მაია ლომინეიშვილი: "თამაშის უწინდელი განწყობა დამიბრუნდა"

ამას წინათ გერმანიაში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე მაია ლომინეიშვილმა ქალებში პირველი ადგილი დაიკავა. არც გაგვკვირვებია - ქართველი დიდოსტატი ხომ მრავალი საგულისხმო ტიტულის მფლობელია. ვინც მას ახლოს იცნობს, ალბათ, ემახსოვრება, რომ საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობებზე მრავალჯერ მოიპოვა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, კონტინენტის პირველობებზე კი 14 და 20-წლიანებში ორჯერ ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, 2000 წელს მსოფლიო უნივერსიადაზე დაჯაბნა მეტოქეები.

ყველაზე დიდი ჯილდო 2008 წელს დრეზდენში ხვდა - საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგო. მის სპორტულ კოლექციას ევროპის საკლუბო ჩემპიონატების ორი ოქროს, ამდენივე ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი ამშვენებს. 2005 წელს ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეორეადგილოსანია. მაია ლომინეიშვილი ახლა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ნოკაუტ-სისტემით 2 დეკემბრიდან თურქეთში გაიმართება.

- წლევანდელ სეზონში კარგი სტარტი ავიღე - საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავე, რაც ნაკრებისკენ გზას მიხსნიდა, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე ცხოვრებისეულმა საზრუნავმა წამოიწია - ოჯახი შევქმენი და ჭადრაკისთვის სათანადოდ ვერ ვიცლიდი, რაც შედეგებსა და რეიტინგზეც აისახა. სამ საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზე და სამგანვე წარუმატებლად.

- ეს მაშინ, როცა წინ მსოფლიოს ჩემპიონატი გელოდა...

- არ ვიცი, რა მოხდა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჭადრაკზე გული მქონდა აცრუებული. სამსახურიც დიდ დროს მართმევდა. ამას ოჯახის შექმნაც დაემატა... ორი თვეა, ბრძენთა თამაშისადმი უწინდელი განწყობა დამიბრუნდა. ამაში მეუღლესაც მიუძღვის წვლილი - ის მაგულიანებდა. ოქტომბრის მიწურულს გერმანიის ტურნირზე გავემგზავრე და ქალებში პირველი ადგილი დავიკავე, რამაც ძალებისადმი რწმენა განმიმტკიცა. შეჯიბრების შემდეგ იქვე დავრჩი ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე. 1998-2004 წლებში კარლსრუეს კლუბის ღირსებას ვიცავდი ბუნდესლიგაზე. მაშინ დავუმეგობრდი ინგრიდ ლაუტერბახს, რომელიც ჩემთან ერთად გამოდიოდა. მისი მეუღლეა ცნობილი დიდოსტატი კლაუს ბიშოფი. ახლაც მათს ოჯახში ვცხოვრობდი ფრანკფურტში და მთელი კვირა კლაუსთან მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დებიუტებს ვამუშავებდი. უანგაროდ მეხმარებოდა. მოგეხსენებათ, მწვრთნელთან პერსონალური მომზადება ძალიან ძვირია, სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული. უსპონსოროდ სრულყოფილი შეკრების გავლა წარმოუდგენელია. დიდი მადლობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და მის პრეზიდენტ გია გიორგაძეს, რომელიც მოჭადრაკეებისთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ოფიციალური შეჯიბრების წინ შეკრებებს გვიწყობს. გერმანიის ტურნირზე გასამგზავრებლადაც ფედერაციამ დამაფინანსა, იქიდან დაბრუნებულს კი პერსონალური მწვრთნელიც მომამაგრა - საქართველოს ნაკრების წევრი მერაბ გაგუნაშვილი.

- მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობასა და მეტოქეზე რას გვეტყვი?

- ამ შეჯიბრების საგზური, ფაქტობრივად, ორჯერ მოვიპოვე: 2008 წელს პლოვდივში და შარშან პეტერბურგში. პეტრეს ქალაქში მედლამდე სულ მცირე დამაკლდა - ტაიბრეიკებში პოლონელ რაილიჩსა და რუს ოვოდს ვძლიე, მესამე ადგილისთვის პაექრობა კი "არმაგედონით" წავაგე ნატალია პოგონინასთან და მეოთხე ადგილზე გავედი.

თურქეთში პირველ მეტოქედ უკრაინელი ანა ზატონსკიხი მეყოლება. სერიოზული დიდოსტატია. კარგა ხანს ოკეანის გაღმა ცხოვრობდა და ამერიკის გუნდის შემადგენლობაში 2008 წელს მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა. მერე მეორედ გათხოვდა გერმანიაში დიდოსტატ ფრიდმანზე და ახლა მისი ხელმძღვანელობით ემზადება. სხვათა შორის, მე და ფრიდმანმა ერთად ვითამაშეთ გერმანიის ტურნირზე, სადაც მან კაცებში პირველი-მეოთხე ადგილები გაიყო, ანა კი ამ დროს ბუნდესლიგის პირველობაში მონაწილეობდა. საჭადრაკო დაფასთან მხოლოდ ერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს - 1997 წელს ალუშტის საერთაშორისო ტურნირზე, მაშინ თითქმის მოგებული პარტია დავთმე. ასე რომ, რევანში მაქვს ასაღები. მართალია, ზატონსკიხი ძლიერი დიდოსტატია, მაგრამ, ტრაბახად ნუ ჩამითვლით და, მეც მეთქმის სიტყვა დიდ ჭადრაკში. თურქეთში 2 დეკემბერს გავემგზავრები და ვეცდები, რაც შეიძლება, მეტ ხანს დავრჩე იქ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე