კობა ჟორჟიკაშვილი: "ბოლომდე კმაყოფილი ვიქნებოდი, ბოლო კალათიდან საფრანგეთი რომ არ ამოსულიყო"

გუშინ უეფას შტაბბინაში გამართულმა წილისყრამ ის გუნდები გამოავლინა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები იქნებიან. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ნორვეგიის, ბელარუსისა და საფრანგეთის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებს.

შეგახსენებთ, წილისყრისას ჩვენი ნაკრები მეორე კალათაში იყო განთესილი. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნორვეგია პირველი კალათიდან გვერგო, ბელარუსი - მესამედან, საფრანგეთი კი ბოლოდან. სახელების მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, ბოლო კალათიდან უძლიერესი მეტოქე შეგვხვდა, სამაგიეროდ, გაგვიმართლა პირველმა კალათამ - ნორვეგიის ნაცვლად იქიდან შესაძლოა, იტალია, პორტუგალია, გერმანია ან ესპანეთი შეგხვედროდა. იღბალმა ჩვენი მხარე დაიჭირა მეორე კალათაშიც - ბელარუსთან და სხვებთან ერთად საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქეები ჰოლანდია და შვეიცარია იყვნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ნიონში მსაჯთა და დამკვირვებელთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ფანიაშვილი წარმოადგენს. მისგან შევიტყვეთ, რომ მომავალ გაზაფხულზე ჩვენი ჯგუფის მატჩებს საფრანგეთი უმასპინძლებს. მალე გაირკვევა, შეხვედრები ნანტში ჩატარდება თუ ბორდოში. შეგახსენებთ, იმის გამო, რომ პირველ ეტაპს თბილისში ვუმასპინძლეთ, ელიტრაუნდის საქართველოში გამართვა პრაქტიკულად გამორიცხული იყო, ნორვეგიელებმა და ბელარუსებმა კი მასპინძლობაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ მათთან ადრეულ გაზაფულზე არასახარბიელო კლიმატური პირობებია. თანაც, ბელარუსმა ჩვენსავით უკვე უმასპინძლეს პირველ ეტაპს.

მოკლედ, ასეთია ჩვენი ჯგუფი და იმის მიუხედავად, რომ მეტოქედ ერთი სახელიანი გუნდი მაინც არ აგვცდა, წილისყრის შედეგები საერთო ჯამში მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ. ამავე აზრისაა ჩვენი ნაკრების თავკაცი კობა ჟორჟიკაშვილიც: "ბოლომდე კმაყოფილი მაშინ ვიქნებოდი, ბოლო კალათიდან მაინცდამაინც საფრანგეთი რომ არ ამოსულიყო, მაგრამ არა უშავს, ინგლისთან ჩატარებულმა მატჩმა დაგვარწმუნა, რომ ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. ამ ასაკში სახელებს ისედაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი სხვებთან ერთად ჩვენც გვაქვს და მის გამოყენებას ბოლომდე შევეცდებით".

ახლა ორიოდე სიტყვა მეტოქეებზე ვთქვათ და გადავხედოთ იმ გზას, რომელიც მათ ელიტრაუნდამდე გამოიარეს. ნორვეგიამ პირველი ეტაპის მატჩები მალტაში ჩაატარა და ჯგუფი ქულათა მაქსიმუმითა და მშრალად შენახული კარით მოიგო. პირველ ტურში ოივინდ ნილსენის გუნდმა ალბანეთს 2:0 მოუგო, მეორეში მასპინძელი მალტა 3:0 გაანადგურა, ბოლოს კი ირლანდიას 1:0 სძლია. ნორვეგიელთა მიერ გატანილი 6 გოლიდან 2 ალბანური წარმოშობის ვეტონ ბერიშას ანგარიშზეა.

ბელარუსი ერთადერთი გუნდია ჩვენს ჯგუფში, ვისთანაც საქართველოს ნაკრებს უთამაშია და ამ შეხვედრასთან სასიამოვნო მოგონებებიც აკავშირებს - პალანგის საერთაშორისო ტურნირზე ჟორჟიკაშვილის ბიჭებმა ბელარუსები 5:1 გაანადგურეს. ვალენტინ მიხაილოვის გუნდმა პირველ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა, თუმც თავი შედეგიანობით გამოიჩინა. პირველ მატჩში ბელარუსებმა ლიხტენშტაინი 12:0 შეარცხვინეს, შემდეგ ყაზახეთსაც შავი დღე აყარეს (6:2) და ბოლოს რუმინეთთან 0:2 დათმეს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი პაველ სავიცკი გახდა, რომელმაც ლიხტენშტაინთანაც და ყაზახეთთანაც ოთხ-ოთხი ბურთი გაიტანა.

მიზეზი, რის გამოც საფრანგეთს ბოლო კალათაში მიუჩინეს ადგილი, ისაა, რომ ჭაბუკი "სამფეროვნები" ელიტრაუნდში რის ვაივაგლახით გავიდნენ. პატრიკ გონფალონის ბიჭებმა კვიპროსზე გამართულ ტურნირში ჯერ სლოვენიას მოუგეს 1:0, მერე მასპინძლებთან 1:1-ს დასჯერდნენ და ბოლოს იტალიასთან 1:2 წააგეს. აღსანიშნავია, რომ სამივე ფრანგული გოლის ავტორი აბდალა იასიენია.

აქვე ელიტრაუნდის ყველა ჯგუფის შემადგენლობას გადავავლოთ თვალი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საფრანგეთის ფაქტორის მიუხედავად, წილისყრის შედეგებით უკმაყოფილონი მართლაც არ უნდა ვიყოთ.

I ჯგუფი: იტალია, სლოვაკეთი, შოტლანდია, ჩეხეთი.

II ჯგუფი: პორტუგალია, ჰოლანდია, ხორვატია, ავსტრია.

III ჯგუფი: დანია, საბერძნეთი, ირლანდია, ლატვია.

IV ჯგუფი: გერმანია, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა.

V ჯგუფი: ესპანეთი, ინგლისი, ბელგია, ჩრდილოეთYირლანდია.

VI ჯგუფი: ნორვეგია, საქართველო, ბელარუსი, საფრანგეთი.

VII ჯგუფი: რუმინეთი, უნგრეთი, ისლანდია, რუსეთი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მომავალი წლის მაისში სერბეთი უმასპინძლებს და იქ თამაშის უფლებას მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ.

გრანდები აგვცდნენ

შვედეთი, ბულგარეთი, მოლდოვა - ეს გუნდები იქნებიან საქართველოს მომავალი 17-წლამდელების მეტოქეები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ამ ნაკრებების წინააღმდეგ მომავალი წლის შემოდგომაზე ვითამაშებთ და 17-წლამდელთა ახალი ფორმაციის ნაკრების თავკაცი ვასილ მაისურაძე იქნება.

აქ წილისყრის ორგანიზატორებმა სულ ორი კალათა შეადგინეს, საიდანაც ჯგუფებში ორ-ორი გუნდი მოხვდა. საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩვენი ჯგუფი ზედა კალათიდან შვედეთმა, ქვედადან კი ბულგარეთმა და მოლდოვამ დააკომპლექტეს. ერთი შეხედვით, წილისყრამ აქაც ჩვენთვის სასიკეთოდ ჩაიარა.

ამ დროისთვის ჯერ არ გარკვეულა, ვინ უმასპინძლებს ჩვენს ჯგუფს. ნიონში მოლაპარაკებები გრძელდება და შესაძლოა, ამ თემაზე სიახლე დღეისთვის გახდეს ცნობილი.

პირველ ეტაპზე სულ 13 ოთხგუნდა ჯგუფია, საქართველოს ნაკრები მე-8 ჯგუფში მოხვდა. ელიტრაუნდში თამაშის უფლებას თითოეული კვარტეტიდან ორი გუნდი მოიპოვებს, შემდეგ ეტაპზე გავა ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
19-წლამდელთა წილისყრა ნიონში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა