საჭიდაო კონფერენცია ხმაურიანი ასპექტებით - დისკვალიფიკაცია ჰეფი ენდით?
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ დავით მარსაგიშვილსა (84) და მის თანაგუნდელ იაკობ მაქარაშვილს (84) ჩვენივე ჭიდაობის ფედერაციისგან 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.

ამის შესახებ ბრძანებას საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ხელი უკვე მოაწერა და 13 ნოემბერს პრესკონფერენციაზე თვითონვე გაგვაცნო.

მიზეზი ამ მოჭიდავეების მოსკოვში, "ევროპის ერთა თასზე" გამოუსვლელობაა. "ლელო" უკვე წერდა, რომ მაქარაშვილი იქ ტრავმის გამო ვერ წავიდა, ხოლო მარსაგიშვილმა ირანიდან, სადაც საკლუბო ჩემპიონატში გამოდიოდა, დროულად ჩასვლა ვერ მოასწრო, აწონვაზე დააგვიანა და მერე არც ტურნირში დაუშვეს.

ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ერთსაც შეეძლო ჭიდაობა და მეორესაც - დროულად ჩასვლა, მაგრამ პირადი ინტერესები გუნდისა და ქვეყნისაზე მაღლა დააყენეს.

კურტანიძის თქმით, მათი საქციელით მთელი ნაკრები დაზარალდა და დიდწილად, ამან განაპირობა ფინალში "ერთა თასის" მასპინძლებისთვის დათმობა.

"ეს არაა პიროვნული შედეგი, ეს სახელმწიფოს ინტერესი, ქვეყნის ღირსების საკითხია. ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა, როცა ნაკრების წევრებმა პირადული ინტერესი საერთოზე მაღლა დააყენეს" - განაცხადა კურტანიძემ.

პრეზიდენტმა ბრძანება კი გამოსცა, მაგრამ საბოლოო ვერდიქტი მაინც ფედერაციის აღმასკომმა უნდა გამოიტანოს - ის 17 დეკემბერს შეიკრიბება და განიხილავს პრეზიდენტის ამ ბრძანებას.

აღმასკომმა სადამსჯელო ღონისძიებები რომ შეიძლება შეცვალოს, ეს კურტანიძემაც განაცხადა. მან არც ის დამალა, რომ მარსაგიშვილს მოსკოვში პირადად კი შეხვდა, მაგრამ დისკვალიფიკაციის შესახებ არაფერი უთქვამს.

ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა, რამდენად რეალურია 6-თვიანი დისკვალიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფალავნები ვერ იჭიდავებენ ვერც დეკემბერში გასამართ საქართველოს ჩემპიონატში და ვერც - ევროპის პირველობაზე.

ხომ არ დაზარალდება ამით ეროვნული ნაკრები, როცა მარსაგიშვილი იმავე ევროპირველობაზე გამარჯვების ერთ-ერთი პრეტენდენტია? იქნებ აჯობებდა, ჯერ ფინანსური დასჯით შემოფარგლულიყვნენ, რაკი პირველი შემთხვევაა, ხოლო დისკვალიფიკაციაზე განმეორების შემთხვევაში ეზრუნათ?

კურტანიძემ კი თქვა, რომ მათ ეროვნულ ნაკრებთან შეკრებებზე ვარჯიშის საშუალება მიეცემათ, მაგრამ ტურნირში თუ ვერ გამოვლენ, ეს მაინცდამაინც ბევრს არ ნიშნავს.

ირანის საკლუბო პირველობა ამ დღეებში მიმდინარეობს და საინტერესოა, რა სასჯელი ელოდა მარსაგიშვილს კონტრაქტის დარღვევის, ანუ ნაადრევად წამოსვლის შემთხვევაში?

"ვფიქრობ, ნაკრების წევრთა პასუხისმგებლობა აღემატება პირადულს. იმავე დილემის წინაშე იდგნენ ედიშერაშვილი, ხინჩეგაშვილი, ქერაშვილი, რომლებიც გერმანულ და ირანულ კლუბებში გამოდიან, მაგრამ მათ ნაკრების, ქვეყნის ინტერესი პირადულზე მაღლა დააყენეს, რასაც ვაფასებ.

ფედერაცია ყველას ხელს უწყობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, მაგრამ თან გავაფრთხილეთ ისინი, რომ ევროპის თასზე და ევროპის ჩემპიონატში უნდა გამოსულიყვნენ.

მათი საქციელით მთელმა გუნდმა დაკარგა ევროპის თასი და არა მხოლოდ პირადად მათ. არა მგონია, ფინანსური ჯარიმა დისკვალიფიკაციის სწორი ალტერნატივა იყოს, რადგან ჩვენ, პირიქით, სპორტსმენებისა და მწვრთნელების ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ" - ესეც კურტანიძის სიტყვებია.

პრესკონფერენცია ის-ის იყო, დასრულდა და კურტანიძემაც თავის ოთახს მიაშურა, როცა ფედერაციის შენობაში თავად დავით მარსაგიშვილი შემოიჭრა და ჯერ გენერალურ მდივან გიორგი ლომიძის კაბინეტს მიაშურა, იქიდან კი კურტანიძესთან შევიდა, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი დაჰყო.

მისი კაბინეტიდან გამოსულმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა:

"მართლაც ცუდი ფაქტი მოხდა და ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს არ იყო სწორი საქციელი, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ირანში 7 ნოემბერს უნდა მეჭიდავა, 8-ში კი მოსკოვში უნდა გავფრენილიყავი. ირანელებისგან ასეთი ინფორმაცია მქონდა და ამავეს ვეუბნებოდი მწვრთნელებს, მაგრამ მეც მოტყუებული დავრჩი - 8-ში გვაჭიდავეს. ეს ადრევე რომ მცოდნოდა, არ წავიდოდი ირანში და გუნდს გავყვებოდი მოსკოვში.

დისკვალიფიკაციის ამბავი მეც ამ წუთებში გავიგე, ამაზე ვესაუბრე კურტანიძეს და ავუხსენი, რაშიც იყო საქმე. ამ დღეებში შეიკრიბება ამ საქმით დაინტერესებული ხალხი და, იმედია, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. დიდი იმედი მაქვს, დისკვალიფიკაცია გაუქმდება.

ირანიდან თვითნებურად რომ წამოვსულიყავი, მაშინ კლუბი კონტრაქტს საერთოდ გამიუქმებდა".

ასე იმედიანად გამოვიდა მარსაგიშვილი პრეზიდენტის კაბინეტიდან. ბუნებრივია, ამ აუდიენციის დეტალებზე არავინ საუბრობს, მაგრამ, ალბათ, სპორტსმენს ოპტიმიზმის მიზეზიც აქვს.

ყოველ შემთხვევაში, მეგობარს სატელეფონო ზარზე უპასუხა, ყველაფერი დადებითად მოგვარდაო.

მის პოზიციებს ისიც ამაგრებს, რომ კურტანიძის გადაწყვეტილებას ფედერაციის წარმომადგენლებიც ზედმეტად მკაცრად მიიჩნევენ და აღმასკომში შემავალი ის რამდენიმე ვეტერანიც, რომლებსაც 13 ნოემბერს გავესაუბრეთ.

ფედერაციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მარსაგიშვილის გარეთ გამოსვლამდე ვარაუდობდნენ, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილებას, მინიმუმ, შეარბილებინებდნენ მაინც. როგორც გითხარით, ეს საკითხი საბოლოოდ 17 დეკემბერს გადაწყდება, მანამდე თუ რადიკალურადაც არ შეიცვალა ვითარება.

მესტვირიშვილიც წარადგინეს

13 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ლუკა კურტანიძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გაგვაცნო - სახელოვან მწვრთნელთან, ამჟამად ინდოეთში მომუშავე ვლადიმერ მესტვირიშვილთან შეთანხმება საბოლოოდ შედგა და ის იანვრიდან თავისუფალ ჭიდაობაში სამივე ასაკობრივი ნაკრების მთავარ მრჩევლად იმუშავებს.

კურტანიძის თქმით, ეს საკითხი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთანაც შეთანხმებულია და არანაირი პრობლემა არ იქნება. იმედოვნებენ, რომ დაბრკოლებებს ვერც ინდური მხარე შექმნის, კონტრაქტის მიუხედავად.

მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩვენთან ადრევე თქმული, რომ იქაურები ხელშეკრულების ყველა პირობას ვერ ასრულებენ და მისი ოპტიმიზმიც ამითაა განპირობებული, ოღონდ წამოსვლის შესახებ ერთი თვით ადრე უნდა გააფრთხილოს ინდოელები.

ამის გაკეთებას კი იანვარში აპირებს და მერე დაბრუნდება საქართველოში. ის ადგილზე დარჩება და აქვე იმუშავებს ჩვენს ნაკრებებთან, მუდმივ რეჟიმში, ოღონდ მისი საკითხიც საბოლოოდ 17 დეკემბრის აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს.

საერთოდ, სხდომას ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა მოუწევს. მესტვირიშვილის კანდიდატურის გარდა, მან ორივე სახეობაში ყველა ასაკობრივი ნაკრების განახლებული სამწვრთნელო შტაბებიც უნდა დაამტკიცოს, ამ კუთხით გადაადგილებები კი აუცილებლად რომ მოხდება, კურტანიძემ გუშინაც დაადასტურა.

ამასთან, იქმნება ვეტერანთა ნაკრებები "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში და მათი თავკაცებიც აღმასკომმა უნდა დაამტკიცოს; მოისმინოს და შეაფასოს ფედერაციის ერთწლიანი მუშაობის ანგარიში, რადგან 15 დეკემბერს კურტანიძეს პრეზიდენტად მუშაობის ერთი წელიწადი უსრულდება.

სატურნირო შეფასებები

გასულ უქმეებზე ჩვენმა მოჭიდავეებმა რამდენიმე უცხოურ ტურნირში იასპარეზეს - ეროვნული გუნდები მოსკოვში, ზემოაღნიშნულ "ევროპის ერთა თასზე" გამოვიდნენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკებმა კი ერევანში საერთაშორისო შეჯიბრებაში 9 მედალი მოიპოვეს.

მათ შორის - 6 ოქროა. კურტანიძემ ამ შეჯიბრებებზეც ისაუბრა და ფალავნებს წარმატება მიულოცა. მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვში ევროპის 6-6 საუკეთესო ნაკრები გამოდიოდა, მაგრამ საქართველოს გარდა, ორივე სახეობაში ფინალში გასვლა ვერავინ შეძლო.

გულდაწყვეტილი ვარ ფინალში წაგებებით, მაგრამ მადლობელი ვარ ყველა სპორტსმენისაო, განაცხადა მან და იქვე გააკრიტიკა ბერძენ-რომაელთა ნაკრების ხელმძღვანელობა ფინალში დაშვებული საკადრო პრობლემების გამო.

მისი თქმით, აჯობებდა, თურქებთან გიორგი ცირეკიძეს (84) და გურამ ფერსელიძეს (120) ეჭიდავათ.

ამ თემაზე პრესკონფერენციის დასასრულ, კომენტარი ბერძენ-რომაელთა მთავარ მწვრთნელ ოთარ ტატიშვილს ვთხოვეთ:

"გარკვეული ხნის წინ გიორგი ცირეკიძეს ტრავმა ჰქონდა - ნეკნი სტკიოდა, ხოლო უშუალოდ ტურნირზე, წინა შეხვედრაში თითი იტკინა.

მე მას მივეცი საშუალება საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლისა და ფინალში დავაყენე ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც მანამდე დამაჯერებლად იასპარეზა.

ფერსელიძის შემთხვევაც იგივე იყო - ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთა და პირველი შეხვედრის შემდეგ მასაც მივეცი დასვენების შანსი. მიმაჩნია, რომ ეს მართებული გადაწყვეტილებები იყო - ამით ახალგაზრდებსაც მივეცი შანსი. ყველაზე მეტად გულდაწყვეტილი მე ვარ, მაგრამ ცოტა წინაც ვიყურები".

პრესკონფერენციაზე კურტანიძე კიდევ ერთხელ დაგვპირდა, რომ სექტემბრიდან საკლუბო ჩემპიონატიც ამოქმედდება და საამისოდ 8 კლუბი შეიქმნება.

ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ საინტერესოა მისი დაფინანსების წყაროები - თუ საბიუჯეტო კლუბებზეა ლაპარაკი (არადა, ამ საქმეში ლევან ყიფიანის ხშირი ხსენება ამას გვაფიქრებინებს), მაშინ არც ისე კარგი სისტემაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდნენ, ხუციშვილი და მარსაგიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
დავით მარსაგიშვილის საუკეთესო მომენტები ინდოეთის პრო ლიგაში [VIDEO]
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა