ქართველი ძიუდოისტები სამომავლო ბატალიებისთვის მზადებას შეუდგნენ

ქართველმა ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატი მოილიეს და შესვენებლად შეუდგნენ სამომავლო ბატალიებისთვის მზადებას. უახლოესი შეჯიბრება 11-13 დეკემბერს ტოკიოში გასამართი ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირია, სადაც ჩვენები 29 ნოემბერს გაემგზავრებიან და ასპარეზობაში ჩართვამდე შეკრებას გაივლიან.

თუმცა მანამდე ქართულ ძიუდოში ერთი საინტერესო სიახლეც ხდება - კვირა ღამეს თბილისში ჩამოფრინდა ნაკრების კონსულტანტად შეგულებული ავსტრიელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პეტერ ზაიზენბახერი, რომელიც ამჯერად სამედიცინო შტაბთან ერთად გვესტუმრა. მათ აპარატურაც ჩამოიტანეს და გუშინ ძიუდოს აკადემიაში საქმესაც შეუდგნენ - სპორტსმენთა დაახლოებით 40-კაციანი ჯგუფი შეამოწმეს, პროცესი გაგრძელდება. ზაიზენბახერთან კონტრაქტი ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა - ფედერაცია ამას დეკემბერში გეგმავს, თუმცა ავსტრიელი რომ თავის გუნდთან ერთად მუშაობას ოფიციალურად შეუდგა, პირობების საბოლოოდ გარკვევაზე მიგვანიშნებს. შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით იმის გარდა, რომ ზაიზენბახერი გუნდთან ლონდონის ოლიმპიადის ჩათვლით იმუშავებს, მისი ხელქვეითი გერმანელი ექიმები კი ნაკრების წევრ-კანდიდატთა შესამოწმებლად პერიოდულად ჩამოვლენ საქართველოში, ძირითადად - პირველხარისხოვანი ტურნირების, ევროპა-მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების წინ.

ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა დაასახელა ტოკიოში, კანოს მემორიალზე წასაყვანი შემადგენლობა: ბეთქილ შუკვანი (60), შალვა ქარდავა (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ზვიად ხანჯალიაშვილი (+100). ტოკიოშივე დარჩებიან ტურნირის შემდეგ გასამართ ერთობლივ ვარჯიშებზე (მსგავს წვრთნებს ამ რანგის შეჯიბრებებისთვის საერთაშორისო ფედერაცია ითხოვს). ჩვენები იქ საკმაო ხანს დარჩებიან, რამაც გუნდის დაკომპლექტებაც განაპირობა - წასვლაც ძვირი სიამოვნებაა და ადგილზე ცხოვრებაც, რისი საშუალებაც ფედერაციას არ გააჩნია. ამიტომ დაიგეგმა შვიდკაციანი გუნდის ანუ წონაში თითო კაცის გაგზავნა. თუმცა საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი ლომერ ჟორჟოლიანი (100) ვერ მიდის - თითზე ოპერაციას საჭიროებს, ამ წონაში მის ჩანაცვლებას კი 81-ში ჭრიკიშვილის დამატება არჩიეს. ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი პირველ სეზონს ატარებს უფროსებში და ფიზიკურად ცოტა გაუჭირდა, რაც თვალნათლივ გამოჩნდა საქართველოს ჩემპიონატზე. ახალგაზრდებში ის გამოირჩეოდა კარგი ფიზიკური მომზადებით, მაგრამ აქ ჭიდაობაც უფრო დიდხანს გრძელდება და მეტოქეებსაც განსხვავებული ფიზიკური კონდიციები აქვთ. ამიტომ აუცუილებელია, ჭრიკიშვილი თანდათან, ნელ-ნელა და მეთოდურად შეაჩვიონ გაზრდილ დატვირთვებს.

როგორც ვხედავთ, ლიპარტელიანი ძირითადად საქართველოს ჩემპიონებს დაეყრდნო - ქარდავა, პაპოშვილი, ბაინდურაშვილი და ხანჯალიაშვილი მინიმუმ, ერთი წელიწადი ატარებენ ახლახან მოპოვებულ ამ ტიტულს. რაც შეეხება შუკვანსა და ლიპარტელიანს, პირველმა ტრავმის გამო ვეღარ დაასრულა ქვეყნის პირველობა, მეორემ კი ასევე ტრავმის გამო ბრინჯაოსთვის ვერ იჭიდავა და მეხუთეზე დარჩა. ამის მიუხედავად, მწვრთნელი ორივეს ენდო. მით უფრო, ტრავმები არც ისე საშიშია და 2-3 დღეში მოიშუშებენ.

თუმცა ვალერი ლიპარტელიანის დაყენება, ალბათ, მაინც გამოიწვევს მითქმა-მოთქმას იმის მიუხედავად, რომ ეჭვქვეშ არავინ აყენებს მის ნიჭიერებას. უბრალოდ, მან წააგო ქვეყნის პირველობა, თუმცა ჩემპიონი ლაშა გურული ჯერ მართლაც გამოუცდელი გვგონია ისეთი ძლიერი ტურნირისთვის, როგორიც კანოს მემორიალია. ჯერ ხომ ამ რანგის შეჯიბრებებია ზეპრესტიჟული, კანო `დიდი მუზარადის~ კვარტეტშიც გამორჩეულია. სწორედ მისი დასრულების შემდეგ ერთობლივი წვრთნების გამო - იაპონიაში ჩასვლაზე და ერთბაშად რამდენიმე იაპონელთან ვარჯიშზე, რასაც უცხოელებიც ემატებიან, არც ერთი სერიოზული და ჭკუათმყოფელი ძიუდოისტი არ იტყვის უარს. ცხადია, ეს გურულისთვისაც დიდი გამოცდა იქნება, მაგრამ აკი ვთქვით, გამოუცდელია უცხოურ შეჯიბრებებში... ბუნებრივია, ასეთი ძლიერი ვარჯიშები ფრიად წაადგება ლიპარტელიანსაც, მაგრამ უარს არც სხვები იტყოდნენ, რომლებმაც საქართველოს პირველობაზე აჯობეს მას. ამ თემაზე სოსო ლიპარტელიანთან არ მისაუბრია, მაგრამ, ეტყობა, ის ნაკრების ლიდერად კვლავაც თანამოგვარეს განიხილავს. როგორც მწვრთნელმა არაერთგზის გაიმეორა, შანსი ყველას აუცილებლად მიეცემა.

კანოს ტურნირის შემდეგ ჩვენებისთვის მორიგი დიდი შეჯიბრება ბაქოში 15-16 იანვარს გასამართი მასტერსია, სადაც მსოფლიოს რეიტინგების 16-16 მოწინავეა მიწვეული, ორ-ორი კი სათადარიგოდაა შეგულებული. ამათ გარდა, იქ მოხვედრის შანსი არავის აქვს - 16 მონაწილე რომც არ მოგროვდეს, მე-18 ადგილზე ქვევით მყოფებს მაინც არ აძლევენ იქ ჭიდაობის ნებას. მასტერსამდე კიდევ რამდენიმე შეჯიბრებაა, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგში ცვლილებების შეტანა შეუძლია - აბუ დაბის `დიდი პრიზი~ გუშინ დაიწყო, თვის ბოლოს კორეულ სუვონში მსოფლიოს თასი ტარდება, დეკემბერში იგივე კანოს მემორიალია, სეზონი კი ჩინეთის `დიდი პრიზით~ დამთავრდება. სადღეისო მდგომარეობით, ბაქოში გამოსვლის უფლება ჩვენებურთაგან 60-ში ამირან პაპინაშვილს (IX ადგილი, 542 ქულა) და დავით ასუმბანს (XII, 482) გააჩნიათ. 66-ში გადაჭრით შეიძლება ითქვას, მონაწილე არ გვეყოლება - ჩვენგან საუკეთესო იგივე ქარდავაა, რომელიც 30-ეა 248 ქულით და კვოტას კანოს ტურნირის მოგება თუ მოუტანს მხოლოდ, სხვაგან კი ჩვენები გამოსვლას არ გეგმავენ. იგივე მდგომარეობაა 73-შიც - ზაზა კედელაშვილი 34-ეა 216 ქულით, ნუგზარ ტატალაშვილი - 35-ე 208-ით. 81-ში ლევან წიკლაური - 512 ქულით (XII), 90-ში ვალერი ლიპარტელიანი 684-ით (IX), 100-ში - ჟორჟოლიანი (588, XI), მძიმეში - ხანჯალიაშვილი (348, XX).

tbiliseli
წარმატებები ჩვენს ბიჭებს,განსაკუთრებით ჭრიკიშვილს ახალგაზრდაა.ძალიან მოხარული ვარ ხანჯალიაშვილი რომ წაიყვანეს,მართალია გუჯეჯიანს და ოქრუაშვილს უფრო დიდი სახელი ავქთ მარა ვინც უკეთესად მზდ არის ის უნდა წაიყვანო.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა