გასულ უქმეებზე ტიუმენში ბერძენ-რომაელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეჯიბრება - "ივან პოდუბნის სახელობის "დიდი პრიზის" ტურნირი დასრულდა
გასულ უქმეებზე ტიუმენში დასრულდა ბერძენ-რომაელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეჯიბრება - "ივან პოდუბნის სახელობის "დიდი პრიზის" ტურნირი.

მასში ჩვენი ფალავნები არ გამოდიოდნენ, არადა, კარგი კი იქნებოდა, ასეთ წონად შეჯიბრებაში მოესინჯათ ძალები.

სამაგიეროდ, დიდი ალბათობით გაირკვა მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების - რუსეთის გუნდის შემადგენლობა, ანუ ჩვენებურთა სავარაუდო მეტოქეები 1-6 აპრილს ფინურ ვანტააში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე.

იქაურებისთვის ხომ ეს ტურნირი საევროპოდ შესარჩევია და ახლა რუსთა ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა გოგი კოღუაშვილმაც დაადასტურა, რომ იქ წასვლის უპირველესი კანდიდატები პოდუბნის ჩემპიონები არიან, თუმცა ისიც დასძინა, რომ მათაც და სხვა მედალოსნებსაც კიდევ გამოსცდის რამდენიმე შეჯიბრებაში.

ეს მემორიალი ახალ წონით კატეგორიებში ჩატარდა და კიდევ ერთხელ გაგვაოცა ალექსეი მიშინმა (85) - სრულიად მორდოვიის სპორტული სიამაყე 35 წლის ასაკშიც კი ბეჭდაუდებელი და შეუდარებელია.

მან მთელი ტურნირი ერთი ამოსუნთქვით გაიარა და ფინალში აზამატ ბიკბაევიც იოლად დაამარცხა.

უკვე შარშანვე ვრცელდებოდა ხმები, რომ ასაკის გამო მწვრთნელები მის ჩამოწერას აპირებდნენ, მაგრამ ევროპის 6-გზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი არც ასაკს ეპუება და არც - მეტოქეებს.

გოგი კოღუაშვილი უკვე ალაპარაკდა ანატოლი როშჩინის რეკორდზე, რომელიც 40 წლისა გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა მიშინი რიო დე ჟანეიროს თამაშებზე 37 წლისა იქნება...

კოღუაშვილმა ისიც დასძინა, რომ რაკი ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი ალან ხუგაევი იმ წარმატების შემდეგ, პრაქტიკულად, აღარ ჭიდაობს, სხვები მორდოვიელს კონკურენციას ვეღარ უწევენო და მიშინს ჯანმრთელობა უსურვა.

ახლა კიდევ უფრო დასანანი ჩანს, შარშან, თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვლადიმერ გეგეშიძემ გამოუცდელობით მასთან მოგების ისეთი რეალური შანსი რომ გაფლანგა...

ვნახოთ, წლეულს ვინ დაუპირისპირდება მიშინს ჩვენგან ფინეთში - საქართველოს ჩემპიონატი რობერტ კობლიაშვილმა მოიგო, ვინც ფინალში სწორედ გეგეშიძე დაამარცხა.

კობლიაშვილმა უკვე დაასრულა ახალგაზრდებში გადმოსვლა და ეროვნული ნაკრების სრულუფლებიანი წევრია.

პოდუბნის მემორიალის მთავარ მოულოდნელობად ორი ზეტიტულოვანი ფალავნის, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონთა - ისლამ-ბეკ ალბიევისა (66) და რომან ვლასოვის (75) მარცხი უნდა მივიჩნიოთ.

ინგუშეთში მოვარჯიშე 26 წლის ჩეჩენი ალბიევი ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა ეტყობა, მისი საუკეთესო წლები უკან დარჩა, რამეთუ ზედა წონაში ვეღარაა ისეთი შეუჩერებელი, როგორიც 60-ში იყო.

ფინალში ადამ კურაკმა, რომ იტყვიან, ხელი არ გაანძრევინა და 7:0 მოუგო. კურაკმა თითქმის ყველაფერი გაუკეთა, რაც მოინდომა, განსაკუთრებით ეფექტური კი ჩოქბჯენიდან ატაცებულზე გაკეთებული პირველი გდება იყო.

აშკარაა, ჩავარდნა აქვს ვლასოვსაც. არადა, 23 წლის ათლეტი ჯერ კიდევ შარშან თითქოს შეუჩერებელი ჩანდა, ახლა კი, ცხადია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კორეელ ჰიეონ-ვოო კიმს მასთან შემთხვევით არ მოუგია იმ ბრწყინვალე გდებით.

ისე, მაინც რა დაახეთქა კორეელმა ასეთი, რომ ვლასოვი დღემდე ვერ მოეგო გონს! ფინალში ის ფართო წრეებისთვის აქამდე უცნობ პეტერბურგელ ალექსანდრ ჩეხირკინთან დამარცხდა, რომელმაც ამით რევანშიც აუღო პოდუბნის შარშანდელ ფინალში წაგებისთვის.

ციდან ვარსკვლავები არც ნევისპირელს ჩამოუკრეფია - წრიდან გაყვანით მოიპოვა ერთადერთი ქულა და ანგარიშს მთელი პერიოდნახევარი წარმატებით ინარჩუნებდა, მაგრამ ვერც ვლასოვმა შეძლო გარდატეხის შეტანა, ძალზე უსუსურად გამოიყურებოდა... აშკარაა, მის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა ჯარში გაწვევამ. ის სამხედრო სამსახურს მშობლიურ ნოვოსიბირსკში იხდის, სადაც სპეცრაზმში მსახურობს. ერთი შეხედვით, ფიზიკური დატვირთვები არ უნდა აკლდეს, ვარჯიშსაც აგრძელებს არმიულ კლუბში, თუმცა დატვირთვები მოსდის ზედმეტი თუ სხვა მიზეზია, ალბათ, პირადი მწვრთნელის, სახელოვან ალექსანდრ კარელინის აღმზრდელ ვიქტორ კუზნეცოვის ხელიც მოაკლდა...

სამწუხაროა, რომ ჩავარდნა ევროპის შარშანდელ ჩემპიონატამდე არ დაეწყო და მაშინ ჩვენს სპორტის სასახლეში ზურაბ დათუნაშვილთან საჭიდაოდ მართლაც უმაღლეს დონეზე მობილიზებული გავიდა.

წაგების მიუხედავად, კოღუაშვილს მაინც მიაჩნია, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ხოლო ვლასოვი თვითონაა საკუთარი თავის მთავარი მეტოქე. ის ვლასოვს უკვე ამზადებს ოლიმპიადისთვის, ხოლო ტიუმენში ასეთ ფინალს თურმე ელოდა, შანსებს კი 50:50-ზე აფასებდა.

მოკლედ, რევაზ ლაშხი (66) ადამ კურაკთან საჭიდაოდ უნდა მოემზადოს, ზურაბ დათუნაშვილი (75) – ჩეხირკინთან. თან მიგვაჩნია, რომ დათუნაშვილს ჩეხირკინთან მეტი შანსი აქვს, ვიდრე - ვლასოვთან.

ტიუმენში დამარცხდა შარშანდელი სეზონის კიდევ ერთი ტრიუმფატორი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნიკიტა მელნიკოვი (98) – ფინალში მას 20 წლის ინგუშმა, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მუსა ევლოევმა სძლია, რითაც რევანშიც აუღო შარშან ამავე ტურნირზე, ასევე ფინალში მარცხისთვის. სავარაუდოდ, ევროპირველობაზე ამ წონაში ჩვენც ახალი ფალავანი გვეყოლება - 20-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი ვასილ იმერლიშვილი, საქართველოს წლევანდელი გამარჯვებული.

კიდევ ერთი წონა, სადაც ევროპაზე მედლის მოპოვების რეალური შანსი შეიძლება გვქონდეს, 130 კილოგრამია - აქ ჩვენგან, სავარაუდოდ, ქვეყნის ჩემპიონი იაკობ ქაჯაია დადგება, კოღუაშვილს კი ნამდვილად არა ჰყავს ძლიერი ფალავნები.

ოსთა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ბაროევი მიდის სპორტიდან, თუმცა ბოლო წლებში ვერც ის აჩვენებდა შედეგებს, ხოლო სხვებზე არცაა ლაპარაკი. ამჯერად ტიუმენში, მასპინძელთა გასახარად, იქაურმა ვიტალი ილნიცკიმ გაიმარჯვა, ვინც ფინალში ვიტალი შჩური დაამარცხა.

59 კილოგრამში მსოფლიოსა და ევროპის შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა ივან კუილაკოვმა გაიმარჯვა, ვინც 60-დან ჩამოინაცვლა... სამწუხაროდ, ამ წონაში დიდ იმედებს ჯერ ვერავისზე ვამყარებთ და არც შევჩერდებით. შედარებით უკეთესი სასტარტო პოზიცია გვაქვს ახალდამატებულ ორ წონაში, სადაც პოდუბნის ჩემპიონები ჩინგიზ ლაბაზანოვი (71) და ბეკხან ოზდოევი (80) გახდნენ. ისინი ძველ წონებში აქამდე წარმატებებით არ გამოირჩეოდნენ და ძნელი სათქმელია, რას იზამენ ახლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში: უღიმღამოდ და ულიცენზიოდ [VIDEO]
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
ისევ უმედლოდ: ნაკრები ოლიმპიადისთვის მზად არაა!
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
"თავისუფალთა" ნაკრები მინსკში უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა
რუს მეტოქესთან ნაჩხუბარ ზურაბ დათუნაშვილს მხოლოდ პირობითი სასჯელით დასჯიან [VIDEO]
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრები მინსკში მესამე ადგილზე გავიდა