”რწმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მართლა მთელი გულით მჯერა, რომ ეს დაბრუნებას შევძლევ”

მართლაც საოცარი ფეხბურთელია ფილიპო ინძაგი - 37 წლის ასაკში ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, უმძიმესი ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულებაზე სიტყვის გაგონებაც არ სურს. პიპო "პალერმოსთან" პაექრობაში დაშავდა და მალევე დადგინდა, რომ სეზონის ბოლომდე მოედანს ვეღარც დაუბრუნდებოდა. უმალ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ინძაგი კარიერის დასრულების შესახებ გააკეთებდა განცხადებას, თუმცა რეალობა სრულიად სხვაგვარი აღმოჩნდა. ინძაგი არა თუ კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს, იმედი აქვს, რომ მოედანს სეზონის ბოლოს დაუბრუნდება და "მილანს" გადამწყვეტ პაექრობებში დაეხმარება. სწორედ ამ და სხვა არაერთ საინტერესო საკითხს შეეხო პიპო "გაძეტა დელო სპორტთან" საუბარში. ამასთან, იმის მტკიცებამ მოუწია, რომ კენწვლა შეუძლია. მოკლედ, მოვუსმინოთ ევროტურნირების საუკეთესო გოლეადორს.

სამომავლო გეგმები

ძალიან მძიმე ტრავმა მივიღე, თუმცა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და უკვე სარეაბილიტაციო კურსს შევუდექი. დიდ დროს ვატარებ "მილანელოზე" და ასე იქნება მთელი სეზონის განმავლობაში, რადგან გუნდთან ახლოს მსურს ყოფნა, აქ უფრო მალე გამოვჯანმრთელდები. როგორც მითხრეს, ამ სეზონში ფეხბურთის თამაშზე არც კი უნდა ვიფიქრო, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დაგეგმილზე გაცილებით უფრო ადრე ჩავდგები მწყობრში. ჩემი სურვილია, რომ სეზონის ბოლო, გადამწყვეტ პაექრობებში მოედანზე ვიყო და მჯერა, ასეც მოხდება. რწმენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მართლა მთელი გულით მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. თუმცა, თუ ასე არ მოხდა, არც ამისგან შევქმნი ტრაგედიას. მომდევნო სეზონისთვის მშვიდად მოვემზადები და აუცილებლად ვიტყვი ჩემ სიტყვას.

ბევრმა ჩათვალა, რომ დროა კარიერა დავასრულო, თუმცა ამის გაგონებაც კი არ მინდა. ჯერ კიდევ მინიმუმ ორი-სამი წელი მსურს აქტიურ სპორტში დარჩენა, შემდეგ კი ვნახოთ. უფრო სწორად, მანამ დავრჩები ფეხბურთში, სანამ "მილანში" ჩემი საჭიროება იქნება. მსურს კარიერა სწორედ აქ, ამ გუნდში დავასრულო, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ფეხბურთზე საკუთარი ნებით უარის თქმა არ შემიძლია, არ გამომდის - ეროვნულ ნაკრებში რომ გამომიძახონ, სიამოვნებით წავალ "კოვერჩიანოზე" და ჩემს შანსს დაველოდები. ასეთ მომენტში არც ახალგაზრდებისთვის გზის დათმობა მახსოვს, არც ჩემი ასაკი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა. უბრალოდ, ძალიან მინდა თამაში და ვითამაშებ მანამ, სანამ გუნდს დავჭირდები.

სამადლობელი

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ყველანაირად მხარში მიდგანან და მამხნევებენ. გავრცელდა თუ არა ცნობა იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლომდე ვეღარ ვითამაშებდი, უამრავი მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა იმ შინაარსით, რომ არც კი უნდა ვიფიქრო კარიერის დასრულებაზე... შემდეგ რა თქმა უნდა მომინახულეს და გამამხნევეს. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრი ადრეა. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს, რომელმაც ფაქსი გამომიგზავნა და ძალიან თბილი სიტყვებით გამამხნევა. ერთია, როდესაც მეგობარი გიდგას გვერდით და მეორე, სრულიად უცნობი ადამიანი. მოურინიოსთან არასდროს მიმუშავია, არც კი ვიცნობ, მაგრამ თავისი კეთილგანწყობა ამგვარად გამოხატა. არ შეიძლება, რომ "რომას" მთელ გუნდს არ გადავუხადო უდიდესი მადლობა. რომიდანაც მივიღე ფაქსი, სადაც სასიამოვნო სიტყვები ეწერა და მასზე "ჯალოროსის" მთელი შემადგენლობა აწერდა ხელს. კიდევ არაერთმა ადამიანმა გამოხატა მხარდაჭერა, მათი გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მადლობა ყველას, იმდენად დადებითად დავიმუხტე, რომ ტრავმას აუცილებლად დაგეგმილზე ადრე მოვიშუშებ.

დაბადებული ბომბარდირად

იყო ევროტურნირების საუკეთესო მეგოლე, შესანიშნავი განცდაა. გუნდური ინტერესი ყოველთვის პრიორიტეტული იყო ჩემთვის, მაგრამ ვერც იმას მოვიტყუები, რომ პირადი წარმატება არ მახარებს. დღემდე ისეა, რომ თითოეული გოლი, რომელიც გამაქვს, უზომოდ მაბედნიერებს. თანაც, არ აქვს მნიშვნელობა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ პაექრობაში გავიტან თუ ამხანაგურ შეხვედრაში. იმ მომენტში თითქოს გონება მეკეტება და საით გავრბივარ, მე თვითონ არ ვიცი. ბევრისგან მსმენია, რომ თამაშის განსაკუთრებული მანერა მაქვს. ამას წინათ, ერთმა ჩემმა მეგობარმა მთხოვა, რომ ათჯერ ამეკენწლა. ზოგს ჰგონია, რომ ასეთ იოლ ამოცანასაც კი ვერ შევასრულებ, რადგან ბურთის ფლობასთან ცოტა მწყრალად ვარ. ძალიან გაკვირვებული იყო, როდესაც ათჯერაც ავკენწლე და კიდევ ხუთი იმდენი მივუმატე. ბურთს ისე ვერ ვეპყრობი, როგორც რონალდინიო, ან რობინიო, მაგრამ კენწვლა, რა თქმა უნდა შემიძლია. ისე, სასაცილოა, როდესაც ევროტურნირების საუკეთესო გოლეადორს იმის მტკიცება უწევს, რომ კენწვლა შეუძლია.

კარიერის დასრულების შემდეგ

ფეხბურთელთა უმეტესობას მწვრთნელობა სურს, თუმცა პირარდად მე, მწვრთნელის ამპლუაში თავი ვერ წარმომიდგენია. სიმართლე გითხრათ, კარიერის განმავლობაში საკმარისი თანხა დავაგროვე და შემიძლია აღარც ვიმუშავო. მით უმეტეს, არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებსაც კომფორტული ცხოვრებისთვის ძალიან დიდი თანხები და ფუფუნება სჭირდებათ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, უქმად დიდ ხანს ვერ გავჩერდები და ისევ ფეხბურთში, რაიმე საქმიანობას მივყოფ ხელს. დიდი სიამოვნებით გავუზიარებდი ჩემს გამოცდილებას ახალგაზრდა ფეხბურთელებს, განსაკუთრებით კი თავდამსხმელებს, რომლებსაც ბევრი წვრილმანი დეტალი შემიძლია ვასწავლო და ნიუანსებში გავარკვიო. ვნახოთ, ჯერ არ მაქვს ზუსტი წარმოდგენა რა შეიძლება ვაკეთო, ალბათ იმიტომ რომ კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ.

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა