„ჩელსის“ თავდამსხმელმა სალომონ კალუმ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დაიცვა

„ჩელსის“ თავდამსხმელმა სალომონ კალუმ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დაიცვა. მან ხატოვნად თქვა, ფეხბურთელებს მშვიდად რომ გვეძინოს კარლო დემონებს იგერიებსო. დემონებსა და ჭინკებთან ბრძოლაში კი კოტ დ’ივუარელმა ვარსკვლავმა ის იგულისხმა, რომ გუნდისთვის რთულ პერიოდებში მთელ კრიტიკასა და ზეწოლას - მათ შორის კლუბის ხელმძღვანელთაგან –საკუთარ თავზე მწვრთნელი იღებს.

ამჟამად დასავლეთ ლონდონელებს სწორედ რთული პერიოდი უდგათ – პრემიერლიგის ოთხი შეხვედრიდან სამი წააგეს, რასაც თანამდებობიდან მწვრთნელის ასისტენტის რეი უილკინსის უცნაური გათავისუფლება დაემატა და ხალხში ხმაც კი დაირხა, რომ ანჩელოტი წასვლას აპირებს. კალუმ თქვა:

„ჩვენთან მწვრთნელი ფეხბურთელებს იცავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც „ჩელსის“ სათავეში დგახარ, გუნდი ზედიზედ ორ შეხვედრაში ვერ იმარჯვებს და ზეწოლის ქვეშ ექცევა, ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების აღელვება და შეშინება არ გაწყობს. შეშინებული ხალხი კარგად ვერ ითამაშებს.

მწვრთნელის კიდევ ის მომწონს, რომ მას ურყევად სწამს, თუ ჩვენ კარგად ვივარჯიშებთ და მოვემზადებით ყველაფერი კარგად იქნება. თუ გახსოვთ, რთული დრო გასულ სეზონშიც გვედგა, მაგრამ კარლოს წარბი არ შეუხრია, სიმშვიდე შეინარჩუნა და სეზონის ბოლოს ორი ჯილდო მოვიგეთ. ის გახლავთ ადამიანი, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობებისა სწამს და თავის განწყობას სხვებსაც გადასდებს. ეს ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის ძალიან კარგია.

კარლო „ჩელსისთვის“ უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. თუნდაც გუნდმა ორი თამაში წააგოს, ის არ დაუშვებს, რომ ზეწოლა მის ფეხბურთელებს შეეხოს. ვარჯიშებზე ძველებურად ვიქცევით, იმავე რაღაცებს ვაკეთებთ რასაც ადრე ვაკეთებდით და ვგრძნობთ, რომ ანჩელოტის ხელში პოტენციალის სრულად გამოვლენას შევძლებთ“.

შეგახსენებთ, რომ „ლურჯებმა“ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, „ჟილინასთანაც“ ვერ ითამაშეს კარგად. გუნდმა 2:1 კარგად ჩატარებული ცალკეული ეპიზოდების წყალობით მოიგო და F ჯგუფში ასპროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა. კალუმ დასძინა:

„აუცილებლად დადგება პერიოდი, როდესაც საქმე ის არ მიდის შენ რომ გინდა და ჩვენ დღეს სწორედ ასეთ პერიოდში ვართ. თუმცა, მეორე მხრივ, როგორც პრემიერლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილებზე ვართ, ჩვენმა მწვრთნელმა კი გასულ სეზონში უკვე დაამტკიცა, რომ პრემიერლიგაში გამარჯვება შეუძლია. ჩვენ დიდი გუნდი გვყავს. „ჩელსის“ დამარცხება ყველას ოცნებაა. ერთი სიტყვით, წყნარად უნდა ვიყოთ, რადგან კარგად ვიცით, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. სეზონის დასაწყისში გუნდებს ერთიმეორის მიყოლებით ვამარცხებდით.

რაც შეეხება ჭორებს, ამაზე ჩვენ ანჩელოტისთან არ გვილაპარაკია და არც მას უთქვამს რამე. ის კარგი მწვრთნელი და ჩინებული ადამიანია, მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს სეზონი ჩვენთვის წინაზე არანაკლებ დიდებული იქნება. რად უნდა ლაპარაკი, რომ თუ კარლო მწვრთნელად დარჩება „ჩელსი“ მეტ ტიტულს მოიგებს ვიდრე მის გარეშე. გასულ სეზონში ჩვენ ორი ჯილდო მოვიგეთ, ახლა სამისთვის ვიბრძვით“.

სალომონ კალუს, „ჩელსიში“, ბოლო ოთხ სეზონში ხუთ სხვადასხვა მწვრთნელთან უმუშავია, ამიტომაც „ქიცსა და ქიცმაცურში“ გარკვეულს სწამს, რომ „სტემფორდ ბრიჯის“ ოცნებას სწორედ ანჩელოტი აახდენს - ოცნება კი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაა.

„ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, „ჟილინას“ წინააღმდეგ ჩვენს შემადგენლობაში ახალგაზრდა ბიჭებმა ითამაშეს. სხვათაშორის, ძალიან ძნელია, როდესაც სულ არ გათამაშებენ, მერე კი უცბათ გეუბნებიან, რომ უნდა გახვიდე და კარგი ფეხბურთი აჩვენო. მეც მოედანზე ვიყავი და ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს. მოდი, პატარა ბიჭებს ერთი თამაშით ნუ განვსჯით“.

„დიდ ბიჭსა“ და ვარსკვლავს, კალუს თანაგუნდელსა და თანამემამულეს, დიდიე დროგბას კი არასდროს დაავიწყდება ის ამაგი რომელიც მასზე უკრაინელ ანდრეი შევჩენკოს აქვს. დროგბა „ჩელსიში“ „მარსელიდან“ 2004 წელს 24 მილიონ ფუნტად გადავიდა და იმ ექვსი წლის განმავლობაში, რას „სტემფორდ ბრიჯზე“ გამოდის 138 გოლი გაიტანა. შევჩენკომ? მან ლონდონის დასავლეთ ნაწილს კოტ დ’ივუარელივით ღრმა კვალი ვერ დაატყო - „მილანიდან“ დიდი ვარსკვლავის სტატუსით გადასული სამი სეზონის განმავლობაში უსახურ ფეხბურთს თამაშობდა და 22 გოლზე მეტის გატანა ვერ შეძლო. ამის მიუხედავად დროგბა ამბობს:

„შევჩენკოსგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ის დიდი ფეხბურთელი იყო და დღემდე ასეთად რჩება. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. როდესაც მის მხარდამხარ ვთამაშობდი ის მეტისმეტად წყნარი და თავშეკავებული იყო. მოედანზე მშვიდად ყოფნა და ხელსაყრელი მომენტის ლოდინი სწორედ მისგან ვისწავლე. იმაში, რომ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს მიწოდებენ შევჩენკოს დიდი ღვაწლი მიუძღვის, ჩემთვის კი ასეთი შეფასების მოსმენა დიდი პატივია. თანამედროვე ფეხბურთი სხვანაირია, ბევრი რამ შეიცვალა. დღეს ფორვარდს გაცილებით მეტი სისწრაფე მოეთხოვება, ის გაუთავებლად უნდა დარბოდეს და უამრავ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. მეტიც, დღევანდელ ფეხბურთში თავდამსხმელი ვალდებულია არა მხოლოდ შეუტიოს, არამედ თავიც დაიცვას. ჩვენ სხვათათვის საგოლე პასების გადაწოდებასაც გვავალებენ. სწორედ თავდამსხმელთა თვისებების შეცვლამ განაპირობა ის, რომ ბევრი გუნდი უკვე 4-3-3 სქემით თამაშობს“.

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა