ლევერკუზენში ამ დუეტის იმედი აქვთ

ლევერკუზენში არც მწვადს წვავენ და არც შამფურს, ამბობენ, რომ 14 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე ყოფნით უაღრესად კმაყოფილები არიან და მხოლოდ თავიანთ პროგრამაზე ცდილობენ კონცენტრირებას. პრინციპში, სხვა რამეს აზრიც არ აქვს. მეორე ადგილზე მყოფ „მაინცს“ „ფარმაცევტები“ უკვე ოთხი ქულით ჩამორჩებიან, ლიდერ „დორტმუნდს“ კი სულაც 11 ქულით. სამაგიეროდ, იუპ ჰაინკესის გუნდს „ჰანოვერი“ და „ბაიერნი“ „სათოფეზე მიუახლოვდნენ“, არც „ჰოფენჰაიმია“ შორს.

სწორედ „ჰოფესთან“ ითამაშა „დონ იუპის“ გუნდმა შაბათს 2:2 და ეს იყო ფრე, რომელსაც კაპიტანი სიმონ როლფესი წაგების ტოლფს ყაიმს უწოდებს. საქმე იმაშია, რომ „ლევერკუზენი“ იგებდა და „ჰოფენჰაიმმა“ ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზეღა გაათანაბრა. გონსალო კასტრო თავ-ბედს იწყევლის, ჩემი ბრალიაო და ეს უკანასკნელი სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმაც გააკრიტიკა, ტაქტიკურად უპატიებელი შეცდომა დაუშვაო. მაგრამ დაკარგული ორი ქულა რომ მხოლოდ კასტროს ბრალი არაა, ეს ფიოლერმაც კარგად იცის და მწვრთნელმა ჰაინკესმაც, რომელმაც თქვა კიდეც, სავსებით სამართლიანად დავისაჯეთ, რადგან „ჰოფენჰაიმს“ ბოლოს წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდით, ფაქტი იყო, რომ მეტოქე ქულას იმსახურებდაო.

ბუნდესლიგის მესამეადგილოსნიდან მთავარი და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შტეფან კისლინგმა და მიხაელ ბალაკმა ვარჯიში განაახლეს. შეგახსენებთ, რომ 26 წლის კისლინგი მეოთხე ტურის მერე იყო ტრავმირებული, 34 წლის ბალაკი კი მესამე ტურის მერე. როდის შეძლებენ კისლინგი და ბალაკი მოედანზე გასვლა, ეს ჯერ ზუსტად მაინც არ არის ცნობილი.

კევინის გროსკონტრაქტი

აგერ უკვე ორ თვეზე მეტია, რაც დორტმუნდის „ბორუსიას“ მრავლისმნახველი ქომაგების ბედს ძაღლი არ დაჰყეფს - ვესტფალიური კლუბიდან და მის გარშემო ბოლო დროს მხოლოდ დადებითი ინფორმაციები ვრცელდება და თანაც, ძალიან ბევრი. აი, მაგალითად კიდევ ერთი ისეთი ცნობა, რომელიც შავ-ყვითლების ფანებს ძალიან გაახარებს: მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ განადგურებიდან (4:0) ერთი დღის შემდეგ, დორტმუნდელებმა 22 წლის უნიჭიერეს ნახევარმცველ კევინ გროსკროიტცს ახალი კონტრაქტი გაუფორმეს. ნახევარმცველმა, რომელიც უკვე გერმანიის ნაკრებსაც უშინაურდება (2 მატჩი ბუნდესგუნდში), 2012 წლამდე გაფორმებული ხელშეკრულების განახლებას და გაგრძელებას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც, BVB-ს თავისი ბედი 2014 წლამდე დაუკავშირა.

დორტმუნდში დაბადებული და გაზრდილი გროსკროიტცი „ბორუსიაში“ 2009 წელს, მეორე ბუნდესლიგურ „ალენიდან“ გადავიდა. დღეს კევინი „ბორუსიას“ ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა. „ბილდის“ ინფორმაციით, გროსკროიტცის ხელფასი ორჯერ გაიზარდა - თუ აქამდე წელიწადში 600 000 ევროს იღებდა, ამიერიდან 1.2 მილიონს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში დორტმუნდთან კონტრაქტი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც გაახანგრძლივა (ასევე 2014 წლამდე). „ბორუსიას“ შეფებს ამ სეზონში ახალი კონტრაქტების გაფორმება მარსელ შმელცერთან, მეკარე რომან ვაიდენფელერთან და მცველ პატრიკ ოვომოიელასთან აქვთ დაგეგმილი.

უგო და მარიკა დასაჯეს

„შტუტგარტის“ რუმინელ თავდამსხმელ ჩიპრიან მარიკას მსაჯის შეურაცხყოფა ძალიან ძვირად დაუჯდა. გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო კომისიამ მას 50 000 ევროს გადახდა დააკისრა და თან სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონატის პირველი წრე მარიკასთვის უკვე დასრულებულია. რაც შეეხება დანაშაულს: მარიკა „ჰამბურგთან“ მატჩის მე-15 წუთზე გააძევეს, რადგან მთავარ არბიტრ ვოლფგანგ შტარკს „არშლოხი“ უწოდა. ვფიქრობთ, ეს სიტყვა თარგმანს არ საჭიროებს.

აქვე გეტყვით, რომ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო „ვერდერის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა უგო ალმეიდამაც, რომელიც ბუნდესლიგის გასულ თურში ასევე გააწითლეს, ოღონდ არა მსაჯის შეურაცხყოფის, არამედ მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან არასპორტული მოპყრობისთვის. მარიკასგან განსხვავებით, ალმეიდასთვის ფულადი ჯარიმა არ დაუკისრებიათ.

ფინკე იაპონიიდან იბარგება

ცნობილი გერმანელი მწვრთნელის, ფოლკერ ფინკეს იაპონური კარიერა მთავრდება. გუშინ გავრცელებული და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 62 წლის სპეციალისტი იაპონურ კლუბ „ურავა რედ დაიმონდსთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, მოქმედ ხელშეკრულებას კი ვადა წლის ბოლოს, ერთ თვეში გასდის და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ფინკე ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ იაპონიიდან წავა. „იაპონიაში დიდი და ძალიან საჭირო გამოცდილება მივიღე, ახლა კი დროა, რომ სამშობლოში დავბრუნდე,“ - უთხრა ფინკემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს. შეგახსენებთ, რომ სანამ იაპონიაში წავიდოდა, ფოლკერი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის კანდიდატიც იყო.

ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი "ლეიკერსთან" - კანადელები დამარცხდნენ
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
[VIDEO] დრამატული ფინალი, რომელიც კარგა ხანს გვემახსოვრება - აფრიკის ერთა თასი სენეგალმა მოიგო!
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"