალების შემდეგაც, თითქმის სამი წელი, შეძლებისდაგვარად ჩვენი ოჯახი განაგრძობდა "დინამოს" ფინანსურ მხარდაჭერას, მიუხედავად იმ ურთულესი მდგომარეობისა, რომელშიც აღმოვჩნდით - მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და დღემდე გვიწევს საკუთარი აქტივების დაცვა სხვადასხვა ძალისაგან, რომლებიც ცდილობენ მათ დაუფლებას. ამ ვითარებას დამატებით ამძიმებს ქართული სასამართლოს მიერ ჩვენ მიმართ გაცემული სხვადასხვა სახის ამკრძალავი და შემბოჭველი გადაწყვეტილებები.

მიუხედავად ჩვენი ამგვარი მდგომარეობისა, მაინც გავნაგრძობდით "დინამოს" ფინანსურ მხარდაჭერას, თუმცა კლუბის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა უაღრესად გართულებული იყო.

ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულების მიუხედავად "დინამოსადმი", დღეს რეალურად უნდა შევაფასოთ კლუბის მდგომარეობა გრძელვადიანი სტაბილურობის თვალსაზრისით. კლუბს ესაჭიროება ინვესტორი, რომელიც ჩაერთვება კლუბის ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს კი სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, ჩვენი ოჯახის შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან უკვე შეგვატყობინეს, რომ უახლოეს პერიოდში "დინამოს~ ასევე ესაჭიროება საკმაოდ მნიშვნელოვანი მორიგი ინვესტიცია.

ახალი საინვესტიციო პერიოდი დადგა იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოში არსებული ჩვენი ოჯახის აქტივები რჩება გაყინული, ხოლო ჩვენთან ასოცირებული კომპანიები, მათ შორის "დინამოც", განიცდიან მუდმივ პრობლემებს ყოველდღიურ საქმიანობაში. მაგალითისათვის, საფეხბურთო კლუბის შემთხვევაში, "დინამო" ვერ ახერხებს სამეწარმეო რეესტიდან სარეგისტრაციო საბუთების მოპოვებასაც კი, რაც მოგეხსენებათ, ნებისმიერი კომპანიისათვის უაღრესად ართულებს საკუთარი აქტივების განკარგვასაც კი.

ხანგრძლივი, ძალზე ფრთხილი და მრავალმხრივი განხილვის შემდეგ მივედით სამწუხარო დასკვნამდე, რომ ჩვენი ოჯახი უნდა ჩამოშორდეს "დინამოს", რადგან დიდწილად ჩვენთან ასოცირებულობისა და საქართველოში ბადრი

პატარკაციშვილის ოჯახის ლეგალური სტატუსის გამო კლუბის ნორმალურ ოპერირებას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. დამატებითი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად ვაცხადებთ, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ჩვენთვის უაღრესად სამწუხარო.

გვსურს, "დინამო" იყოს წარმატებული, სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი და განაგრძოს ლეგენდარული საფეხბურთო ტრადიციები. მიუხედავად ჩვენი ოჯახის სიყვარულისა "დინამოს" მიმართ, ვფიქრობთ, კლუბის ინტერესების გათვალისწინებით, დადგა დრო, ახალმა ინვესტორმა გადაიბაროს ყველასათვის სათაყვანებელი კლუბი.

შესაბამისად, კლუბის ადმინისტრაციას ვაძლევთ რეკომენდაციას, მოიძიოს ახალი ინვესტორი, რომელიც მოახდენს საექსპერტო ინტერესისა და "დინამოს" მომავლისათვის აუცილებელი გრძელვადიანი სახსრების ინვესტირების მზადყოფნის დემონსტრირებას. ჩვენი მხრივ კი. შეგვიძლია. განვაცხადოთ, რომ მზად ვართ, სიმბოლურ თანხად დავთმოთ ჩვენი ოჯახის კუთვნილი ინტერესი საფეხბურთო კლუბ "დინამოში", რაც ასევე მოიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან უძრავ ქონებას.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ამ ნაბიჯს ვდგამთ უაღრესი სინანულით, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ კლუბის მომავლისათვის ეს ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალია.

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს ვთხოვთ მიმართონ კლუბის ადმინისტრაციას დამატებითი ინფორმაციისათვის", - ნათქვამია პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაში.

საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" ხელმძღვანელები კლუბის გაყიდვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამართლებულად მიიჩნევენ . როგორც კლუბის დირექტორმა გიორგი ტყავაძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში კლუბში კრიზისი შეიქმნა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ კლუბის მფლობელები სათანადო ყურადღებას, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ იჩენდნენ.

როგორც გიორგი ტყავაძე აცხადებს, მას განსაზღვრული ჰქონდა, რომ ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე პატარკაციშვილის ოჯახის წევრებისთვის, თვითონვე შეეთავაზებინა, რომ გუნდის გაყიდვის გადაწყვეტილება მიეღოთ. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ეს გადაწყვეტილება მფლობელებმა თვითონვე დროულად მიიღეს.

რაც შეეხება კლუბის გაყიდვის საფასურს, როგორც გიორგი ტყავაძე აცხადებს, მომავალ მფლობელს "დინამო თბილისი" უსასყიდლოდ გადაეცემა. საუბარია მხოლოდ სიმბოლურ თანხაზე, რომელიც იურიდიულ დოკუმენტებში დასაფიქსირებლად იქნება აუცილებელი.

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა კლუბის ადმინისტრაციას დღეს რეკომენდაცია მისცეს, რომ ახალი ინვესტორის მოძიებაზე ეზრუნათ. როგორც "დინამოს" დირექტორი გიორგი ტყავაძე აცხადებს, კლუბის შეძენასთან დაკავშირებით, მათთვის ჯერჯერობით არც ერთ მსურველს არ მიუმართავს.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა