"თავისუფლები" რუსებთან დამარცხდნენ - 3:4, ბერძენ-რომაელებმა კი იმავე ანგარიშით თურქებთან წააგეს
მოსკოვში დასრულებულ "ევროპის ერთა თასზე" გამოსვლა ჩვენმა ორივე ნაკრებმა წარმატებით დაიწყო. შაბათს მათ დაუმარცხებლად გაიარეს ქვეჯგუფის შეხვედრები და ფინალში გავიდნენ, მაგრამ 10 ნოემბერს ორივემ წააგო და საბოლოოდ მეორეზე დარჩა.

მომხდარი მით უფრო დასანანია, რომ ორივე პაექრობის ბედი ბოლო შეხვედრამ გადაწყვიტა, რომ მოგებაც ჩვენებმა ვერ შეძლეს. "თავისუფლები" რუსებთან დამარცხდნენ - 3:4, ბერძენ-რომაელებმა კი იმავე ანგარიშით თურქებთან წააგეს.

არადა, მოგების შანსი ორივეს ჰქონდა. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი "თავისუფალთა" მარცხია, რომლებმაც რუსთა მძიმეწონოსნის ტრავმის გამო ფინალი ერთქულიანი ფორით დაიწყეს. ამას საწყის ორ შეხვედრაში მოგებაც დაუმატეს და სამქულიანი უპირატესობა მიიღეს, მაგრამ წააგეს დანარჩენი ოთხი!

ამ კვარტეტიდან ერთსაც რომ ემარჯვა, მასპინძლებს მათსავე მშობლიურ დარბაზში პირში ჩალაგამოვლებულებს დატოვებდნენ.

ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს "თავისუფლებს" ოპტიმალური შემადგენლობა არ ჰყავდათ - იაკობ მაქარაშვილი (74) თბილისშივე დაშავდა და გუნდს საერთოდ ვერ გაჰყვა (ამის მიუხედავად, პირდაპირ რეპორტაჟებში თუ ოქმებში ყველგან მას ახსენებდნენ და არა მის შემცვლელ გიორგი მარსაგიშვილს), ხოლო 84 კილოგრამში მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი ირანიდან (სადაც საკლუბო ჩემპიონატში გამოდიოდა) დროულად ვერ ჩავიდა და აქაც სათადარიგო სანდრო ამინაშვილის ამარა დავრჩით.

ამინაშვილს იქნებ ურიგოდ არ უჭიდავია, მაგრამ ვგონებთ, ფინალში ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ სოსლან კცოევთან წარმატების მეტი შანსი დავით მარსაგიშვილს ექნებოდა.

ჩვენმა "თავისუფლებმა" პირველივე შეხვედრაში პირწმინდად მოუგეს შესუსტებულ ბულგარეთს - 7:0. ბულგარელებთან გიორგი ედიშერაშვილმა (55, თუმცა მეტოქეს აქ მონაწილე არ ჰყავდა), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60), ლევან ქელეხსაშვილმა (66), გიორგი მარსაგიშვილმა (74), ამინაშვილმა (84), ელიზბარ ოდიკაძემ (96) და გენო პეტრიაშვილმა (120) იმარჯვეს.

ჩვენებიდან აღსანიშნავია მარსაგიშვილის წარმატება ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორ კირილ ტერზიევთან - 10:2 და ქელეხსაშვილის 8:1 მოგება ალექსანდრ გრიბკოვთან.

მართალია, მეტოქე ახალბედაა, მაგრამ არც ჩვენია დიდად გამოცდილი, იმის მიუხედავად, რომ წლეულს მსოფლიოზეც იასპარეზა და ბრინჯაომდეც მივიდა, მაგრამ ის მისთვისაც სადებიუტო ტურნირი იყო.

ჩვენებს დიდი ჯაფა არც ჯგუფის მეორე პაექრობაში დადგომიათ თურქებთან, იმის მიუხედავად, რომ ორი შეხვედრა წააგეს - 5:2 მათ სასარგებლოდ. ედიშერაშვილმა უპრობლემოდ, 7:0 დაამარცხა ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი სულეიმან ატლი, ხინჩეგაშვილმა ასეთივე ანგარიშით აჯობა რეჯეპ ტოპალის, ქელეხსაშვილს კი ცოტა გაუჭირდა ახალგაზრდებში თურქთა კიდევ ერთ წლევანდელ დუბლის მომგებ სელეჰატინ კილიცსალაინთან - 6:4 მოუგო, რითაც საერთო ანგარიში 3:0 გახდა ჩვენ სასარგებლოდ.

ამის შემდეგ პირველი წაგების ჯერი დადგა - მარსაგიშვილი სონერ დემირტაშთან დამარცხდა, ვისაც დავით ხუციშვილი ყველგან ათრევდა, სადაც კი გადაეყრებოდა. თუმცა ამინაშვილმა საერთო ანგარიშში 3-ქულიანი სტატუს-კვო სწრაფად აღადგინა ფატიხ ერდინთან 4:2 მოგებით და გუნდური გამარჯვებაც დაგვიბევა.

ამის მიუხედავად, ოდიკაძემ 11:3 მაინც მოუგო იბრაჰიმ ბოლუკბასს, ბოლო შეხვედრაში კი პეტრიაშვილი კიდევ ერთხელ დამარცხდა თურქთა ევროპის ორგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ტაჰა აკგულთან. საბოლოოდ 5:2 ჩვენ სასარგებლოდ.

პარალელურად, მეორე ჯგუფიდან ფინალში რუსეთი გავიდა, თუმცა იქვე გაცხადდა, რომ გადამწყვეტ პაექრობაში ვერ იჭიდავებდა სომეხ ანდრანიკ გალსტიანთან ფეხნატკენი მძიმეწონოსანი მუხამადგაზი მაგომედოვი.

ფინალში ისიც საინტერესო იყო, 60 კილოგრამში ხინჩეგაშვილს დაუყენებდნენ თუ არა ჩეჩენ ოლიმპიურ ჩემპიონ ჯამალ ოთარსულთანოვს, ანუ განმეორდებოდა თუ არა ლონდონის ოლიმპიადის ფინალი. ჩეჩენი პირველად ჭიდაობდა ამ წონაში და სომეხ ვალოდია ფრანგულიანთან იმარჯვა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მას მაინც არ ენდნენ (იქნებ შეგნებულადაც მოარიდეს ქართველს) და მის ნაცვლად იაკუტი ტიმურ პასტერევი დააყენეს.

თუმცა ეს ვერაფერში წაადგათ - ხინჩეგაშვილმა 7:0 იმარჯვა. მანამდე ედიშერაშვილმა ბურიატ ბაზარ ჟალსაპოვს 7:4 აჯობა და საერთო ანგარიშში 2:0 დავწინაურდით. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ჩარხი ჩვენთვის ერთხელაც არ შემოტრიალებულა და მიჯრით დავთმეთ ოთხი პაექრობა - ქელეხსაშვილმა სოსლან რამონოვთან 0:7 წააგო, მარსაგიშვილმა - აცამაზ სანაკოევთან 2:10, ამინაშვილმა - კცოევთან 0:7, გადამწყვეტ პაექრობაში კი ოდიკაძე ბატრაზ გაზაევთან მინიმალური სხვაობით, 6:7 დამარცხდა.

ბრძოლა დრამატული გამოდგა, სადაც გამარჯვებული ბოლო წამამდე არ გაირკვა. ოდიკაძე ადრე უფრო დაცვიდან ჭიდაობდა, მაგრამ ეტყობა, ახალი წესებიდან გამომდინარე, სტილი შეცვალა - ახლა შეტევაში დიდ დროს ატარებდა, თუმცა მისი სუსტი წერტილი სწორედ დაცვა აღმოჩნდა და ოსმა კონტრშეტევებზე გვარიანად იხეირა.

ასე დასანანად წააგო ოდიკაძემაც და მთლიანად გუნდმაც. ბუნებრივია, გუნდურ ტურნირში ვერც მოგებას განაპირობებს ერთი კაცი და ვერც - წაგებას. არც ჩვენ ვაბრალებთ ყველაფერს ოდიკაძეს, მაგრამ, უბრალოდ, დასანანი ქულები დაკარგა.

ბერძენ-რომაელებმა ქვეჯგუფის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით მოიგეს - 5:2. მათ ჯერ ბულგარელები დაამარცხეს, მერე - სომხები.

ამასობაში მეორე ჯგუფიდან არა გოგი კოღუაშვილის გაწვრთნილი რუსები, არამედ თურქები გავიდნენ. იქ სამივე პაექრობა ერთნაირი ანგარიშით - 4:3 დასრულდა, ოღონდ სამივემ წააგო ერთმანეთთან - რუსები თურქებთან დამარცხდნენ და მოუგეს აზერბაიჯანელებს, თურქებმა კი აზერბაიჯანელებთან დათმეს.

საბოლოოდ ქულებით თურქებმა გაუსწრეს ყველას, რუსები კი მეორეზე გავიდნენ და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთნენ. ეს საქმე წარმატებითაც დაასრულეს, ჩვენებმა კი თურქებთან მოგების რეალური შანსი გაანიავეს.

ბერძნულ-რომაულ ფინალში ნიკა ცეცხლაძემ (55) პირველი პაექრობა დათმო, თუმცა თორნიკე თურქიშვილმა (60), საჩინო დავითაიამ (66) და ზურაბ დათუნაშვილმა (74) ზედიზედ სამი მოგება მიითვალეს და საერთო ანგარიშში 3:1 დავწინაურდით.

სამწუხაროდ, აქაც "თავისუფლების" მაგვარი რაღაც მოხდა მიყოლებით წაგებებში - რევაზ ნადარეიშვილის (84), ვასილ იმერლიშვილისა (96) და ლევან არაბულის (120) ტრიოდან ერთსაც რომ მოეგო, ტურნირშიც გავიმარჯვებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, სამივე დამარცხდა და მოგებაც თურქებს დარჩათ - 3:4. არადა, მძიმე წონაში თურქებმა ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიურ პრიზიორ რიზა კაიაალპის ნაცვლად ატილა გიუზელი დააყენეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ შურღაია
მეორე ადგილი ჭიდაობის ორივე სახეობაში ძალიან კარგი შედეგია. პირველი ადგილების დროც მოვა. ვულოცავ ჩვენს მოჭიდავეებს!
ნიკოლოზ შურღაია
მეორე ადგილი ჭიდაობის ორივე სახეობაში ძალიან კარგი შედეგია. პირველი ადგილების დროც მოვა. ვულოცავ ჩვენს მოჭიდავეებს!
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა