"ნიქსი" რონდოზე მუშაობს
"პორტლენდი" აგრძელებს თავის მოგებათა სერიას, რომელიც უკვე ექვს მატჩს უტოლდება. ამჯერად, "ბლეიზერსმა" სტუმრად დაამარცხა "ტორონტო", რომელიც, ისტორიულად, არც ისე კარგად თამაშობს ორეგონელების წინააღმდეგ - ბოლო შვიდ საშინაო შეხვედრაში "რეპტორზმა" მხოლოდ ორჯერ დაამარცხა "პორტლენდი".

17 ნოემბერს რუდი გეიმ და კომპანიამ ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს შინ და მეექვსე ბოლო რვა შეხვედრაში, არადა, კანადელებმა ყველაფერი გააკეთეს მოსაგებად. დიდი ძალისხმევის ფასად, მათ მეოთხე მეოთხედში 17-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს. "ტორონტოს" ეს სპურტი გეის ბაზერ-ბიტერით დასრულდა, მაგრამ ოვერტაიმში პორტლენდელებმა მიზანი გაასწორეს და მასპინძლებს, უბრალოდ, შანსი არ დაუტოვეს.

მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრებმა 15 სამქულიანი გამოიყენეს (47-პროცენტიანი რეალიზაცია). თუ პირველ ნახევარში მეტოქის შორეულ ტყორცნებს "ტორონტო" სამწამიანში კარგი თამაშით პასუხობდა, მესამე მეოთხედში მათ აღარც ფარქვეშ შესვლები გამოსდიოდათ, სამქულიანებს კი საშინლად ისროდნენ - 3/17. აღვნიშნავთ, რომ კანადელებმა სამწამიანის ზონიდან 62 ქულა ჩააგდეს, სტუმრებმა - 28.

"პორტლენდი" ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიწევდა წინ და 17-ქულიან უპირატესობას მიაღწია, მაგრამ ასეთმა სხვაობამ "ბლეიზერსი" ზედმეტად მოადუნა და თავდაჯერებული გახადა და გეიმ და დეროზანმა იზრუნეს ინტრიგის დაბრუნებაზე. ბოლო მეოთხედის მეორე ნაწილში "ბლეიზერსს" არაფერი გამოსდიოდა.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ოლდრიჯმა ორი საჯარიმო ააცილა, ექვსი წუთის განმავლობაში კი გუნდმა თამაშიდან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო. ბოლო ორწუთნახევარში "ტორონტო" 13:2 გაიქცა. გეიმ ოვერტაიმში პირველი ხუთი ქულა დააგროვა და სწორედ აქ გამოფხიზლდნენ ლილარდი და ბატუმი, რომლებმაც ისევ დაიწყეს სამქულიანების ზუსტად შესრულება, რამაც "რეპტორზს" საბოლოოდ მოუსპო ბრძოლის სურვილი.

იოლ გამარჯვებას მიაღწია "მემფისმა", რომელმაც ზედმეტი ნერვიულობის გარეშე სძლია სტუმრად "საკრამენტოს". პირველ მეოთხედში "დათვებმა" საფირმო დაცვა ითამაშეს, რომელიც წელს ხშირად არ მუშაობს. "კინგზი" ამ ბარიერის დაძლევისთვის მზად არ აღმოჩნდა და პირველ ტაიმში თამაშიდან მხოლოდ 31 პროცენტი ჩააგდო, რითაც მეტოქეს 20 ქულით წინ გასვლის საშუალება მისცა.

მესამე მეოთხედის სტარტზე მაიკ მელოუნმა ინერტული სასტარტო ხუთეული სკამზე დასვა და რეზერვისტები შეუშვა მოედანზე. ამ სვლამ კინაღამ იმუშავა. აუთლომ, ტომასმა და სხვებმა მეტოქესთან სამ ქულამდე მიახლოება შეძლეს, მაგრამ იქვე, სტუმრებმა მარკ გასოლის, რენდოლფისა და კონლის მონდომებით, მორიგი სპურტი მოაწყვეს და 10 ქულით დაშორდნენ მეტოქეს. რენდოლფმა მეოთხე მეოთხედში 9 ქულა დააგროვა, მისი გუნდი კი კვლავ იოლად ახშობდა "მეფეების" შეტევებს.

"საკრამენტომ" ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ წააგო, "მემფისმა" კი ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო, მაგრამ მას წინ აქვს გასვლები "კლიპერსთან" და "გოლდენ სტეიტთან".

მიმდინარე სეზონში "ლეიკერსი" მხოლოდ საკუთარ მოედანზე აჩვენებს ღირსეულ თამაშს. კალიფორნიელებთან სტუმრად მხოლოდ "მინესოტამ" გაილაღა, დანარჩენებს კი სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდათ. გამონაკლისი არც "დეტროიტი" გამოდგა, რომლის ძალიან კარგმა წინა ხაზმა მხოლოდ პირველ მეოთხედში და მეორის დასაწყისში აჩვენა თავისი ძალა.

როცა სტუმრების უპირატესობამ ცხრა ქულას მიაღწია, კალიფორნიელებმა მაშინვე 11:2 გაქცევა მოაწყვეს და გაათანაბრეს ანგარიში. იქვე სტაკიმ იაქტიურა და მისი წყალობით, "დეტროიტმა" ექვსი ქულით მოიგო პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლეიკერსი" გაცილებით სწრაფად ათამაშდა. თამაშში გარდატეხა მესამე მეოთხედის ბოლოს ნიკ იანგმა შეიტანა, რომელიც ისევ წარმატებით შევიდა მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან. ოთხი წუთის განმავლობაში მან 8 ქულა დააგროვა. ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები რვა ქულას იგებდნენ.

ყველას ეგონა, რომ "ლეიკერსი" ისევ საშუალო და შორეულ ტყორცნებზე გააკეთებდა აქცენტს, მაგრამ შესანიშნავი მონაკვეთი ჰქონდა ჯორჯ ჰილს, რომელმაც აიკლო მეტოქის სამწამიანი. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე, მასპინძლებმა ზედიზედ 16 ქულა დააგროვეს, მეტოქემ კი ხუთი წუთის განმავლობაში ერთხელაც ვერ აიღო "ლეიკერსის" ფარი.

კალიფორნიელთა უპირატესობა 19 ქულამდე გაიზარდა და სტუმრები მარცხს შეურიგდნენ. "დეტროიტის" წაგება არც ყოფილა გასაკვირი, რადგან ეს გუნდი საშინლად თამაშობს სტუმრად დასავლეთ კონფერენციის გუნდებთან - ბოლო 40 გასვლით მატჩში 38 წაგება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სტივ ბლეიკის თამაში, რომელმაც 16 შედეგიანი პასი დააგროვა. ორივე ფარქვეშ კარგად იბრძოდა პაუ გასოლი, რომელიც არც შემოქმედებით თამაშს ივიწყებდა. როგორც ჩანს, "ლეიკერსს" დამატებითი მუხტი შესძინა ახალმა ამბავმა კობი ბრაიანტის შესახებ. როგორც ვწერდით, მცველმა ვარჯიში დაიწყო და მალე უნდა დაბრუნდეს მოედანზე, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ ისევ არ არის ცნობილი.

ტორონტო-პორტლენდი 110:118 (ო)

29:31, 25:26, 15:22, 33:23, 8:16

ტ: გეი (30+10 მოხსნა), დეროზანი (29), ვალანჩუნასი (19+9 მოხსნა), ლოური (10+7 მოზსნა+10 პასი).

პ: ოლდრიჯი (25+11 მოხსნა), ლილარდი (25+5 მოხსნა+8 პასი), ბატუმი (24+6 მოხსნა), მეტიუზი (17+6 მოხსა), მო უილიამსი (13+5 მოხსნა+7 პასი).

საკრამენტო-მემფისი 86:97

18:25, 16:22, 31:27, 21:23

ს: აუთლო (18+6 მოხსნა), ტომასი (15), ტორნტონი (12), სალმონსი (10+5 პასი).

მ: რენდოლფი (22+10 მოხსნა), გასოლი (19+8 მოხსნა+9 პასი), კონლი (19+9 პასი), ალენი (12+5 მოხსნა).

ლეიკერსი-დეტროიტი 114:99

27:29, 23:27, 29:15, 35:28

ლ: ჰილი (24+17 მოხსნა), მიქსი (19), ნ. იანგი (19), ჯონსონი (13), გასოლი (12+9 მოხსნა+7 პასი+3 დაფარება), ბლეიკი (9+16 პასი+4 ჩაჭრა).

დ: ჯენინგსი (23+5 მოხსნა+14 პასი), სმიტი (18+8 მოხსნა), მონრო (17+7 მოხსნა), სტაკი (16), დრამონდი (14+13 მოხსნა).

"ნიქსი" რონდოზე მუშაობს

საინტერესო ტრეიდი შეიძლება განხორციელდეს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით გამორჩეულმა "ნიუ იორკმა" წინადადებით მიმართა "ბოსტონს". სავარაუდო ტრეიდის პირობების თანახმად, "ნიქსი" გამოეთხოვება მცველ იმან შამპერტსა და ფორვარდ ამარე სტაუდმაიერს, საპირისპირო მიმართულებით, ნიუ იორკში კი გამთამაშებელი რაჟონ რონდო გაემგზავრება.

თუმცა ექსპერტები იქვე აღნიშნავენ, რომ "კელტები" მზად არ არიან რონდოს გაცვლისთვის. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ ვარსკვლავური გამთამაშებლის ტრეიდს.

ამასობაში ცნობილი გახდა "სელტიქსის" საპასუხო შეთავაზება "ნიუ იორკისთვის". "ბოსტონი" თმობს ჯერალდ უოლასსა და კორტნი ლის ამარე სტაუდმაიერის სანაცვლოდ. "კელტებს" სურთ განთავისუფლდნენ ლისა და უოლესის ძვირი და მრავალწლიანი კონტრაქტებისგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ინდიანა" "ჩიკაგოში" დაეცა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
NBA-ს 2-გზის ჩემპიონი ყოფილ მეუღლეს სახლში იარაღით მიადგა - ვარსკვლავს დიდი პრობლემები ელის
ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელესური დებიუტი კრის პოლის და რაჟონ რონდოს ხელჩართულმა ჩხუბმა გადაფარა [VIDEO]
რაჟონ რონდო ჩიკაგოელი "ხარი" გახდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დღეს დურანტი საუკეთესოა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ჰიუსტონს" უმწვრთნელობამ უშველა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი რონდოს პირველი ტრიპლი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: გასული კვირა ასოციაციაში