მესამე ადგილის შესანარჩუნებლად

იტალიურ საკლუბო ფეხბურთში უჩვეულო ერთსულოვნება და სოლიდურობაა მაშინ, როდესაც ევროტურნირების დღე დგება. ეს ბუნებრივიც არის, რადგან ბოლო წლებში არც თუ წარმატებულმა ასპარეზობამ, კალჩოს პოზიციები გვარიანად შეარყია. შესაბამისად, საერთო რეიტინგის გაუმჯობესებით თითოეული კლუბი და გულშემატკივარია დაინტერესებული. იყო დრო, როდესაც სერია A საუკეთესო ლიგად ითვლებოდა ევროპაში და შესაბამისად, მთელს მსოფლიოში, თუმცა დღეს განსხვავებული ვითარებაა - უეფას რეიტინგში პირველი პოზიცია ესპანურ პრიმერადივიზიონს უჭირავს, მეორეზე ინგლისური პრემიერლიგაა, ხოლო იტალია მესამე პოზიციაზეა ჩამოქვეითებული. ეგ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნს" მილანის "ინტერი" რომ დაემარცხებინა, სერია A მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებდა და ადგილს გერმანულ ბუნდესლიგას დაუთმობდა. ეს კი უმნიშვნელო ამბავი არ გეგონოთ, მესამე ადგილის დაკარგვა იტალიას ჩემპიონთა ლიგაში ოთხი გუნდით ასპარეზობის საშუალებას მოუსპობდა. მოკლედ, კალჩო გადარჩა, თუმცა ბუნდესლიგასა და სერია A-ს შორის ბრძოლა უკვე ამ სეზონში გრძელდება.

ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან დაპირისპირებას ბრემენის "ვერდერსა" და გენუის "სამპდორიას" შორის. პირველი მატჩი გერმანელებმა 3:1-ზე გაიმარჯვეს და იტალიაში ორბურთიანი ფორით ჩავიდნენ - გემახსოვრებათ, გენუური პაექრობის უკანასკნელი წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ბრემენელებმა იტალიელთა სამ გოლს ერთით უპასუხეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს. იქ კიდევ ერთხელ იძალეს თომას შააფის შეგირდებმა და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში გაძვრნენ. "სამპას" მარცხი მთელს იტალიაში მტკივნეულად მიიღეს, რადგან გენუელთა გამარჯვების შემთხვევაში, ლიგის ძირითად ბადეში სერია A-ს ოთხი გუნდი ეყოლებოდა, ბუნდესლიგას კი მხოლოდ ორი. ამით, იტალია უდიდეს უპირატესობას მოიპოვებდა, თუმცა ასე არ მოხდა და ორივე ქვეყანა სამ-სამი გუნდით წარსდგა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში. გასული სეზონიდან მოყოლებული, აპენინებზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ თითოეული ქულა და გამარჯვება, რომელსაც სერია A-ს ბინადარნი ევროარენაზე აღწევენ. სხვათა შორის, ადრიანო გალიანის მიერ ამის შესახებ გაკეთებული კომენტარი გუშინდელ ნომერში შემოგთავაზეთ. ამ თემაზე საუბარი კი იმად წამოვიწყეთ, რომ ლიგის გასული ტური კალჩოსთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. როგორც იქნა, სამივე იტალიურმა გუნდმა გაიმარჯვა და თანაც, ფაქტობრივად სამივე მათგანმა გააღწია მერვედფინალში. მართალია, "ჯალოროსის" ჯგუფში ჩარჩენის შანსი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მხოლოდ თეორიული.

"მილანმა" და "ინტერმა" მშრალი ანგარიშებით გაიმარჯვეს - "როსონერიმ" "ოსერს" სძლია გასვლით პაექრობაში 2:0, "ნერაძურიმ" კი "ტვენტე" დაამარცხა "ჯუზეპე მეაცაზე" 1:0. აი რაც შეეხება "რომას", დედაქალაქელებმა პატარა სასწაული მოახდინეს, მიუნხენის "ბაიერნს" ორბურთიანი უპირატესობა ამოუქაჩეს და 3:2 დაამარცხეს. ეს მატჩი იმადაც გახლდათ განსაკუთრებული, რომ ერთმანეთის პირისპირ იტალიური და გერმანული გუნდები წარსდგნენ. ამად იყო, რომ ადრიანო გალიანიმ პრესასთან საუბარში ჯერ "რომას" მიულოცა გამარჯვება და მხოლოდ შემდეგ გადავიდა "მილანის" "ოსერთან" პაექრობაზე. საინტერესო იყო "რომას" თავკაცის, კლაუდიო რანიერის მოსაზრებები:

"ამ თამაშის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო და ძალიან მიხარია, რომ საწადელს მივაღწიეთ. ორბურთიანი უპირატესობის ამოქაჩვა არა თუ "ბაიერნთან", გაცილებით უფრო სუსტ გუნდებთანაც კი ურთულესი საქმეა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხასიათის სიმტკიცით და ბრძოლისუნარიანობით გამოვირჩევით. რა ვუთხარი შეგირდებს შესვენებაზე? - სიტყვა სიტყვით, რომ გითხრათ, ვფიქრობ, ეს თქვენთვის უინტერესო იქნება. რამდენიმე დეტალი შევცვალე და შეგირდებს ტემპის მომატებისკენ მოვუწოდე. ამასთან, აუცილებლად მთელი გუნდით უნდა გადავსულიყავით მეტოქის ნახევარზე, რისთვისაც მეორე ტაიმის საწყის წუთებში ბურთის კონტროლი და გაგორება იყო საჭირო. ამას დაახლოებით ხუთი-რვა წუთი შევწირეთ და დავანახეთ მოწინააღმდეგეს, რომ თამაში ჩვენ უნდა წაგვეყვანა. საბედნიეროდ, ფეხბურთელებმა ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს და შედეგი სახეზეა".

საინტერესო კომენტარი გააკეთა გამარჯვების გოლის ავტორმა ფრანჩესკო ტოტიმ: "იმიტომ მიყვარს ჩემი გუნდი, რომ არაერთი ასეთი თამაში გვაქვს ჩატარებული და მოგებული. ეს იყო ზღაპრული ღამე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ერთ დღეს, აუცილებლად მოვუყვები შვილს თუ როგორ ვუმასპინძლეთ "ბაიერნს" და ძალიან ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ, ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ. მართლაც ისე მოხდა ყველაფერი, როგორც ზღაპრებშია: ცუდად დაიწყო და ძალიან კარგად დასრულდა".

კმაყოფილი გახლდათ "მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი: "ძალიან აკადემიურად ვითამაშეთ, ჩვენს შანსს დაველოდეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ. ჩემპიონთა ლიგაზე გასვლითი პაექრობის გამართვა ყოველთვის რთულია და არც ფრე იქნებოდა ჩვენთვის ურიგო შედეგი, მაგრამ გავიმარჯვეთ და მერვედფინალური ეტაპის საგზური ნაადრევად მოვიპოვეთ. ბოლო ტური აღარაფერს წყვეტს, რაც ყველანაირად კარგია. მშვიდად გადავერთვებით სერია A-ზე და შევეცდებით, პოზიციები კიდევ უფრო გავიმყაროთ. ამასთან, ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის პაექრობაში რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება, ვისაც იშვიათად ეძლევა მოედანზე გასვლის შანსი. მათთვის ევროპესტიჟულეს საკლუბო ტურნირში ასპარეზობა გამოცდილების მიღების შესანიშნავი საშუალება იქნება. ძალიან კარგია, რომ ამ ტურში სამივე იტალიურმა გუნდმა გაიმარჯვა - აუცილებელია, რომ ამ სეზონის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში ოთხი გუნდის გაყვანის უფლება შევინარჩუნოთ".

რაფაელ ბენიტესი გადარჩა და სავარაუდოდ, სულ არ აინტერესებს რა ხდება უეფას საკლუბო რეიტინგში. იტალიურ სპორტულ პრესაში მუდმივად იმაზე იყო ლაპარაკი, რომ თუ "ნერაძური" ვერც "ტვენტეს" დაამარცხებდა, ესპანელს პოსტის დატოვება მოუწევდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ესტებან კმბიასოს მიერ მატჩის 55-ე წუთზე გატანილმა გოლმა რაფა გადაარჩინა, "ინტერი" კი მერვედფინალში გაიყვანა. ბენიტესის თქმით, მისმა გუნდმა სამი ქულა დამსახურებულად მოიპოვა: "მთელი თამაში ჩვენი კარნახით წარიმართა და გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით. პრობლემები არ გვაკლია, მაგრამ ასეთ დროსაც კი შეგირდებისგან მხოლოდ სამ ქულას ვითხოვ. მჯერა, ჩავარდნა ამ გამარჯვებით დასრულდება და აღმავლობის გზას დავადგებით. ძალიან გვჭირდება გულშემატკივართა მხარდაჭერა და იმედი მაქვს, მომდევნო საშინაო შეხვედრაზე უფრო მეტად გაამხნევებენ ფეხბურთელებს. ჯგუფიდან გასვლის ამოცანა გადაჭრილია, დროა სერია A-შიც გამოვასწოროთ მდგომარეობა".

პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
საშინაო შეხვედრებს არ დაესწრებიან - "ლაციოს" ფანებმა საყვარელ კლუბს ბოიკოტი გამოუცხადეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად