რუმენიგე: დაცვას მივხედოთ, დაცვას!

„ბაიერნი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მისთვის უჩვეულო, მერვე ადგილზეა და ლიდერ „დორტმუნდს“ უკვე 14 ქულით ჩამორჩება. სწორედ ეს უშლის ნერვებს მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელებს. იანვარი ახლოვდება და ამთავითვე ცნობილია, რომ ბავარიელები ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდებიან. მიუნხენური კლუბი გაძლიერებას პირველ რიგში დაცვის ხაზში გეგმავს.

„ლევერკუზენთან“ ვერმოგებული მატჩის შემდეგ ფრანც ბეკენბაუერმა არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ თქვა, „ბაიერნის“ დაცვაში საბავშვო ბაღია, გუნდის უკანახაზელები ისეთ შეცდომებს უშვებენ, რომ ამის ყურება პირადად მე აღარ შემიძლიაო. ამრიგად, დაცვა რეკორდმაისტერის ყველაზე პრობლემური ზონაა. დღეს მიუნხენში უკვე ყველა აღიარებს, რომ ზაფხულში დიდი შეცდომა იქნა დაშვებული: კლუბის შეფებს დაცვის გაძლიერება სურდათ, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ქვა ააგდო, თავი შეუშვირა და დაიჩემა, ახალი მცველები არ მჭირდებაო. „ბაიერნს“ წინა სეზონი იდეალურად ჰქონდა ჩატარებული და ჰოლანდიელ სპეციალისტს ბოსებმა ალბათ ამიტომაც დაუჯერეს.

ახლა კი ნათელია, რომ უკანა ხაზს გაძლიერება სჭირდება და ეს იანვარშივე უნდა მოხდეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მიუნხენელები ბაზარს ყურადღებით აკვირდებიან - „ბაიერნი“ პირველ რიგში ახალ მარცხენა მცველს ეძებს და არც ცენტრალური მცველის ყიდვაა გამორიცხული.

„შეცდომები, რასაც ჩვენი მცველები უშვებენ, უკვე იმდენად ნათელია, რომ არანაირი დისკუსია არ არის საჭირო. უკანა ხაზში გაძლიერება გვჭირდება და თუ დროზე არ ვიღონეთ რამე, მერე მაგრად ვინანებთ,“ - ეს ვიცე-პრეზიდენტ კარლ ჰაინც რუმენიგეს განცხადებაა, რომელიც მან გუშინ, „რომასთან“ საჩემპიონთალიგო მატჩის წინ გააკეთა.

საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ „ბაიერნი“ იტალიის ნაკრებისა და „ჯენოას“ მარცხენა მცველ დომენიკო კრიშიტოს აკვირდება. გასულ უქმეებზე რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი კრისტიან ნერლინგერი იტალიაში იმყოფებოდა და კრიშიტოს თამაშს დაესწრო. „ჯენოა“ „იუვენტუსთან“ 0:2 დამარცხდა და როგორც ჩვენი გერმანელი კოლეგები იუწყებიან, კრიშიტომ ნერლინგერი ვერაფრით გააოცა. თუმცა ბავარიელები მხოლოდ ერთი მატჩით არ შემოიფარგლებიან, კრიშიტო კი მართლაც არ არის ცუდი მცველი. მასთან ერთად, ჯერ კიდევ მიდის სჯა-ბაასი ჟოზე ბოსინგვას შესახებ. სიაში არიან „ევერტონის“ უკანახაზელი ლეიტონ ბეინესი, „ბორდოს“ მცველი ბენუა ტრემულინა და „ლილის“ უკანახაზელი ადილ რამიც.

ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამტკიცდა, რომ დანიელ ვან ბუიტენი და მარტინ დემიკელისი არ არიან ისეთი მცველები, რომლებმაც „ბაიერნს“ ასეთი რანგის ტურნირი უნდა მოაგებინონ. მიმდინარე სეზონში კი მათი სისუსტე უფრო თვალნათლივ გამოჩნდა. ყველაზე პრობლემური ზონისთვის, დაცვის მარცხენა ფლანგისთვის, ვან გაალის განკარგულებაში დიეგო კონტენტო, დანიელ პრანიჩი და ედსონ ბრააფჰაიდი არიან. პირველი ტრავმირებულია და თან ძალიან ახალგაზრდაა, პრანიჩი იმედებს ვერ ამართლებს, ბრააფჰაიდზე კი არც ღირს საუბარი - ჰოლანდიელი „ბაიერნის“ ტრანსფერების ისტორიაში უდიდესი შეცდომაა. ვინღა დარჩა? შეუცვლელი ფილიპ ლამი და ახალგაზრდები, ჰოლგერ ბადშტუბერი და ბრენო. ამ უკანასკნელს რვათვიანი იძულებითი პაუზა ჰქონდა, ახლა გამოჯანმრთელდა და ნელ-ნელა აზრზე მოდის - თუკი 21 წლის ბრაზილიელმა „ნიურნბერგთან“ ნორმალურად ითამაშა, „ლევერკუზენთან“ არასტაბილური იყო. მიუხედავად ამისა, რუმენიგე და კომპანია ბრენოზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ამ ყველაფერთან ერთად, მიუნხენელები დორტმუნდის „ბორუსიაში“ გაყიდულ მატს ჰუმელსს მისტირიან. ჰუმელსი BVB-ში ჯერ განათხოვრებული იყო, მერე კი ვესტფალიურმა კლუბმა ის საბოლოოდ შეისყიდა და „ბაიერნის“ შეფებმა თავში ხელი ახლაღა წაიშინეს, ეს რა კაცი გავყიდეთო. ჰუმელსი სრულფასოვანი დორტმუნდელი 2009 წლის თებერვალში გახდა და მის ტრანსფერს მწვანე „ბაიერნის“ მაშინდელმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა აუნთო. 21 წლის მცველის შეძენა დორტმუნდელებს სულ რაღაც 5 მილიონი ევრო დაუჯდათ. დღეს ჰუმელსი უკვე გერმანიის ნაკრების გაფართოებულ სიაშია, ბუნდესგუნდის დაცვის მომავალ ბურჯად მიიჩნევა და მისი ფასი დაახლოებით ოთხჯერ, 20 მილიონამდე გაიზარდა.

ახალი ბრაზილიელი ჰოფეში?

„ჰოფენჰაიმმა“, შესაძლოა, კიდევ ერთი ბრაზილიელი ფეხბურთელი შეიძინოს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, „სოფლელები“ რუმინული „გაზ მეტანის“ 24 წლის ნახევარმცველ ერიკ დე ოლივეირას უმიზნებენ. დე ოლივეირამ მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა და რუმინეთის ჩემპიონატში საუკეთესო ლეგიონერია. ზაფხულში მას თავისი კლუბის დატოვება 350 000 ევროს სანაცვლოდ შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუმინელები თანახმა იქნებიან, ბრაზილიელი იანვარში 1 მილიონ ევროდ გაყიდონ. „ჰოფენჰაიმი“ კი თანახმაა, დე ოლივეირაში მილიონი გადაიხადოს.

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს