უშანგი მარგიანი ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია
უშანგი მარგიანი ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, რომელმაც ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე - ყველა შეხვედრა მოიგო. თან რუსებთან პირველივე წრეში და ფინალში ბერძნებთან - გადამწყვეტ დროს.

თანაც, პირველ შემთხვევაში მეტოქედ ევროპის ჩემპიონი ჰყავდა, მეორედ - მსოფლიოსი. სლოვენიაში ის მხოლოდ გუნდურისთვის წაიყვანეს, რადგან პირადში სასჯელის გამო არ დააყენეს - მწვრთნელთა დაუკითხავად, სამბოში არჩია მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე წასვლა.

მართალია, ამ ნაბიჯმა შედეგი გამოიღო და იქაც ჩემპიონი გახდა, მაგრამ ძიუდოში კი დაისაჯა.

მეტად თავისუფალი, გახსნილი და ლამაზი სტილით მოასპარეზე ფალავანი წარმატებით გამოდის ორ საჭიდაო სახეობაში - სამბოსა და ძიუდოში, თუმცა დროთა განმავლობაში, მოუწევს მათ შორის არჩევანის გაკეთება.

წლევანდელი სეზონი მისთვის განსაკუთრებულია - სამბოში ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ძიუდოში მოიგო მსოფლიოს გუნდური პირველობა ახალგაზრდებში, უფროსებში კი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილთან დამარცხდა.

თითქოს ასეთ მეტოქესთან მარცხი რა დასაძრახია, მაგრამ წაგება იმდენად განიცადა, ტატამზევე იტირა - ეს კარგად მიუთითებს მის ხასიათზე...

მისი ბიოგრაფია ლამის მთელ საქართველოს მოიცავს - წარმოშობით სვანი გარდაბანში დაიბადა, გაიზარდა საგარეჯოში, სოფელ უდაბნოში, ვარჯიშიც კახეთში დაიწყო; ამჟამად კი სამტრედიაში, დედულეთში ცხოვრობს.

სპორტში გზა ელგუჯა ხაჭვანმა გაუკვალა, ვინც დღეს ეკლესიაში მოღვაწეობს. სამტრედიაში ავთანდილ თარგამაძე ავარჯიშებდა, ახლა კი სულიკო ფეიქრიშვილთან იმაღლებს ოსტატობას.

- უშანგი, წლევანდელი სეზონი გამორჩეულია თქვენთვის - სამბოშიც და ძიუდოშიც... რომელი უფრო მისაღებია თქვენთვის ამ ორიდან?

- კი, ეს სეზონი მართლაც გამორჩეულია. ამ სახეობებიდან სამბო უფრო მეიოლება. თუმცა საბოლოოდ ძიუდოზე ვაპირებ გაყოლას, რადგან თავიდან ვარჯიში აქ დავიწყე და მერე გადავედი სამბოზე.

- ძიუდოში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზეც სამბოს გამო ვერ წახვედით...

- სამბოში ახალგაზრდების მსოფლიოზე ვარჩიე წასვლა, ოღონდ მწვრთნელი არ გამიფრთხილებია და ამისთვის დამსაჯეს. გული კი დამწყდა, რადგან იქაც შეიძლებოდა წარმატების მოპოვება, მაგრამ მომავალში გამოვასწორებ...

- სამაგიეროდ, იმავე ტურნირზე გუნდურში იჭიდავეთ ძალიან კარგად - ყველა შეხვედრა მოიგეთ. თან ძალზე საპასუხისმგებლო ეტაპზე გიწევდათ ჭიდაობა...

- ამ გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან კარგად წამივიდა ჭიდაობა. ფინალში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს, ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისს მოვუგე, რომელმაც ორი დღით ადრე მოიპოვა ეს ტიტული. სხვათა შორის, წლეულს ევროპის პირველობაზე მასთან წავაგე მესამე წრეში, მაგრამ ამჯერად განსხვავებული ტაქტიკით ვეჭიდავე და წარმატებასაც მივაღწიე. ევროპაზე იმდენად კარგად არც ვიცნობდი და უფრო თავისუფლად ვჭიდაობდი, ძირითადი აქცენტი სილამაზეზე მქონდა გადატანილი, ახლა კი ტაქტიკას ვაქცევდი მეტ ყურადღებას და შედეგზე ვიყავი კონცენტრირებული. ვცდილობდი, რომ ინიციატივა არ დამეთმო მისთვის.

- თვითონ ტურნირს როგორ შეაფასებთ, რომელიც პირველად ჩატარდა ახალგაზრდებში?

- ძალიან კარგი ატმოსფერო იყო, კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა და მოხარულნიც დავრჩით. განწყობა თავიდანვე კარგი მქონდა, მაგრამ ჩემს ასეთ კარგ გამოსვლას არ ველოდი. ჩემპიონობას ველოდით და გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ ჩემპიონობა განუმეორებელი შეგრძნებაა.

- იყო ისეთი მეტოქე, ვისთანაც გაგიჭირდათ?

- თავიდან რუს ასლან ლაპინაგოვთან გამიჭირდა, რომელიც ევროპის წლევანდელი ჩემპიონია, მაგრამ მერე მოვუმატე და დავამარცხე. თავიდან სლოვენიელთანაც ასევე გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ იქაც გავიმარჯვე. შეიძლება, თავიდან ცოტა მეძნელება გახსნა და დასაწყისში ამიტომაც მიჭირს.

- თავისუფლად ჭიდაობა გახასიათებთ, რაც საქართველოს ჩემპიონატზეც კარგად გამოჩნდა ავთანდილ ჭრიკიშვილთან შეხვედრაში. ბავშვობიდანვე ასე გახსნილად ჭიდაობდით თუ თავდაჯერება მერე მოვიდა, წარმატებებთან ერთად?

- თავიდანვე ასე ვიყავი, მეტოქის არ მეშინოდა. პირიქით - ჭიდაობა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა.

- საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ჭრიკიშვილთან წაგებას რითი ხსნით?

- ალბათ, იმით, რომ უფრო გამოცდილი და წარმატებული მეტოქე შემხვდა. მაჯობა ჭრიკიშვილმა, ძირითადად, გამოცდილების ხარჯზე... ცხადია, ძალიან დამწყდა გული და ის ემოციაც ამან გამოიწვია. ალბათ, ყველაზე მწარე წაგება იყო და იმიტომ ვერ მოვთოკე თავი.

- ტურნირის შემდეგ თუ მოვიდა ჭრიკიშვილი, იქნებ განუგეშათ ან შეგაქოთ?

- არა, შეფასებები და რამე ასეთი განსაკუთრებული არ ყოფილა, ისე კი, ერთმანეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, როგორც გუნდის სხვა წევრებთან. ბიჭებთან აქამდე იმდენად დიდი შეხება არ მქონია, მაგრამ უკვე ერთად ვვარჯიშობთ და თითქმის ყველასთან ჩვეულებრივ ვმეგობრობ. ახლა შეკრებაზეც მივდივარ იაპონიაში და თანდათან ვერთვები ეროვნულ ნაკრებშიც. გასაგებია, რომ აქ მეტი პასუხისმგებლობაა და შრომაც მეტია საჭირო. ვეცდები, იმედები გავამართლო და ყველაფერი გავაკეთო გუნდში მოსახვედრად...

უშანგი მარგიანი

81 კგ

დაიბადა: 1994 წლის 28 იანვარს გარდაბანში.

სამბოში - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში (2012), ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი (2013); ძიუდოში - საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უფროსებში (2013), ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურში (2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ანტალიის გრან პრი: საქართველოს ნაკრების 20-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ოსაკას გრანდ სლემი: უშანგი მარგიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ოსაკას გრანდ ტური: მედალი ვერც უშანგი მარგიანმა მოიპოვა
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა