17 დეკემბერს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ საბოლოოდ გამოაცხადა წონითი კატეგორიები, რომელიც უკვე გაისად ამოქმედდება
17 დეკემბერს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ საბოლოოდ გამოაცხადა წონითი კატეგორიები, რომელიც უკვე გაისად ამოქმედდება.

თავშივე ვიტყვით, რომ ძალაში დარჩა მოდელი, რომელიც ოლიმპიადაზე და დანარჩენ ტურნირებში წონათა განსხვავებულ ოდენობას ითვალისწინებდა - თამაშებში 6 კატეგორია იქნება, სხვა შეჯიბრებებში - 8.

ოლიმპიადაზე ქალებისა და ვაჟების წონები რომ გათანაბრებულიყო, ანუ გენდერული ბალანსი დაცული ყოფილიყო, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნა იყო, რასაც ფილა ვერ გაექცეოდა.

სამაგიეროდ, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებში, აგრეთვე - საერთაშორისო ტურნირებში სოკ-ი არ ერევა და იქ ყველაფერი ფილა-ს გადასაწყვეტია. ეს, ერთი მხრივ, კარგიცაა - რაც მეტი კატეგორია იქნება, მით მეტ ფალავანს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ცუდია ის, რომ წონები განსხვავებული იქნება "თავისუფალსა" და ბერძნულ-რომაულში.

მაშ ასე, 2016 წელს, რიო დე ჟანეიროში გასამართავ ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში წონებია: 57, 65, 74, 86, 97 და 125. ბერძნულ-რომაულში: 59, 66, 75, 85, 98 და 130 კილოგრამები.

ქალები: 48, 53, 58, 63, 69 და 75. დანარჩენ შეჯიბრებებში (მათ შორის - ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე) "თავისუფლებში" დაემატება 61 და 70, ბერძნულ-რომაულში - 71 და 80, ქალებში - 55 და 60 კილოგრამები.

ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი გვგონია, რომ ადრინდელი 55 კილოგრამი რამდენადმე "დამძიმდა". ქართველები არც გენეტიკურად მივეკუთვნებით ტანჩია ერებს.

ასეთ მსუბუქ წონებში არ უჭირთ, მაგალითად, შედარებით ტანდაბალ აზიელებს და უმეტესად ისინი პირველობენ, ჩვენებისთვის კი თუნდაც ის ორიოდე კილოგრამის დამატებაც "თავისუფალში" დიდი შეღავათია, ხოლო "ბერძენ-რომაელთა" 4 კილოგრამი ხომ - საერთოდ!

აქამდე განსაკუთრებით ცუდი საკადრო ვითარება სწორედ ბერძნულ-რომაულში გვქონდა, თუმცა თავისუფალშიც საკმაოდ ბევრს იკლებდა ევროპის ჩემპიონი გიორგი ედიშერაშვილი - ბოლო ხანებში ის სულ უფრო ხშირად გამოდიოდა 60 კილოგრამში, ახლა კი დაკლება იმდენად არ გაუჭირდება. თან საერთაშორისო ტურნირებზე (ოღონდ არა ევროპა-მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე) ზედმეტი 2 კილოგრამი დასაშვებია (იმედია, ეს წესი ძალაში დარჩება).

სამაგიეროდ, 55-ისგან განსხვავებით, საოლიმპიადოდ საკმაოდ ცუდ ვითარებაში აღმოჩნდება "თავისუფალში" ჩვენი ლიდერი, ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - მან ან 57-ში უნდა დაიკლოს, რაც გამორიცხული გვგონია, ან - 65-ში უნდა აიწიოს.

იქიდან გამომდინარე, რომ ხინჩეგაშვილმა წონაში მოიმატა და 60-ში აინაცვლა, დაკლებაზე უფრო რეალური მისი ზედა წონაში გადასვლა გვგონია, მაგრამ იქაც საკმაოდ მძაფრი კონკურენცია დახვდება - თუნდაც ლევან ქელეხსაშვილი და კონსტანტინე ხაბალაშვილი, თუმცა აქ ნიჭიერი ახალგაზრდები სხვებიც ბლომად არიან.

თან, ერთიცაა გასათვალისწინებელი - ხინჩეგაშვილმა თამაშებამდე დარჩენილი ეს ორი სეზონი 61-ში უნდა იჭიდაოს, ანუ მისი ორგანიზმი ამ წონას, ამ სიმძიმეებს, ამ დატვირთვებსა და მეტოქეებს შეეჩვევა და მერე უცებ სულ სხვა რეალობას უნდა შეასკდეს!

ამ განსხვავების დაფარვა არ იქნება მისთვის ადვილი და იქნებ აქედანვე იფიქროს წონის კიდევ უფრო მომატებაზე, თუმცა 66-ში დასამკვიდრებლად, ვეჭვობთ, არც სიმაღლე ეყოფა და არც - ფიზიკური ძალა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან გაუჭირდება იქაურებთან ჭიდილი. აი, ევროპა-მსოფლიოზე კი მისთვის 61 კილოგრამი მისწრებაა - ის ახლაც არ იკლებს ბევრს 60 კილოგრამში, ხოლო ამას თუ კიდევ ერთი კილოც დაემატება, მით უფრო ნაკლები დასჭირდება.

სავარაუდოდ, ახლანდელი 66-ის ზემოჩამოთვლილ ლიდერებს არ უნდა გაუჭირდეთ იმ ერთი კილოგრამის დაკლება. მართალია, აქაურებს არაოლიმპიურ შეჯიბრებებში 70-შიც შეუძლიათ ასვლა, მაგრამ, საეჭვოა, მათ საოლიმპიადოდ 74-მდე ასვლა შეძლონ, იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდები, ანუ მზარდები არიან და შეიძლება კუნთოვანი მასის ხარჯზე კიდევ მოიმატონ წონაში.

სამაგიეროდ, რიოსთვის 65-ში დაკლება გაუჭირდებათ და ამიტომ უფრო გონივრული გვგონია, აქედანვე დარჩნენ 65-ში.

"თავისუფალთა" ნაკრებში საკმაოდ უცნაური ვითარება იქმნება დავით ხუციშვილსა (74) და დავით მარსაგიშვილთან (84) მიმართებაში - როგორც ვხედავთ, აქ პრინციპულად არაფერი იცვლება, არადა, ხუციშვილს ზედა წონაში სურს გადასვლა.

თუმცა, როგორც ვხედავთ, 74 უცვლელად დარჩა, ანუ თუ მართლაც ზევით გადავა, 86-ში ორი ძლიერი ფალავანი მოიყრის თავს - ანუ მედლის ორი კანდიდატიდან ერთს ვკარგავთ.

ასაკის მატებასთან ერთად, ევროპის ვიცე-ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ ხუციშვილს თანდათან გაუჭირდება წონის "დაჭერა", მაგრამ საეჭვოა, მისი აღნაგობის კაცმა 86-ში შეძლოს ღირსეული კონკურენციის გაწევა.

სავარაუდოდ, მისთვის უკეთესი იქნება, ამ ციკლში მაინც ისევ 74-ში დაიკლოს. მით უფრო, ამ წონას 84-მდე ევროპა-მსოფლიოზე არაფერი ემატება. ევროპის ორგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მარსაგიშვილს კარგად აეწყო საქმე - ბევრს ისედაც არ იკლებდა, ახლა კი 2 კილოგრამი კიდევ დაემატა.

მძიმე წონებში ცვლილება ცოტა უფრო მეტად დაარტყამს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებს - მართალია, ჩვენს დღევანდელ ლიდერებს წონის დაკლება არ დასჭირდებათ, მაგრამ იქნებ წონაც არ ეყოთ 130-მდე და წონადაკლებულებთან ძალით დაიჩაგრონ. თუმცა ამის გაბათილება იოლად შეუძლიათ სისწრაფისა და მოქნილობის ხარჯზე, რაც წონადაკლებულებთან შედარებით, აუცილებლად ექნებათ და მთავარია, სწორად გამოიყენონ.

"თავისუფალთა" მძიმეწონოსნები დაახლოებით ამ ზღვართან არიან და დაკლება არ დასჭირდებათ, თუმცა არც ძალით დაიჩაგრებიან. სასურველი იყო, 130 აქ ყოფილიყო - მაშინ მსოფლიოს პრიზიორ ლევან ბერიანიძესაც მეტი შანსი ექნებოდა წონის დაკლებისა და სუმოდან კვლავ "თავისუფალს" დაუბრუნდებოდა, რაც ისედაც დიდ კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდიდა.

ამ წონის ლიდერთაგან გამონაკლისია ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი გენო პეტრიაშვილი, ვისაც წონის მომატება დასჭირდება, რაც ძალასაც მოუმატებს, მაგრამ ის ჯერ 19 წლისაა, ანუ ისედაც მოზარდია და მასის მომატება პრობლემად არ ექცევა.

მისი კოზირი ისიცაა, რომ თავისი აღნაგობიდან გამომდინარე, შეუძლია, მხოლოდ კუნთოვანი მასის ხარჯზე მოიმატოს და არა ცხიმოვანის - არ დაკარგოს სისწრაფე, მოქნილობა, ტექნიკურობა, რაც მძიმეწონოსანთა კვალობაზე მომეტებულად აქვს.

ვფიქრობ, ჩვენი "ბერძენ-რომაელთა" დღევანდელი კონტინგენტისთვის კარგი უნდა იყოს 59 და 66 კილოგრამის შემოღება. ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი ახლახან გადმოვიდა 66-ში და ეს მისთვის ისედაც ნაცნობი წონაა.

აქ მეორე კარგი ფალავანიც გვყავს - საჩინო დავითაია და კარგია, რომ არაოლიმპიურ ტურნირებზე 70 კილოგრამიც იქნება - ევროპა-მსოფლიოზე ერთ-ერთი იქ დამკვიდრდება. სავარაუდოდ, ეს უფრო დავითაიას მხრიდანაა მოსალოდნელი, რადგან ახალგაზრდაა და წონა მომავალშიც გაექცევა. იმედია, კარგად მოერგება ახალ წონას, თუმცა, ვნახოთ, რას გადაწყვეტენ მწვრთნელები.

75 კილოგრამშიც ორი კარგი ფალავანია - ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი მანუჩარ ცხადაია და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი. მათ ზევით წასასვლელი არც რჩებათ - ოლიმპიადაზე მომდევნო წონა 85 იქნება, იქამდე კი ვერც ერთი ვერ გაქაჩავს. არაოლიმპიურებში 80 კილოგრამიც იქნება, მაგრამ ესეც გამორიცხული გვგონია.

ეგ კი არა, ცხადაიასთვის მთლად ოპტიმალური არც 74 ჩანს. უფრო სავარაუდოა, რომელიმემ არაოლიმპიურებში 71-მდე დაიკლოს.

პროგნოზს გავბედავთ და ამას უფრო ცხადაიას ვუწინასწარმეტყველებთ, რადგან 74-ს უფრო მორგებული დათუნაშვილი ჩანს.

ის ბევრს არ იკლებს, ხოლო 75 კიდევ უფრო ხელს აძლევს... 71-ში დაკლება არც ცხადაიას უნდა გაუჭირდეს (ოღონდ წონა მუდმივად უნდა აკონტროლოს), რაც ფიზიკური ძალის მხრივ, მეტოქეებზე გვარიან უპირატესობას მისცემს.

84-ის და 96-ის დღევანდელი ფალავნებისთვის დიდად არაფერი იცვლება. პირიქით - მათ ორიოდე კილოგრამი ემატებათ ახლანდელ წონაზე, ანუ შედარებით ცოტას დაიკლებენ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - აქ განვიხილეთ ნაკრების დღევანდელი ლიდერები, ამჟამად არსებული კონტინგენტი, რაც ოლიმპიადამდე შეიძლება შეიცვალოს კიდეც...

მაგალითად, 55 კილოგრამში დღეს საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ფალავანია, რომლებიც აქამდე წონის კლების გამო ვერ ავლენდნენ თავს, ახლა კი ახალი ასპარეზი ეძლევათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა